"თუ ლევან ყიფიანთან მიმართებაში ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა, ეს იქნება საშინელება" - ზაზა ხატიაშვილი

20:53 09-21-2018
54

"თუ ლევან ყიფიანთან მიმართებაში ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა, ეს იქნება საშინელება", - ამის შესახებ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა გადაცემა "თავისუფალ სივრცეში", კომპანია „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. 

"ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, როდესაც ჩვენ გვაქვს ქარხანა, რომელიც 60 მილიონს იხდის ბიუჯეტში და არის მეორე ქარხანა, რომელიც 35 მილიონ აქციზს ყიდულობს და ბიუჯეტში არ შეაქვს, საერთაშორისო სამართლით ეს რა არის იცით?! არ მინდა, რომ ვთქვა", - განაცხადა ხატიაშვილმა, რაზეც წამყვანმა აღნიშნა: "სხვა რამეს ამბობდით იმ დღეს ამ ეთერში რომ იყავით". 

"არ ვლაპარაკობდი სხვა რამეს. ლევან ყიფიანთან მიმართებაში, დღესაც ვადასტურებ, თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდება, ეს იქნება საშინელება, ეს იქნება ტელევიზიაზე ზეწოლა", - განაცხადა ხატიაშვილმა. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

ჩანაწერის მიხედვით, ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.