„გუდვილის“ დამფუძნებელი - რთულია ფიქრიც კი, რომ შესაძლებელია წარსულში დაბრუნების რისკის დაშვება, ეს ბიზნესისა და საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნება

17:15 11-08-2018
3052

რთულია ფიქრიც კი, რომ შესაძლებელია წარსულში დაბრუნების რისკის დაშვება, ეს ბიზნესისა და საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნება - ამის შესახებ კომპანია "გუდვილის" დამფუძნებლის გოგი შევარდნაძის განცხადებაშია ნათქვამი. კომპანიის დამფუძნებელი საქართველოში 2010 წლამდე არსებულ ბიზნესგარემოსა და ამჟამინდელ ბიზნესგარემოზე საუბრობს. 

,,საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიები აჩვენებს, რომ დღეს ქვეყანა კიდევ ერთხელ დგას გზაგასაყარზე. ბუნებრივია, შექმნილი ვითარება პირდაპირ აისახება ბიზნესზე, მისი განვითარების პერსპექტივაზე. ამიტომ, თავს ვალდებულად  ვთვლი, საკუთარი პოზიციის თაობაზე საჯაროდ განვაცხადო.

„გუდვილი“, პირველი ქართული ჰიპერმარკეტი, ის კომპანიაა, რომელსაც 2000-ზე მეტი ადამიანი ყავდა დასაქმებული და  მწარედ ახსოვს 2004-2012 წლებში საქართველოში არსებული ბიზნესგარემო მთელი თავისი ნეგატიური შედეგებით. ბიზნესისა და მთავრობის მაშინდელი ხედვები რადიკალურად იყო ერთმანეთს აცილებული და ანგრევდა ბიზნესს. ყველა ის მანკიერება, რაც მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულებაში არსებობდა, პირდაპირ და სრულად აისახა „გუდვილზე“…

შეუძლებლად მიმაჩნია, ბიზნესმა დაივიწყოს ის შვება, რაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლამ  და შესაბამისად მიდგომების შეცვლამ გამოიწვია. რომ არა მაშინდელი, ისტორიული ცვლილებები, რომლის შემოქმედიც საქართველოს ხალხია, ძნელი სათქმელია, სადამდე გაუძლებდა ბიზნესი და საკუთრივ „გუდვილი“ თავს დამტყდარ წნეხს და ტერორს.

სწორედ სამართლიანი და სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებამ მოგვცა საშუალება, რომ კომპანია წინა წლებში ხელოვნურად თავსმოხვეული პრობლემებიდან გამოსვლის გზაზე დაგვეყენებინა და სადღეისოდ მოგვეხერხებინა არა მარტო ფინანსური სირთულეების დაძლევა და ვალდებულებებთანგამკლავება, არამედ განვითარება და ამით ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნება. „გუდვილმა“ შექმნა საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ უნდა დაძლიოს დიდი კრიზისი ბიზნესმა.

რთულია იმაზე ფიქრიც კი, რომ შესაძლებელია წარსულში დაბრუნების რისკის დაშვება. ეს ბიზნესისთვის, შესაბამისად საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნება და დაშვებული შეცდომის გასწორებას შესაძლოა, ბევრი ათწლეულიც არ ეყოს.

მე, როგორც საკმაოდ ბევრ ჭირ-ვარამ გამოვლილი ბიზნესმენი, რომელმაც თავზე იწვნია უსამართლო სახელმწიფო მანქანის დაწოლის მთელი სიმძიმე, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს საზოგადოება მისთვის შესაფერი ღირსებით და გადაწყვეტილებით, ამჯერადაც სწორად განსაზღვრავს მთავარს და არამთავარს და მიიღებს იმ ერთადერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ ისტორიულ ეტაპზე საზოგადოების და ქვეყნის განვითარებას სჭირდება.

იმედს გამოვთქვამ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებასთან ერთად დასრულდება ვნებათაღელვა , ხელოვნურად შექმნილი არასტაბილურობის განცდა და ყველა ერთად თავიდან ავიცილებთ საზოგადოების პოლარიზებას. ხელისუფლებასაც და ბიზნესსაც მიეცემა საშუალება იზრუნოს მხოლოდ განვითარებაზე”, – ნათქვამია გოგი შევარდნაძის განცხადებაში.