ენმ-ს ბრალდებას, რომ სამეგრელოს ფერმერებს ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებენ, "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ

12:55 11-08-2018
267

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის  „ძალა ერთობაშიას“  შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე აცხადებს, რომ გუშინ შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე  მოწერელიამ დირექტივები გასცეს მეთხილე ფერმერებზე.

მისი თქმით, ფერმერთა ნაწილი შტაბს დაუკავშირდა და მათ განუცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ თუ არჩევნების მეორე ტურში ისინი და მათი თანამშრომლები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არ მისცემენ ხმას, ფინანსური პოლიცია მათი საქმიანობის შესწავლას დაიწყებს. 

ანა წითლიძის თქმით, იმ ფერმერების მონაცემებს შტაბი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის. 

"როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ მოფერების კამპანია სამეგრელოში დაიწყო,რასაც მოწმობს ის ზეწოლა ფერმერებზე, რასაც ისინი ახორციელებენ. მე მოვუწოდებ მოწერელიას, შეეშვას ამ ბინძურ საქმიანობას, რადგან ის მეწარმეები ჩვენთან მოდიან და გვიყვებიან ამის შესახებ და ისინი ნამდვილად არ არიან აღფრთოვანებული თქვენი დავალებებით.ასევე მე მოვუწოდებ ყველა საწარმოს თანამშრომლებს, რომ თქვენი უფლება არის კონსტიტუციით დაცული და არის კონფიდენციალური და არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს თქვენს არჩევანში", - განაცხადა ანა წითლიძემ „პრაიმტაიმთან“.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ბრალდებებს. განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა, რასაც ნებისმიერი ქარხნის თანამშრომელი დაადასტურებს.

7 ნოემბერს თითქმის მთელი დღის განმავლობაში შსს მინისტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, შეხვედრებს მართავდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შუალედში გუბერნატორმა ჟურნალისტებთან კომენტარი ფოიეში გააკეთა,სადაც აღნიშნა რომ შსს მინისტრთან და მეთხილე ფერმერებთან თხილის გადარჩენის გზებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში 4 ნოემბერსაც იმყოფებოდა.

 

 

თეა შონია