ოქტომბრიდან ე.წ. ცელოფნის პარკები აიკრძალება

23:24 09-23-2018
569

საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება. 
საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.ამის შესახებ bpn წერს.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს შემდეგი უწყებები განახორციელებენ:

პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;

პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

პასუხისმგებლობა პარკის წარმოება-რეალიზაციის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება. კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

პოლიეთილენის პარკების აკრძალვაზე საუბარი 2017 წლიდან დაიწყო, პროექტის განხორციელება უკვე 2018 წლის იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა ამ თარიღისთვის პროექტის დასრულება შეფერხდა და ამოქმედების თარიღმა გადაიწია.