„ჩემი ცხოვრება აჭარის ტელევიზიით არ დაწყებულა“ - სოფო ხალვაში პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაუშვეს - exclusive

14:32 10-26-2018
8686

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სოფო ხალვაში გადაცემა დილის ტალღას ამ ეტაპზე აღარ წაიყვანს. წამყვანის მიერ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტზე დისციპლინური საქმის წარმოებაა დაწყებული.

სოფო ხალვაშმა დღეს თბილისის სპორტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა."მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს"- ნათქვამია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, გია ქარცივაძის განცხადებაში.

ჩვენ სოფოს დავუკავშირდით.

სოფო ხალვაში:

- მე სოციალური ქსელით გავიგე ეს ამბავი. ჩემთვის პირადად არავის დაურეკავს გუშინ და არავის უთქვამს ოფიციალურად ეს ინფორმაცია. დღეს დამირეკეს ტელევიზიიდან და მითხრეს, რომ საუბარი სურთ ჩემთან.

- მათ არ ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია,  რომ შენ თბილისში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე იმღერებდი?

- მე მქონდა ამაზე ლაპარაკი მათთან, მაგრამ სათანადოდ ინფორმირებული არ ვყოფილვარ თავად ამასთან დაკავშირებით. მანამდეც გამოვსულვარ ამგვარ ღონისძიებებზე ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად და ასეთი პრობლება არასდროს შემქმნია. მე ვარ მომღერალი და არა ჟურნალისტი. ტელევიზიიდან ასეთ ნაბიჯს ნამდვილად არ ველოდი.

- თვლი, რომ ეს შენი მხრიდან არ იყო პოლიტიკური სიმპათიის გამოხატვა?

- რათქმაუნდა, იყო. მაგრამ მე მხოლოდ ვიმღერე, სიტყვით არ გამოვსულვარ და პოლიტიკური მოწოდებები არ გამიკეთებია. ვფიქრობ, რომ ტელევიზიაშიც იმიტომ ვმუშაობ, რომ მომღერალი ვარ. მე არ ვარ პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი.

- გუშინდელი გამოხმაურების შემდეგ ხომ არ ნანობ შენს ნაბიჯს?

- არა, რათქმაუნდა, ეს ჩემი სურვილი იყო და რომ არ მდომოდა, არც გადავდგამდი ამ ნაბიჯს.

- თუ შენი და ტელევიზიის ხელმძღვანელობის შეხვედრა არ დამთავრდა კონსესუსით, როგორ წარმოგიდგენია ტელევიზიის გარეშე ცხოვრება?

- ჩემი ცხოვრება აჭარის ტელევიზიით არ დაწყებულა და არც ამით დასრულდება. ვიყავი მომღერალი და დავრჩები მომღერლად.

- ხომ არ დაუბრუნდები თბილისს?

- თბილისში ისედაც ვარ. ამ ორ ქალაქს შორის ვარ სულ იქიდან გამომდინარე, რომ ორივეგან ჩემი საქმე მაქვს. ისევ ასე გაგრძელდება. მაგრამ ბათუმის გარეშე არ შემიძლია, იმიტომ რომ ბათუმელი ვარ. ვერც თბილისი გარეშე შევძლებ, ვინაიდან ძალიან მიყვარს ეს ქალაქი.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი