პედოფილიის გაუხმაურებელი და შემზარავი ფაქტები საქართველოში

10:58 09-17-2018
773

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიას პედოფილიის სკანდალური საქმის შესახებ არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. სტატიაში საუბარი იყო 43 წლის ლიფტიორზე, რომელიც არასრულწლოვან ბიჭებთან სქესობრივ კავშირს თბილისში მდებარე სხვადასხვა კორპუსის ლიფტებში ამყარებდა. საქმეს ათობით დაზარალებული ჰყავს, მათგან ყველაზე უმცროსი 10 წლისაა, ყველაზე უფროსი კი – 14 წლის. თბილისის საქალაქო სასამართლომ პედოფილიის 44 ეპიზოდში ბრალდებულ გ.ვ-ს 8 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გ.ვ-ს ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა პედოფილიის კიდევ ერთი საქმე გახსნეს. ამჯერად საუბარია ჯგუფურ ქმედებაზე, ვინაიდან არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამ საქმის რამდენიმე დაზარალებული კი ზემოხსენებული „ლიფტიორის საქმეშიც“ ფიგურირებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბრალდებული ორი პირიდან ერთ-ერთს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ეს ინფორმაცია ბრალდებულის ადვოკატმა ია გაბედავამ დაგვიდასტურა, თუმცა საპროცესო შეთანხმების პირობები, ისევე როგორც საქმის სხვა დეტალები ადვოკატს არ დაუკონკრეტებია. კომენტარის გაკეთება არ ისურვეს არც მთავარ საგამოძიებო ორგანოში. ჩვენ პროკურატურას მივმართეთ კითხვით: რის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პედოფილიაში ბრალდებულ პირს? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა გავარკვიეთ, რომ ორივე საქმეში დაზარალებული არასრულწლოვნების უმეტესობა სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ოჯახიდანაა, სქესობრივ კავშირზე კი მათ რიგ შემთხვევაში ფულის, რიგ შემთხვევაში კი სხვა სახის საჩუქრების სანაცვლოდ ითანხმებდნენ.

სტატიაზე მუშაობის პროცესში ჩვენთვის ცნობილი გახდა პედოფილიის კიდევ ერთი, სკანდალური და დღემდე გაუხმაურებელი ფაქტის შესახებ. არასრულწლოვან ბავშვებთან გარყვნილი ქმედებისა და სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით ცოტა ხნის წინ განაჩენი გამოუტანეს ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელს. საქმეს არაერთი დაზარალებული ჰყავს, რომელთა ასაკი 7-დან 10 წლამდე მერყეობს. 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებული გ.ბ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არჩევდა ბავშვებს, რომელთაც ფეხბურთის გუნდში აყვანას და წარმატებულ საფეხბურთო კარიერას ჰპირდებოდა. ვარჯიშის შემდეგ კი ბავშვები საკუთარ სახლში მიჰყავდა და მათზე ზემოქმედების გზით, სქესობრივ კავშირს ამყარებდა. დაზარალებულებმა სასამართლოში დაკითხვის დროს გაიხსენეს მწვრთნელის სიტყვები:  „თუ ამას არ გააკეთებთ, ვერ ჩამოყალიბდებით კარგ ფეხბურთელებად“. მას მაგალითად მოჰყავდა რამდენიმე წარმატებული ფეხბურთელის არარსებული ისტორია და არასრულწლოვნებს არწმუნებდა, რომ მათ წარმატებას სწორედ ასე მიაღწიეს. ფეხბურთის მწვრთნელი ბავშვებს მასთან სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ უფრო კარგ გუნდში გადაყვანასაც ჰპირდებოდა. 
რამდენიმე თვის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სადაც ბრალდებულს პირველი ინსტანციის განაჩენი ჰქონდა გასაჩივრებული, პედოფილ მწვრთნელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აი, რას ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული, რომლის ვინაობასაც, ცხადია, არ ვასახელებთ.  

„2013 წელი იყო...  ერთ დღეს მწვრთნელმა მითხრა, რომ მასთან სახლში მივსულიყავი თეორიული ვარჯიშების ჩატარების მიზნით, სადაც ასევე იქნებოდნენ გუნდის სხვა წევრები. მართლაც მივედი. შესასვლელი კარი ღია იყო და დაკაკუნების გარეშე შევედი. მისაღებ ოთახში საწოლზე იწვნენ ბიჭები, ასევე იწვა მწვრთნელი და ყველა დაკავებული იყო სექსით. მაშინვე წამოსვლა დავაპირე. ოთახიდან გასვლისას მწვრთნელმა მითხრა, დავრჩენილიყავი და სხვებთან ერთად გამეკეთებინა ეს“.
საქმეში მსგავსი შინაარსის კიდევ არაერთი ჩვენება დევს, თუმცა დაზარალებული არასრულწლოვნები მომხდარს წლების განმავლობაში მალავდნენ. საქმე მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნა, რაც ერთ-ერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრმა მომხდარის შესახებ შეიტყო, ფეხბურთის მწვრთნელს მიეჭრა და ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. აღნიშნული პიროვნება განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააპატიმრეს, თუმცა საბრალდებო სკამზე მალევე აღმოჩნდა თავად ფეხბურთის მწვრთნელიც. და უკვე გამოძიების პროცესში მის წინააღმდეგ არაერთი არასრულწლოვანი ალაპარაკდა. 
ამის შემდეგ დაზარალებულთა უმეტესობას ფსიქორეაბილიტაციის კურსი დასჭირდა. მათთან ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე მუშაობდა, რომელიც დახურულ სასამართლო პროცესებსაც ესწრებოდა. აი, რას ჰყვება ფსიქოლოგი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას:

– როდესაც ამბავი გამოაშკარავდა, ეს ბავშვები იყვნენ უკვე 14-დან 16 წლამდე ასაკის, თუმცა მათ მიმართ სექსუალური ძალადობა მოხდა მაშინ, როცა ისინი იყვნენ 7-8 წლისანი. სადღაც 10-11 წლის ასაკში ეს ქმედებები შეწყდა, მაგრამ ბავშვები ამ დრომდე მალავდნენ მომხდარს. ისე გაიზარდნენ, რომ არაცერთ მათგანს არ გაუმხელია ეს ამბავი. დანაშაული გაუხსნელ და დახურულ თემად დარჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ერთ-ერთი დაზარალებული ბავშვის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი მეორე, უმცროსი ბიჭიც მიეყვანათ იმავე ფეხბურთის მწვრთნელთან, რასაც უფროსი შვილის კატეგორიული წინააღმდეგობა მოჰყვა. ბავშვი მთელი ძალისხმევით აპროტესტებდა, რომ მისი ძმა არ მოხვედრილიყო იმ გუნდში, სადაც თავად დადიოდა. როდესაც მშობლები დაინტერესდნენ მიზეზით და იმის გარკვევით, რატომ არ სურდა, მის ძმასაც იმავე მწვრთნელთან ევლო ფეხბურთზე, მაშინ ბავშვი უკვე იძულებული გახდა, რომ ეთქვა, – როდესაც პატარა ვიყავი ასეთ რაღაცას მიკეთებდაო. ანუ ფეხბურთის მწვრთნელი მას აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს, უშუალოდ მასთან კი ჰქონდა ორალური სქესობრივი კავშირი. როგორც ვიცი, ამ ყველაფერს ტელეფონით იწერდა მწვრთნელი. ალბათ, სამომავლოდ, დასაშანტაჟებლად რომ დასჭირვებოდა. როდესაც ეს ბავშვი იძულებული გახდა, ოჯახში გაემხილა მომხდარი, მისი ახლობელი მივიდა ამ მწვრთნელთან და ყელში დანა გამოუსვა. ეს პიროვნება გადარჩა და როგორც თქვენც შეიტყვეთ, ის მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. როგორც მახსოვს, საქმეზე 20-მდე არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხა, თუმცა მათმა უმეტესობამ არ მოინდომა დაზარალებულის სტატუსი. ეს გასაგებიცაა.

– თქვენ უშუალოდ ესწრებოდით სასამართლო პროცესებს... ბრალდებულმა აღიარა დანაშაული?
– კი, დანაშაული აღიარა, მაგრამ ამბობდა – მე მათზე იმხელა ამაგი მაქვს, ამ ყველაფერს არ ვიმსახურებო. ეს ადამიანი დადიოდა სოფელ-სოფელ, აგროვებდა ბავშვებს, შემდეგ მშობლებთან მიდიოდა და სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს სთავაზობდა ბავშვების საფეხბურთო კარიერის უზრუნველყოფას, სრულიად უფასოდ. ეს იყო მარტოხელა ადამიანი, ზოგიერთ ბავშვს თავისთან აცხოვრებდა სახლში, ნაწილი კი გუნდის საერთო საცხოვრებელში ჰყავდა, როგორც ვიცი. ბრალდებულს ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, აღმოჩნდა, რომ ის სავსებით გაცნობიერებულად მოქმედებდა და სრულიად შერაცხადი იყო. თუმცა ამბობდა, – მე ამ ბავშვებს ზედ გადავყევი და მადლობა ასე უნდა გადამიხადონო?! აი, დაახლოებით ასეთი იყო მისი წარმოდგენა მომხდარზე.  
– ზოგადად, რა აიძულებთ ბავშვებს, რომ ასეთ დროს დუმილი შეინარჩუნონ?
– გასაკვირი უფრო ის არის ხოლმე, როდესაც ბავშვები ასეთ სიტუაციაში დუმილს არღვევენ და ღიად საუბრობენ. პირველი მიზეზი არის ის, რომ რცხვენიათ, მეორე მიზეზი შეიძლება იყოს შიში არა მხოლოდ მოძალადის, რომელიც თავისთავად შესაძლოა აშინებდეს კიდეც, არამედ შიში იმისაც, რომ არ დაუჯერებენ. აი, ერთ-ერთმა დაზარალებულმა თქვა კიდეც, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ვთქვი სწორედ იმიტომ, რომ არ დამიჯერებდნენო. გარდა ამისა, ბავშვები ფიქრობენ, რა მოხდება შემდეგ, ვინ ჩაერევა საქმეში და ა.შ. 

– თუ აღწერეს ბავშვებმა, რა გზით ახდენდა მათზე ზემოქმედებას მწვრთნელი?
– დიახ, ის ეუბნებოდათ, რომ ეს არის რიტუალი და თუ გინდა, შენ გახდე კარგი ფეხბურთელი, ეს უნდა გააკეთო, მაგალითად, სასქესო ორგანოზე ხელი უნდა მომკიდო და კიდევ სხვა სახის ქმედებები. ნუ, ალბათ, გასაგებია ხომ, რაზეც არის საუბარი... ზოგს აჩვენებდა თანაგუნდელებთან იგივე ქმედებებს და ეუბნებოდა: აი, ხომ იცი, ეს რა მაგარი ფეხბურთელია, თუ გინდა შენც მაგარი გამოხვიდე, ეს რიტუალი უნდა შეასრულოო. აი, ამ სახით ზემოქმედებდა ის 7-8 წლის ასაკის ბავშვებზე. სანამ პატარები იყვნენ, მართლაც სჯეროდათ, რომ ეს იყო გუნდში მიღების რაღაც რიტუალი და მათი წარმატებული საფეხბურთო კარიერის გასაღები. 

– როგორ უნდა ამოვიცნოთ პედოფილი? თქვენ, როგორც ფსიქოლოგი, რას ურჩევდით მშობლებს?
– პედოფილის ამოცნობა ძალიან რთულია, ისევე როგორც მსგავსი ტიპის დანაშაულის გახსნა. მათ არ გააჩნიათ რაიმე დამახასიათებელი ნიშან-თვისება და ხშირად გარშემომყოფთათვის ისინი ჩვეულებრივი, მოწესრიგებული ადამიანები არიან. უფრო მეტიც, ზოგჯერ ამბობენ კიდეც – ეს ისეთი კარგი კაცია, ამას როგორ გააკეთებდა, ალბათ, ბავშვი იგონებსო...  არადა დადგენილი და აღიარებულია, რომ როდესაც ბავშვები ამ, ან რაიმე მსგავს შემთხვევაზე საუბრობენ, ძალიან იშვიათად ტყუიან. ჯობია ბავშვს დავუჯეროთ და მისი წუხილი ყურადღების მიღმა არ დავტოვოთ. რაც შეეხება უშუალოდ მშობლებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ, როდესაც ვიღაც იჩენს გადამეტებულ ყურადღებას ბავშვის მიმართ, რაც თავისთავად სასიამოვნოა, ან როდესაც ვინმე გეუბნებათ, – რა დროსაც გინდა დამიტოვე ბავშვი, არ არის პრობლემაო, – შეიძლება არც არაფერი იყოს ნამდვილად, მაგრამ ყოველთვის საჭიროა სიფრთხილე და ბავშვის აზრის მოსმენა. მაგალითად, თუ ბავშვს ტოვებთ მეზობელ კაცთან, რომელიც ერთი შეხედვით კარგი და თბილი ადამიანია, თუნდაც მოხუცი, მაგრამ ბავშვი გეუბნებათ, რომ არ უნდა იქ დარჩენა, თუმცა ვერ ასახელებს მიზეზს... აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ ბავშვს, გაიგოთ, რა აწუხებს, რის გამო არ სურს მეზობელთან დარჩენა... შეიძლება არც არაფერი ხდებოდეს, მაგრამ აუცილებელია ბავშვთან საუბარი. 

– არსებობს რისკ-ჯგუფები? ძირითადად, რა ასაკის ბავშვები ხდებიან პედოფილიის მსხვერპლები?
– ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკ-ჯგუფია 5-6 წლიდან 10-11 წლამდე გოგონები და ბიჭები თანაბრად. დადგენილია, რომ 5 წელზე პატარამ შეიძლება გაუთვიცნობიერებლად თქვას მომხდარის შესახებ, 11 წლის ზემოთ ასაკში კი შეიძლება შეგნებულად მოყვეს ეს. ამიტომ პედოფილები ძირითადად სწორედ ამ ასაკობრივ ზღვარს შორის მოქმედებენ. ანუ 5-დან 11 წლამდე ასაკი არის ის დიაპაზონი, როდესაც ბავშვის დამორჩილება და თან მისი გაჩუმება უფრო ადვილია. მშობლებმა ბავშვებს უკვე 5 წლიდან უნდა აუხსნან, რომ გარეთ, სამყაროში ძალიან ბევრი კარგი და კეთილი ადამიანი დადის, მაგრამ არიან ცუდი ადამიანებიც, ისინი ცოტანი არიან, მაგრამ მაინც არსებობენ... ამიტომ მოდი დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ზომები: უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ უცნობს არ უნდა გაჰყვეს, თუნდაც როდესაც სთავაზობს, – წამოდი ძაღლი მომაძებნინეო. შებნელებულზე არ უნდა იარო მარტო, არავის აქვს უფლება, შენი სხეულის იმ ადგილს შეეხოს, რასაც გიფარავს საცვალი და ა.შ. ამას ბავშვები ძალიან მარტივად იგებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, რაკი ამ ყველაფერს ავუხსნით, საფრთხე აღარ არსებობს. ბავშვის მოტყუება მაინც ძალიან ადვილია, თუმცა როდესაც მას ეცოდინება ეს პრევენციული გაფრთხილებები, რაღაც მომენტში აუცილებლად იმუშავებს.