ფონდი "კონსტანტა'' მზად არის მნიშვნლოვანი ფინანსური რესურსი მოახმაროს სიღარიბისა და ჭარბვალიანობის დაძლევას

14:16 11-20-2018
550

"პრაიმტაიმის'' პრესკლუბში ფონდი "კონსტანტას" ადვოკატებმა კახა კოჟორიძემ და ირაკლი კორძახიამ ჭარბვალიანობის და სიღარიბის საწინააღმდეგო ინიციატივასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართეს.

ადვოკატების განცხადებით, ფონდი ითხოვს სამართლიანად გადაწყდეს დავა, რომელიც უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს და მოხდეს 2011 წელს უკანონოდ წართმეული 12 მილიონი ლარის დაბრუნება.

"ფონდი ,,კონსტანტა'' მზად არის მნიშვნლოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსი მოახმაროს სიღარიბისა და ჭარბვალიანობის დაძლევას, რაც ნამდვილად არის ჩვენი საზოგადოების მუდმივი გამოწვევა და სახელმწიფოს ამ პრობლემასთან ბრძოლაში ღირებული დახმარება გაუწიოს. ამისათვის ფონდი ითხოვს ერთადერთ რამეს, სამართლიანად გადაწყდეს დავა, რომელიც უკვე მეხუთე წელია რაც სასამართლოში გრძელდება. ამ დავაში ფონდი ითხოვს 2011 წელს პროკურატურის თანამშრომელთა დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად ერთ დღე-ღამეში იძულებით წართმეული 12 მილიონი ლარის დაბრუნებას", - განაცხადა კახა კოჟორიძემ

მათი განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და დაუბრუნოს ფონდს წართმეული ქონება. სანაცვლოდ კი ფონდი ,,კონსტანტა'' მზად არის რამოდენიმე მილიონი წარმართოს ჭარბვალიანობისა და სიღარიბის დასაძლევად.