სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართ, სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ... - გიორგი ლომია

13:50 10-30-2018
3922

სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართ, სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვოს, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ისეთი კანდიდატი ჰყავს, რომლის მხარდაჭერა ჩვენს ამომრჩეველსაც კი უჭირს – აცხადებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი არ უნდა გახდეს, რადგან ქვეყანას სისხლისღვრა არ ასცდება.

„ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს, რომელიც პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ თავისი ხელით იმ ადამიანს დახვრეტდა, რომელმაც სააკაშვილი იმ დანაშაულში ამხილა, რასაც მისი რეჟიმი სჩადიოდა. ციხის კადრებს ვგულისხმობ. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ამ ადამიანს მისი ხელით დახვრეტდა. ასეთი ადამიანი ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს.

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდება, 2020 წლისთვის კოალიციური მთავრობა შეიქმნება, სადაც შესაძლებელია, რომ უმრავლესობით „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს. ეს პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ისეთი კანდიდატი ჰყავს, რომლის მხარდაჭერა ჩვენს ამომრჩეველსაც კი უჭირს. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავის წინააღმდეგ იმუშავა და ამ უმადურობას ხალხი არ პატიობთ. ისეთი ადამიანები დაწინაურდნენ, ვინც „ქართულ ოცნებას“ აგინებდა და მოსახლეობას ხელკეტებით დასდევდა“, – განაცხადა ლომიამ.

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ძალიან მცირე სხვაობით დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38,6%, გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,7% მიიღეს. შედეგად, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

ავტორი: