ანრი ჯოხაძის კლიპში გუგული მაღრაძეც გამოჩნდება – მომღერლის მთავარი გზავნილი რუსეთს - exclusive

14:25 09-24-2018
1647

დიდი ხნის წინათ დაიწყო ანრი ჯოხაძემ თავისი ახალი ნამუშევრის დაანონსება. წერდა, რომ დიდი პაუზის შემდეგ მორიგ სკანდალურ კლიპს გვაჩვენებდა. 20 სექტემბერს კინოთეატრ „ამირანში“ მისი ახალი კლიპის პრემიერა შედგა. სიმღერა, რომელიც ანრიმ ნიკო გომელაურის ცნობილ ლექსზე შექმნა, დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა თაროზე. პრემიერაზე გამოტყდა მომღერალი, რომ ყველაზე მეტად ნიკოს მეუღლის, ნინა ჩოდრიშვილის შეფასებას ელოდებოდა. „ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა“ ეს ლექსი ყველას გვახსოვს ნიკოს შემოქმედებიდან. პოეტი და მსახიობი აღარ არის, მისი შემოქმედება კი ცოცხლობს. ანრიმ ნიკოს სათქმელი ეკრანზე გააცოცხლა. დინამიკური გამოდგა ვიდეორგოლი, რომელშიც ძალიან ბევრი ქართველი მსახიობი, მოდელი თუ მომღერალი მონაწილეობს. ყველა მათგანი წამებით ჩნდება ეკრანზე. კლიპში გადმოცემულია დღევანდელი რეალობა, რომ ვიღაც მკერდით მარიაჟობს, ვიღაც გარეგნობით, დუღს გარშემო ყველაფერი და ამასობაში მთავარი სათქმელი ყველას მიგვავიწყდა დაკარგული ტერიტორიები!

კლიპში ზუზუ ბეჟაშვილიც მონაწილეობს. ეს მისთვის ერთ-ერთი ბოლო გადაღება გამოდგა. ვნახეთ კესარია აბრამიძე ყველაზე სექსუალური ქალის იმიჯით, რომელიც ცნობილი ფილმის გმირს მოგაგონებთ, მამაკაცები მუშტრის თვალით რომ აყოლებენ თვალს და მერე ყველა ერთად უკიდებს სიგარეტს. სანთებელებიდან ამოსულ ალში კი უცებ ბევრი გუგული მაღრაძე ჩნდება.

სახასიათო როლები აქვთ ნინო გაჩეჩილაძეს, დალი ჩიტალაძეს, ქრისტინე იმედაძეს, ნინი ბადურაშვილს, მაკა შალიკაშვილს, ნუკი კოშკელიშვილს, შორენა ბეგაშვილს. საკუთარ თავს თამაშობს გია ჯაჯანიძე. კვლავ მკერდმოშიშვლებულია მერსი სულხანიშვილი. კრისტი ყიფშიძე შვილთან, ნატალიასთან ერთად ჩნდება. მზის ხსენებაზე გიორგი გილიგაშვილიც (ჩემმა მზემ) გამოჩნდება ეკრანზე.

მთავარი სათქმელი ანრიმ ფინალისთვის შემოინახა. ამაღელვებელია კლიპის ბოლოს ლტოლვილთა დასახლებების ნახვა და კადრი მავთულხლართებით.

სამჯერ ოვაციებისა და აპლოდისმენტების ფონზე ვნახეთ კლიპი ყველამ. შთაბეჭდილებებზე „ამირანში“ შეკრებილ სტუმრებსა და კლიპის მონაწილეებს გავესაუბრე.

დალი ჩიტალაძე:

ეს იყო დღევანდელი საქართველო, შოუბიზნესი თავისი კარგი და ცუდი მხარეებით. ნიჭიერია ეს ბიჭი. მიხარია, რომ მის შემოქმედებაში პატარა ეპიზოდი მეც მაქვს.

კესარია:

მეორედ მომიწია ანრისთან მუშაობა და მინდა ვთქვა, რომ ხარისხზე ორიენტირებული ადამიანია. ძალიან მომეწონა კლიპი, ვულოცავ ასეთ შედეგს.

რატი დურგლიშვილი:

სამივეჯერ დიდი სიამოვნებით ვნახე. ანრის მივულოცავ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს. როცა მისი მორიგი ნამუშევრის სანახავად მოვდივარ, ყოველთვის ვიცი, რომ საინტერესო შედეგს დადებს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მართლა ძალიან მომეწონა, გადმოცემაც კი მიჭირს.

გვანცა კილასონია:

კლიპის შინაარსი ერთხაზოვანი არ არის. ანრის შეუძლია, იყოს თან აქტუალური, თან სკანდალური, დროში მორგებულიც. აქ არის ყველა ის პრობლემა, ღირსება, ნაკლი თუ სიკეთე, რაც ჩვენს ქალაქშია. და მთავარი სათქმელი აფხაზეთი. უნიკალური ადამიანია ანრი, მას შეუძლია, ერთ კლიპში, 3 წუთში ჩატიოს სექსიც, ვნებაც, სიყვარულიც, სამშობლოც, პატრიოტიზმიც. ვულოცავ ანრის!

ანრი ჯოხაძე:

მინდოდა, მეთქვა მაყურებლისთვის რა არის მთავარი ჩვენთვის, ყველასთვის. რომ არა ის, რა აცვია დღეს კესარიამ ან ვინ რამდენჯერ გამოაჩინა ძუძუ-მკერდი, ვინ ვისთან წევს ღამე, არამედ პრობლემა არის დაკარგულ ტერიტორიებში.

კლიპის დაწყებამდე თქვი, რომ ნერვიულობდი, როგორ შეაფასებდა ამ ნამუშევარს ნიკოს მეუღლე...

ჰო, ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ რომ ჯერ ნინას აზრი არ მომისმენია. არ მაცდით და (იცინის)...

თამუნა გომართელი:

ვულოცავ ანრის ამ დიდ გამარჯვებას. უდავოდ ნიჭიერია და ყოველთვის იცის, რა და როგორ თქვას. ძალიან ბევრი საინტერესო პასაჟი იყო, გაშარჟებული ჩვენი ყოველდღიურობა და ეს მართლაც ასეა, ანრიმ გვაჩვენა მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. სწორად აქვს დანახული მთავარი პრობლემა.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი