სომხეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ "თბილისკი" დააკავეს

18:02 11-08-2018
215

სომხეთის პოლიციამ დააკავა "კანონიერი ქურდი" მერაბ კალაშოვი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში მერაბ "თბილისკის" სახელით იცნობენ.

43 წლის კალაშოვი წარმოშობით საქართველოდან არის, თუმცა ის 2015 წლიდან საფრანგეთის მიერ იძებნებოდა. ფრანგი სამართალდამცავები მას დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. მას ამ დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი.

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე შეატყობინა ინტერპოლს საერთაშორისო ძებნილის აღმოჩენისა და დაკავების შესახებ.