ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე "ქართული ოცნების" დადგენილების პროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

21:30 09-21-2018
61

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგების შესახებ“ პარლამენტმა დღეს განიხილა. დადგენილების პროექტს 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი:

„1. საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 31 მაისის N2450 – IIს დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძვლად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის გამოძიება საქართველოს პარლამენტის მიერ მიჩნეულ იქნა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად. საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 31 მაისის N2450 – IIს​ დადგენილებით დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტებისა და საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების დადგენა.“

2. კომისიის შექმნის მომენტისთვის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა მთავარი კითხვები, თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა და ხომ არ ჰქონდა ადგილი გამოძიების პროცესის მწარმოებელ პირთა მხრიდან გამოძიებისათვის ხელის შეშლას, მათი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დავით სარალიძის მკვლელობაში არასრულწლოვან გ. ბ.-ს მიმართ, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის შესაბამისი სტანდარტისათვის საკმარისად არ მიიჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა არ დასრულებულა. განაჩენი გასაჩივრებულია, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ და საქმეს განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომისიის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესწავლა, საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო

არასწორი მოლოდინი დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელ​ პირთან და ზოგადად მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან​ დაკავშირებით, რომელიც მათივე განცხადებებით განსხვავდებოდა გამოძიების ვერსიისგან – კომისიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამოცანად დაისახა დავით სარალიძისათვის​ სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება.

საგამოძიებო კომისიის ზემოთხსენებული ლეგიტიმაციის მიუხედავად, კომისიის წევრების კითხვებიც ახსნა-განმარტების მიმცემ პირთა მიმართ უმეტესწილად ამ კონკრეტული გარემოების დადგენას ისახავდა მიზნად.

შესაბამისად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის – მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე.

3. კომისიის შექმნის მომენტისათვის გამოძიების მიმართ საზოგადოებაში დამატებით შემდეგ საკითხებთან დაკავშირებთ იყო გამოთქმული გარკვეული ეჭვები, რომელთა მოშველიება ხდებოდა არგუმენტების გასამყარებლად, რომ ადგილი ჰქონდა პროცესის მწარმოებელთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას: რატომ განხორციელდა შემთხვევის ადგილზე არსებული ფარდულის დემონტაჟი; დაზიანებული იქნა თუ არა დავით სარალიძის მკვლელობის ერთ-ერთი იარაღი განზრახ (გაღუნული დანა); მოახდინა თუ არა მირზა სუბელიანმა გამოძიებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

ა. ფარდული – ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, რაზეც საგამოძიებო ორგანოებს არ ეცნობა. აღსანიშნავია, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.

ბ. გაღუნული დანა – დანის დაზიანება არ მომხდარა განზრახ. ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რომ დანამ მიიღო მიკროდეფორმაცია, რისი შემჩნევაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ამასთან, დანა ვარგისია შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად.

გ. კითხვები მირზა სუბელიანთან დაკავშირებით – მას შემდეგ რაც გამოძიებამ შეკრიბა საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, მირზა სუბელიანი დაკავებულ იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

4. კომისიამ, როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის, ასევე მოწმეების, დაზარალებულებისა და ბრალდებულების გამოკითხვის შედეგად დაადგინა, რომ არ არის ჩატარებული ან დაგვიანებით არის ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის:

ა. მირზა სუბელიანის, მისი არასრულწლოვანი შვილის – ა. ს.-ს და ცოლის არასრულწლოვანი დის შვილის – მ. კ.-ს მიმართ არ ჩატარებულა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად: არ გამოიკითხა მირზა სუბელიანი, არ გაიჩხრიკა არასრულწლოვანი მ. კ.-ს ბინა და არ მოხდა მისი ტანსაცმლის ამოღება).

ბ. საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა არ იქნა გაჩხრეკილი და არ იქნა ამოღებული მათი ტანსაცმელი.

გ. არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები დ. ღ.-ს მიმართ.

დ. არ იქნა გამოკითხული ან დაგვიანებით გამოიკითხა საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი.

ე. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ იქნა ამოღებული ან დაგვიანებით იქნა ამოღებული. ამასთან, არ მოხდა ყველა პირის იდენტიფიცირება, ვინც ჩანაწერებშია აღბეჭდილი.

ვ. არ განხორციელდა კონფლიქტში მონაწილე და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი პირის სატელეფონო საუბრების მოსმენა-მიყურადება. ასევე, არ იქნა ამოღებული ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა ტელეფონები და კომპიუტერები.

ზ. კითხვის ნიშნებს ბადებს გამომძიებლის ზოგიერთი მოქმედება. თვალსაჩინოებისათვის​ გამოდგება ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სადაც გამომძიებელი მირზა სუბელიანს უცნობ პირად მოიხსენიებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, მირზა სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემული და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულებების გამოკვლევის/შეფასების საფუძველზე, ნათელია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით ჩატარებას აქვს განსხვავებული მიზეზები და კომისიის მიერ შესწავლილ და მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით შეუძლებელია ეს ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომად ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად. გამოძიების პროცესისთვის არ არსებობს წინასწარ დადგენილი სტანდარტული საპროცესო წესი, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და ყოველი სისხლის სამართლის საქმე, მისი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. საგამოძიებო ტაქტიკას განსაზღვრავს გამოძიების მწარმოებელი თანამდებობის პირი და მისი პროცესუალური ხელმძღვანელი, რაც მათ დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. კომისიის მუშაობისას ვერ იქნა გამოკვეთილი ის განსხვავებული შედეგი, სხვა გარემოება ან რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მოგვცემდა მსჯელობისა და ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საქმეში არსებულმა ხარვეზებმა, გარდა მტკიცებულებათა ხარისხისა, არსებითი გავლენა მოახდინა საქმის საბოლოო შედეგზე. თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა მუშაობა არ უნდა გააგრძელონ ამ მიმართულებით.

5. საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს დაიკითხა გ.მ., რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს მას ზურგის არეში მიაყენეს დაზიანება (გულმკერდის უკანა ზედაპირზე ხერხემლის ხაზიდან 1.5 სმ დაშორებით მარცხნივ დაახლოებით 8-9 ნეკნების მიმდებარედ).

6. მოქმედი კანონმდებლობით, საქმის სირთულის, კომპლექსურობისა თუ სხვა ლეგიტიმური გარემოებების მიუხედავად, პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-დღიანი ვადის გაგრძელების შესაძლებლობა არ არსებობს. 40 დღიანი ვადით გამოძიების პროცესის შეზღუდვა პრაქტიკაში წარმოშობს არაერთ პრობლემას და რიგ შემთხვევებში ართულებს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების სწრაფად და ეფექტიანად დადგენას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულების გამოძიების პროცესით.

7. როგორც გამოძიების მასალებიდან, ისე საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა, დაპირისპირებულ არასრულწლოვნებს შორის არსებობდა კონფლიქტი ჩაგვრის ფაქტების სახით, რაც საბოლოოდ გადაიზარდა უმძიმეს დანაშაულში. საქმის მასალებიდან, კერძოდ, მოწმეთა ახსნა-განმარტებებიდან იკვეთება შემდეგი გარემოება: 51-ე სკოლაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კერძოდ შესვენების დროს, სკოლის საპირფარეშოში მე-11 კლასელების დ.ღ.-ს და დ.ნ-ს მხრიდან მე-9 კლასელ თ.ჩ.-ს და ა.ს.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჩაგვრის ფაქტს.

ნიშანდობლივია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულების განმაპირობებელი ჩაგვრის ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა და მხოლოდ აღნიშნული სკოლის პრობლემას არ წარმოადგენს. მეტიც, საზოგადოებისათვის ფართოდ ცნობილია, რომ ჩაგვრა წარმოადგენს საქართველოს სკოლებში არსებულ არც თუ ისე იშვიათ მოვლენას, რასაც ემატება ასეთი ფაქტების პრევენციისა და შესაბამისი სერვისების/მექანიზმების ნაკლებობა. უფრო მეტიც, სკოლებში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებისა და აკრძალული საგნების ტარების სტატისტიკური მონაცემები ცალსახად უარყოფითია.

8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

8.1 წინამდებარე დადგენილების მე-4 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით:

8.1.1 საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარონ სამსახურეობრივი შემოწმება, რათა, არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ კანონდარღვევა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

8.1.2 საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ მ. კ.-ს ქმედებებს გამოძიების (როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი საქმის), სასამართლო განხილვის ეტაპზე. ასევე როგორც სისხლის სამართლის საქმეში არსებული, ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებების საფუძველზე; ასევე საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. აღნიშნულმა სტრუქტურებმა უნდა გამოკვეთონ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი ქმედებების შეფასების შემდეგ, გატარდეს ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება. კომისიის მუშაობისას ასევე გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანი მოწმე მ.კ.-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობს წინააღმდეგობები. შესაბამისად, მიზანშეწონილია შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს, ხომ არ იკვეთება ამ ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

8.1.3 საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ საგამოძიებო კომისიის წინაშე მირზა სუბელიანის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

8.2 წინამდებარე დადგენილების მე-5 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით: ცალკე გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე – მიუხედავად იმისა, რომ კომისიისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული გამოყოფილი საქმის ფარგლებში გამოძიების სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობის შესახებ (მათ შორის ამ ფაქტზე). შსს-მ ცალკე განსაზღვროს ამ ფაქტის შესაბამისი კვალიფიკაცია. ასევე, შსს-მ ჩაატაროს ყველა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისათვის და პასუხისგებაში მიცემისთვის.

8.3 წინამდებარე დადგენილების მე-6 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით: მიზანშეწონილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ჩართულობით შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შესაძლებელი გახდება პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-დღიანი ვადის გახანგრძლივება.

8.4 წინამდებარე დადგენილების მე-7 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით:

8.4.1 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:

ა. შეიმუშაოს სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთიანი წესი, რაც, თავის მხრივ, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას; პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებზე ეფექტიან რეაგირებას; სკოლის უსაფრთხო გარემოზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, მანდატურის სამსახურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობას;

ბ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებებიდან გამომდინარე, დროულად ჩამოაყალიბოს და შეიმუშაოს სკოლებში კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე გამოწვევებთან ეფექტიან გამკლავებას;

გ. ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოავლინოს კონფლიქტის პრევენციასა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნები და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

დ. ხელი შეუწყოს და წაახალისოს სასკოლო მედიაციის განვითარება;

ე. შეიმუშაოს სკოლებში კონფლიქტების პრევენციისა და რეაგირებისათვის სოციალური მუშაკის დროული და ეფექტური ჩართვის მექანიზმი.

8.4.2 შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გაკონტროლდება ცივი იარაღის ბრუნვა, არასრულწლოვნებს შეეზღუდებათ ცივ იარაღზე წვდომა და დაწესდება პროპორციული სანქციები.

9. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ზედამხედველობა ამ დადგენილებით შესაბამისი სამინისტროებისადმი გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე“.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე საგამოძოებო კომისია 3 თვის წინ შეიქმნა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დადგენილება მიიღო. მმართველი პარტია „ევროპული საქართველოს“ დასკვნას არ შეუერთდა, რადგან მის ყველა პუნქტს არ იზიარებდა.

 

შეგახსენებთ, გასული წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კამათისას, 51-ე სკოლის ორი არასრულწლოვანი მოსწავლე – ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე მოკლეს.