საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ფინანსური დავალიანება გაუნულდება - პრემიერი

11:28 11-19-2018
277

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.

პრემიერის განცხადებით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. ვალების განულების პროცესი კი ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

„მადლობა ფონდ „ქართუს“. რომ არა ფონდის მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა. მინდა განვუმარტო საზოგადოებას – ე.წ.შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს დავალიანება უნოლდება ჩვენს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედიან სოციალურ დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. მიმდინარეობს  მუშაობა მოვალეთა რეესტის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.