"არ უნდა იყოს პოლიტიკოსების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება.." - გედევან ფოფხაძე ვანო მერაბიშვილის შესაძლო შეწყალებაზე

16:25 09-24-2018
45

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ე.წ. უდოს კომისიის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლების შესახებ „პრაიმტაიმს“ ესაუბრა. 

გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ 

"ჯანმრთელობის ნაწილზე მსჯელობს ჯანდაცვის სამინისტროში არსებული კომისია. თუ მსჯელობის შემდეგ ადგენს თავისი სტანდარტით და კრიტერიუმით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ ადამიანისთვის სასჯელის მოხდა შეუძლებელია, მაშინ ისინი იღებენ ამ  გადაწყვეტილებას. 

საკითხის დაყენება ყველას შეუძლია, მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება, მათ შორის ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებაზეც. როდესაც ადრე იქმნებოდა ვადამდე გათავისუფლების კომისია, დადგინდა სტანდარტი, რომლის ფარგლებში უნდა მომხდარიყო მსჯელობა. აქ საუბარია რესოციალიზაციაზე, იმაზე, თუ რამდენად აღიქვამს მსჯავრდებული, რომ ჩაიდინა დანაშაული და ციხეში ამის გამო მოხვდა ციხეში. რა დამოკიდებულება აქვს ჩადენილი დანაშაულის მიმართ და ა.შ. ამ სტანდარტით მსჯელობს კომისია და თუ მოხდა საკითხის განხილვა, ამ სტანდარტის შესაბამისად მოხდება. თვითონ იმ პირის მხრიდან უნდა დაიწეროს განცხადება, შეიძლება პირადი გასაუბრებაც მოხდეს. არა მგონია სწორი, რომ პატიმრების დიფერენცირება მოხდეს რაიმე ნიშნით. სტანდარტი ყველა ადამიანისთვის ერთია, შეიძლება ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა იყოს საჭიროს, მაგრამ საერთოდ სტანდარტი უნდა იყოს შენარჩუნებული", - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი.

გედევან ფოფხაძისთვის გასაგებია, რომ ეს შემთხვევა პოლიტიკურ ჭრილში განიხილება, მაგრამ მისი აზრით, დანაშაული დანაშაულია და თუ მაღალი თანამდებობის პირი ჩადის დანაშაულს, მას უნდა ჰქონდეს იმის წინათგრძნობა, რომ ამის გამო პასუხი მოეთხოვება.

"ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით ეს ანგარიშგასაწევი ფაქტორია, რადგან არ უნდა იყოს პოლიტიკოსების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. თუ ვიღაცა 1 ტონა ჯართს მოიპარავს და იმასაც 5 წელი სვამენ ციხეში და იმასაც ვინც მილიონებს იპარავს და ქვეყანაში სისტემური დანაშაულის მთელ სქემას ქმნის, რომლის შედეგადაც ადამიანებს აუპატიურებენ ქონებას ართმევენ ციხეში სვამენ აწამებენ, ამის გამო უნდა მოეკითხოს ადამიანს ადეკვატურად და სასჯელი უნდა იყოს საკმაოდ მკაცრი“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე. 

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლებას გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვს. 

 

 

თამარ საკანდელია