ზაზა სარალიძის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო

16:37 11-06-2018
46

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ზაზა სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესის 50 დღით გადადება ითხოვა, რასაც ზაზა სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძეც დაეთანხმა. ადვოკატის თქმით, ეს დრო დაცვის მხარესაც სჭირდება, რათა მომზადება შეძლოს. ლონდარიძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე არამცთუ ამ საქმეში, არამედ, პიროვნულადაც უდანაშაულოა.

სასამართლომ გაიზიარა ორივე მხარის მოთხოვნა და მორიგი სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს 13:00-ზე ჩანიშნა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 26 ოქტომბერს დააკავეს პარლამენტთან, სადაც ის შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით, 10 სექტემბრიდან მშვიდობიან აქციას მართავდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე წვიმის დროს, პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

მათიაშვილის თქმით, პოლიციელების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, სარალიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზაზა სარალიძე პოლიციელს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თვეების განმავლობაში პოლიცია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე თვალს ხუჭავდა, თუმცა იძულებული გახდა ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე სარალიძე დაეკავებინა.

28 ოქტომბერს, პროკურატურამ სარალიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სასამართღლო სხდომის გამართვამდე, საგამოძიებო ორგანომ ზაზა სარალიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიების გამოყენება საჭიროდ არ ჩათვალა.

 

 

 

ავტორი: მარი მშვენიერაძე