მიხეილ ბატიაშვილი: აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან ინტეგრაცია

15:50 09-20-2018
16

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესები დახვეწას საჭიროებს. ამიტომ ამ მიმართულებით  პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. 

მინისტრის თქმით, პროცესის ხარვეზების შესახებ სამინისტრო ინფორმაციას უნივერსიტეტებიდან  იღებს, რის თაობაზეც რამდენიმე დღის წინ რექტორებთან იმსჯელა. კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან კვლავ გაგრძელდება. 

მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ სისტემის გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა, რომლებმაც დიდი სამუშაო გაწიეს და მომავალშიც, პროცესის დახვეწაში უზარმაზარ წვლილს შეიტანენ. ექსპერტთა ჩართულობით კი გამართულ, შედეგზე ორიენტირებულ, მაღალი ხარისხის სისტემას მივიღებთ. 

არსებული პროცედურები არ უნდა ატარებდნენ მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს. მეტიც, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უნივერსიტეტებს, რომ გამოასწორონ ხარვეზები და დაგეგმონ განათლების ხარისხის ამაღლების გზები. ყოველივე ეს კი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია.