„გაუფრთხილდი შენს უბანს“ კამპანიის ფარგლებში, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში მარადმწვანე ხეები დაირგო

16:18 11-07-2018
19

ისნის რაიონის გამგეობა კამპანიას - „გაუფრთხილდი შენს უბანს“ განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. ნავთლუღში, არტურ ლაისტის ქუჩაზე N3, N5, N7 და N9 კორპუსების მიმდებარედ, 4 200 კვ.მ ფართობზე 75 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო.

აქციაში მონაწილეობა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რისთვისაც ჩვენს მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, გამწვანების მორიგი აქცია ჩავატარეთ. ამჯერად, არტურ ლაისტის სკვერში ადგილობრივ  მოსახლეობასთან ერთად, მარადმწვანე ხეები დავრგეთ. მოვუწოდებთ მათ, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოზე. ამ მიმართულებით, სამომავლოდ, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას გავმართავთ, რათა მოსახლეობაში, საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვის სურვილი გავაჩინოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობა გამწვანებული ტერიტორიის კეთილმოწყობასაც გეგმავს. კერძოდ, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში სპორტული მოედანი მოეწყობა, დაიდგმება საბაღე სკამები და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

„გაუფრთხილდი შენს უბანს“ მიზანი რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა.

კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება.