HELLADOS - ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები ახმეტელის თეატრში გაცოცხლდა - exclusive

15:21 11-07-2018
413

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. აზერბაიჯანელმა რეჟისორმა- განჯის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირადა გოზალოვამ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები HELLADOS ახმეტელის თეატრის მსახიობებთან ერთად დადგა.

ნოდარ დუმბაძის ეს ნაწარმოები ნამდვილი ამბის მიხედვით შეიქმნა.

„სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული. ნაფოტივით თხელსა და ბეჭებგანიერს სწორი, ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი თვალები და მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. რომ იდგა, მუხლებამდე წვდებოდა უზარმაზარი ტორები. თოთხმეტი წლისა იყო. თავის ტოლ უბნის ბიჭებს შიშის ზარს სცემდა. საოცარი ჩხუბი იცოდა, ორ-სამ ბიჭს ერთად გაასილაქებდა, ხელს არ გაანძრევინებდა. კატასავით სწრაფი იყო, კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი. ზამთარ-ზაფხულ სატინის შავი ხალათით დადიოდა, მკერდგაღეღილი.

ვენეციის გზატკეცილზე ცხოვრობდა, მდინარე ჩალბაშის პირას, მამამისთან ერთად. დედა ისე პატარას გარდაცვლოდა, არც კი ახსოვდა. მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, ხელისგულისოდენა ბოსტნით. ერთი ძროხა ჰყავდათ, ერთიც ნაცრისფერი ჩოკინა. რძეს, მაწონს და მწვანილს ჰყიდდნენ მეზობლებში და სოხუმის ბაზარში, იანგული არსად არ სწავლობდა, მამამისს ეხმარებოდა მეურნეობაში და ხანდახან ვირსაც დაჰყვებოდა სავაჭროდ. დანაარჩენი დრო ქუჩაში იყო გადებული. რკინიგზის გადასასვლელთა იდგა ხოლმე, სკოლიდან დაბრუნებულ ბიჭებს ჯიბეებს უჩხრეკდა, ზოგს ძალით, ზოგს ნებით, თუთუნს, ხურდა ფულს, ბრჭყვიალა ნივთებს, ჯაჭვებს, ფერად ფანქრებს, კალმისტრებს ართმევდა, მეორე დღეს იმავე ნივთებს იმავე ბიჭებთან შეღავათიან ფასებში ჰყიდდა. მერე თავიანთსავე ფულზე ეთამაშებოდა, უგებდა, ჯიბეებგატენილი ბრუნდებოდა შინ...“

იანგული ახმეტელის თეატრის სცენაზე მსახიობმა ანდრია გველესიანმა გააცოცხლა. „ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო, სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ - ეუბნება იანგული უკვე დამეგობრებულ ჯემალს.

ანდრია გველესიანი (იანგული):

- ერთ თვეში შეიფუთა და გამოვიდა სპექტაკლი სააშკარაოზე. ირადას დამსახურებაა ის, რომ ასე სწაფად გამოვიდა პრემიერა. ძალიან რთულია არაქართველმა დადგას სპექტაკლი, რომელიც ყველა ქართველისთვის საგანძურია. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, - იანგულის, პატარა ვიყავი როცა ეს ნაწარმოები წავიკითხე დაძალიან შემიყვარდა იანგული. ახლა როცა სპექტაკლი ვითამაშე, ამოტივტივდა ის სიყვარული. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ეს სპექტაკლი მივუძღვენი იმ ბიჭს, რომელიც წლების წინ შემიყვარდა. ძალიან დიდი სიმდიდრეა მეგობრობა და ის  სიყვარულის ხაზი, რაზეც არის აქცენტები სპექტაკლში. დიდი მადლობა რეჟისორს რომ სოხუმის, სამშობლოს თემა კიდევ ერთხელ წამოწია.

გიორგი ცხადაძე (ჯემალი):

- ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი და საინტერესო ისტორიაა. აქ არის თვითდამკვიდრების პრობლემები, რომელიც უფრო გლობალურ ჭრილშიც შეგვიძლია დავინახოთ. ყველა კონფლიქტში შეიძლება კონსესუსის მიღწევა, ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეს შეუძლია საერთო ენის გამონახვა. ამის ნათელი მაგალითია ჯემალისა და იანგულის ისტორია. როგორც კი გამონახეს საერთო ენა, მაშინვე საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მოქმედება ხდება სოხუმში, ჩვენთვის ყველასათვის ახლობელ დასაყვარელ ქალაქში.

დემო კალანდაძე (კოკა):

- ნოდარ დუმბაძესთან შეხება ჩემთვის პატივი იყო მართლაც. მსუბუქი, იუმორნარევი ენითშუძლია ისეთიტრაგედია გიამბოს... აქ იყო მონატრება სამშობლოს, მეგობრების მიმართ. მე შევეცადეგადმომეცაის რასაცგანიცდის 12-13 წლის ბიჭითავის დამკვიდრებისას ქუჩაში, უბანში,მეგობრებში. შევეცადე ვყოფილიყავი უბრალო. ბავშვი ყველაზედიდი შემოქმედია. რამდენად გამომივიდა, ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს.

HELLADOS  კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რასაც ნოდარ დუმბაძე თავის შემოქმედებაში ეხმიანება. სპექტაკლის მხატვარი - მირზე მეჰდი , ქორეოგრაფი - გიორგი რაზმაძე. სპექტაკლში გამოყენებულია გოგი ჩლაიძის მუსიკა.

მონაწილეობენ: გიორგი ცხადაძე, ანდრია გველესიანი, ნუგზარ ყურაშვილი,

მზია ტალიაშვილი, თამარ ჟორდანია, თამარ ბეჟუაშვილი, ნინო ციმაკურიძე, მაიკო ვაწაძე, დემო კალანდაძე, მალხაზ მიქავა.

 

 

ფოტოების ავტორი: გიორგი ძიძკაშვილი



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი