რა კავშირი აქვს ლორენ ჰილს და მეთიუ ჰარტნეტს დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტთან - exclusive

15:28 09-17-2018
920

7 ოქტომბერს „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ფილარმონიაში დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება. ეს მომღერლის პირველი სოლო კონცერტია საქართველოში. კონცერტზე ძველი და ახალი სიმღერები გაჟღერდება.

დათო ახალ პროექტზე მუშაობს ცნობილ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად. მომღერალი ახალ ალბომს წერს. ერთი-ერთი სიმღერა ამ პროექტიდან სოლო კონცერტზე  შესრულდება. „შენს გამო“, - ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ამერიკულ ვერსიასაც მოისმენთ 7 ოქტომბერს. როგორც მომღერალი ამბობს, სიმღერის სტილი არ იცვლება, უბრალოდ ეს არის ახალი, ამერიკული ვერსია, რომელიც ჩაიწერა ამერიკაში. პროექტის პროდიუსერი, მეთიუ ჰარტნეტი აღნიშნავს, რომ მსგავსი კოლაბორაცია ძალიან საინტერესო შედეგს მოიტანს, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

დათო კენჭიაშვილმა კონტრაქტი გააფორმა მეთიუ ჰარტნეტთან 2017 წლის 7 იანვარს. ცნობილი მესაყვირე ლორენ ჰილის ბენდში უკრავს. ასევე ჰყავს თავისი ჯგუფი, რომელიც ჯაზ ფესტივალის სტუმარი გახლდათ. სწორედ მასთან მოლაპარაკებების შედეგად კეთდება ახალი პროექტი, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით. 

დათო კენჭიაშვილი:

- ჩემ სოლო რეპერტუარს ახლა უკვე შეემატა დრამერი, გიტარისტი, სოლო გიტარისტი, კლავიში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხური საკრავები (ფანდური, გარმონი, დუდუკი), რომლითაც გამიცნო და შემიყვარა ჩემმა მსმენელმა, არ იქნება წარმოდგენილი. 

- ხომ არ გამოჩნდები სხვა ჟანრითაც, ჩვენ ვიცით შენი სინთეზები ერთმანეთისთვის თითქოს შეუფერებელი მუსიკალური ჟანრებისა...

- არსებობს ასეთი ელექტრო მუსიკოსი ფლაეს მინი, რომლის მუსიკაც გამოვიყენე მისივე ნებართვით და გავაკეთე ერთი სიმღერა. რაც, ვფიქრობ, დიდი მოულოდნელობა იქნება ჩემი მსმენელისთვის... დუეტები არ იქნება ჩემ სოლო კონცერტზე. ჩემთან ერთად სცენაზე გამოჩნდებიან ჩემი სტუდიის აღსაზრდელები. ისინი მასწავლებლისგან განსხვავებით ნამდვილ ქართულ სიმღერას შეასრულებენ (იცინის). 

- ხომ არ ფიქრობ, რომ ელექტრონული მუსიკა და მსგავსი ექსპერიმენტები უარყოფით გავლენას მოახდებს შენს მსმენელზე?

- არა, რატომ? როცა რაიმე ექსპერიმენტს ვაკეთებ, ყოველთვის ჩემ მსმენელზე ვფიქრობ. ეს ისეთი პროექტია, დარწმუნებული ვარ ყველას მოეწონება. მე პროგრესი მჭირდება. პროგრესი კი ჟანრების ძიებაშია.

- რა დაარქვი კონცერტს?

- „ქარი მინდა და მხოლოდ მინდორი“ - ესაა ჩემი შეგრძნებები, ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს, მაძლიერებს და ენერგიას მაძლევს.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი