პრემიერ-მინისტრი გაეროში ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვა

20:50 09-24-2018
24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური გაერო-ს შტაბბინაში დღეს ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტის გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს მოგვიანებით სიტყვით მიმართავს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშვიდობის სამიტი, რომელიც ნელსონ მანდელას დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით იმართება, ფოკუსირებულია გლობალურ მშვიდობაზე და მსოფლიო ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკის, კონფლიქტების პრევენციისა და გადაჭრის, მშვიდობის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და გრძელვადიანი განვითარების ინიციატივებისადმი.

სამიტზე ასევე მიიღებენ პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელიც ნელსონ მანდელას ღირებულებებისადმი ერთგულებას დაადასტურებს.