როდის ელოდება წუნკალი მეგობრების ზარს მარინა ბერიძე და რისთვის აკრიტიკებს საკუთარი და - Exclusive

13:23 11-05-2018
1261

5 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში „მხოლოდ ქართული“ უკვე მეორედ აიღებს სტარტს. ქართული სიმღერის გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელოდება პროექტის დაწყებას. რა სიახლეები იწყება მეგაშოუს მეორე სეზონზე, რა შეცდომები გაითვალისწინეს პროექტის ორგანიზატორებმა და რით იქნება გამორჩეული ეს სეზონი? უცნაურ კონკურსანტებზე, ჟიურის სხვა წევრებზე, პედაგოგებსა და ქასტინგების კულუარულ ამბებზე დღეს მარინა ბერიძე გვიამბობს.

– უპრეცედენტო საქმე გავაკეთეთ, ძალიან ეროვნული. პირველი სეზონი რომ დამთავრდა, მაშინ დავაფიქსირე, რომ სრულიად საქართველოამღერდა ქართულად. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანიც. აღარაფერს ვამბობ ჩვენს პროექტში გაჟღერებულ „იაგუნდზე“, რომელიც წლის კი არა, საუკუნის სიმღერა გახდა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მანანა სიამაშვილის ოჯახსმივუსამძიმრებ. რამდენიმე დღეა, რაც ამ სიმღერის სულის ჩამდგმელი გარდაიცვალა.ჩვენ თითქოს ძეგლი დავუდგით მანანას ამ სიმღერის გაცოცხლებით და რაც მთავარია, ვიპოვეთ სოფო ბათილაშვილი... წელს ძალიან საინტერესო ქასტინგი ჩავატარეთ.ამისთვის მადლობა ჩემს კოლეგებს სოფოს და გიორგის. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა შენსავით აზროვნებენ შენ გვერდით მყოფი ჟიურის წევრები. იქ იყო იუმორიც, კამათიც, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდებოდა სიყვარულით და დიდი პროფესიონალიზმით. მინდა გავახარო მაყურებელი და პირველმა ვუთხრა, რომ ბევრი ჩხუბის,კამათის, დავიდარაბის შემდეგ საუკეთესო ათეული უკვე შერჩეულია. ბევრად უფრო მკაცრები ვიყავით, ვიდრე წინა სეზონზე.

– აბა, მარინა ლოიალური გახდაო, ტყუილია?

– კი,ასეა, სად მჭახედ რომ იტყვი სათქმელს და სად მორბილებულად. ასაკს თავისი მოაქვს მაინც (იღიმება). ეს ქართული პროექტია, სიმშვიდე, პატივისცემა და სიყვარული სჭირდება.

– ჟიურის კინკლაობას ვერ ვნახავთ გადაცემაში?

– ნახავთ, რასაკვირველია. და აქაც ყველაზე აქტიური მე ვარ.

– ახლა მახსენდება ქასტინგების დროს, ერთ-ერთ ლაივში გიორგი უშიკიშვილი ჰყვებოდა, რომ სმენა დაუწუნეთ...

– გართობაც ხომ გვინდოდა. ხოდა, მე და სოფომ გადავწყვიტეთ, გიორგი, რომელიც არის საყვარელი, ბუნჩულა, სუპერპროფესიონალი, ზრდილი და ზუსტად ვიცოდით, რომ არ გვიპასუხებდა, დაგვებრიყვებინა (იცინის). მერე კახურად გვეჯუჯღუნებოდა, რა გინდათ, დამანებეთ თავიო...

– მსუქანი ხარო, მეუბნებიანო, ამბობდა გიორგი აღნიშნულლაივში...

– არ ეკვრებოდა პიჯაკის ღილი და... ჩვენ ხომ მასზე ვზრუნავთ.

– თავად კონკურსანტები რამდენად მოწესრიგებულები მოვიდნენ წელს?

– დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მათ უყურეს მხოლოდ ქართულს და იცოდნენ, სად მოდიოდნენ. ამიტომ მოწესრიგებულები მოვიდნენ, მომზადებულები.

– ქარიშხალიც დაგემთხვათ ერთ-ერთ ქასტინგზე...

– კი, იყო ასეთიც, მე თმა გამეწეწა, ვკიოდი, ვწიოდი. რამდენიმე ლოკაცია გამოვიცვალეთ,მაგრამ ისე უნდოდა ნიკა ლომიძეს ეს ზღვის პანორამა უკან, არაფრით არ დაგვთანხმდა ადგილის შეცვლაზე... შარშან ცოტა შეშინებულები ვიყავით, პირველად ვაკეთებდით და მოკლე დროში. ამიტომ ვფიქრობდით, გამოგვივა კი? თან ყველა კატეგორია მოვიდა, ყველა ასაკი, უცხოური სიმღერები მოჰქონდათ. წელს ეს არ ყოფილა. უმრავლესობამ ზუსტად იცოდა, სად მოდიოდა და რა უნდა მოეტანა.

– უცნაური კონკურსანტები არ გყოლიათ?

– კი, როგორ არა. ერთი მოვიდა საკუთარი სიმღერით და მეტი არ იცოდა, ამ სიმღერის გარდა, არაფერი. ზოგს ჩემი და სოფოს გაცნობა უნდოდა, ზოგს უბრალოდ ტელევიზორში გამოჩენა...

– ამოჩემებული სიმღერა რომელი იყო წელს?

– „ცოტა კიდე მოითმინე გულო“, „ყვითელი ფოთლები“... ამოჩემებული, მაგრამ გემოვნებით ამოჩემებული სიმღერები მოჰქონდათ. არცერთი არ არის მარტივად შესასრულებელი, ურთულესი სიმღერებია, მაგრამ მოიტანეს, გაბედეს და იმღერეს.

– დიდი მოლოდინი აქვს ხოლმე მაყურებელს სახალისო მომენტების. წელს კურიოზები იქნება?

– სახალისო მომენტები იქნება, თუმცა აქცენტი კეთდება კონკურსანტების ისტორიებზე და არა მათ დაცინვაზე. დადგმული კურიოზები ჩვენთან არ იქნება. და არც არასდროს მქონია ასეთი მომენტები, „ჯეოსტარშიც“ კი. მე თავად ვიყავი კურიოზი და, ალბათ, ამიტომ.

– ვიცი, რომ ლაივკონცერტებზე ჟიურის კიდევ ერთი წევრი დაემატება, ვინ იქნება ის?

– ეს იქნება ძალიან დიდი სიურპრიზი. ჟიურის დაემატება ადამიანი, რომელიც ნამდვილად არის იქ ჯდომის ღირსი და არცერთ ადამიანს არ გაუჩნდება კითხვა – რატომ?

– მთავარი კრიტერიუმი რითიც საუკეთესო ათეულიშეირჩა...

– თუ წინა სეზონზე საინტერესო ტიპაჟებს ვეძებდით, ინდივიდუალიზმს, ამ სეზონზე მთავარი აქცენტი პროფესიონალიზმზე გავაკეთეთ, გავთამამდით. ძალიან გაუხარდება მაყურებელს, ნათელი 10 ადამიანი დადგება სცენაზე.

– რას ეტყვით მათ, ვინც შარშან „მხოლოდ ქართულს“ აკრიტიკებდა, თუნდაც იმის გამო, რომ არც ისე კარგი ათეული წარადგინა?

– ფინალში ყველა კარგი იყო. მე უზრდელობასა და ბოღმას ვერ ვიღებ, თორემ კრიტიკა მისაღებია. თუ რაღაც არ მოგწონს პროექტში, პირდაპირ უნდა მითხრა. ყველაჩემი ახლობელია... მე ასე ვიქცევი. მაგალითად, ავიღოთნიკოლოზ რაჭველი. ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ, თუ კონცერტიდან გამოვედი და რაღაც არ მომწონს, ტელევიზიასა და რედაქციებში კი არ გავრბივარ, ვიღებ ტელეფონს და ვურეკავ, ნიკოლოზ, აი, იქ ასე რომ იყო, ასე ხომ არ ჯობდა, ვეუბნები. ეს არის ნამდვილი. როცა გამოდიხარ ტელევიზიით და მარინა ბერიძეს ლანძღავ... კარგი რაა, რომელი შესაშინებელი ქალი მე ვარ. ხომ უნდა გაიგონ, რომ არ მეშინია!

– კრიტიკის არცერთ ნაწილში არ ეთანხმებით მავანსა და მავანს?

– რომ მოვაცილო რაღაცები, რასაკვირველია, ვეთანხმები. ვიღაცამ ვერ მიიღო ძველი სიმღერების ახალი ვერსიები. მე კი ვფიქრობ, რომ ბავშვებს სწორედ განახლებული ვერსია უნდა მიაწოდო, რომ მიიღოს და შეიყვაროს ქართული სიმღერა. ის არ მიიღებს იმ დროს დაწერილ სიმღერას ისე, როგორც მაშინ დაიწერა, ამიტომ ვცდილობთ, განვაახლოთ და შევაყვაროთ.

– როგორც ვხვდები, ძველი სიმღერების განახლებულ ვერსიებს ამ სეზონზეც მოვისმენთ.

– აუცილებლად. იქნება აუთენტიკურიც და იქნება განახლებული ვერსიებიც, იქნება კლასიკაც. იმდენი სიურპრიზია ნაფიქრი ამ სეზონისთვის...

– ვიცი, რომ ერთი ცნობილი მსახიობი მოვიდა წელს „მხოლოდ ქართულში“ და მოვიდნენ ცნობილი, კონკურსგამოვლილი მომღერლებიც... ათეულში არიან ისინი?

– არა. ძალიან ბევრს ვფიქრობდით. არათანაბარ პირობებში ხვდებიან ბავშვები, როცა მათ მრავალკონკურსგამოვლილ, შემდგარ მომღერალს ახვედრებ, რომელიც ქართულსაც კარგად მღერის. ის დაჩაგრავს ახალბედებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს უკვე შემდგარი მომღერლებისთვის უარი გვეთქვა, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. საერთოდ წელს უარი ჩემთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბევრი კარგი კონკურსანტი მოვიდა.

– ორშაბათს სტარტს აიღებს „მხოლოდ ქართული“. სად აპირებთ, უყუროთ პირველ გადაცემას?

– მე ჩემი ტრადიცია მაქვს. სახლში უნდა ვუყურო მარტო, ჩასაფრებული კრიტიკული თვალით. მერე ვიცდი, როდის დამირეკავენ მეგობრები, რომლებიც წუნკლების სიაში მყავს და ბოლოს თავად ვიწყებ რეკვას.

– ასეთი მეგობრებიც გყავთ, წუნკლების სიაში რომ გყავთ?

– ჰო, აბა. რეკავენ და იწყებენ: რა მეცვა, როგორ მეცვა, რა ვთქვი, რატომ ვთქვი. საკუთარი და, რომელიც სულ ჩასაფრებულია, რამე სწორად თუ ვერ ვთქვი, გამართული ქართულით... მოგეხსენებათ, მე რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული, რა ვქნა, სხვა ეპოქაში გავჩნდი (იცინის). ამიტომ მუდმივად მაკონტროლებს, რამე ხომ არ შემეშალა გამოთქმაში, სადმე ბარბარიზმიც ხომ არ გამოვიყენე. ჩასაფრებულია, მაგრამ ტელევიზიით და პრესით კი არ მაკრიტიკებს, მირეკავს და მეუბნება (იცინის).

– წარმატებები და გელოდებით ეკრანზე.

– მადლობა.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი