უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, ლარის დევალვაციას ხელი შეუწყო - მამუკა ბახტაძე

14:39 11-08-2018
23

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომიკაში იმისთვის, რომ ლარის დევალვაცია ხდება, შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ამ ყველაფერს ხელი შეუწყო.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტება არის საკმაოდ შინაარსიანი და ის ობიექტურ რეალობას ეყრდნობა. არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომიკაში იმისთვის, რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას, შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ამ ყველაფერს ხელი შეუწო. ჩვენთვის მთავარი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი: ეს არის პირველ რიგში ინფლაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი ჩვენთვის და მეორე არის დედოლარიზაციის სტრატეგია, ანუ ლარიზაცია. ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე კურსის ცვლილება. ჩვენ გვერგო ეს მემკვიდრეობით, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე. დავიწყეთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და იცით, რომ ლარიზაცია გაზრდილია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ჩვენს ეკონომიკაში იყოს ლარიზაციის მაღალი დონე და ის რისკები, რომელიც მომდინარეობს დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, იყოს დაბალანსებული“,- განაცხადა ბახტაძემ.