სად იკრძალება მარიხუანას მოხმარება და რა თანხით შეიძლება დაჯარიმდეს პირი ან დაწესებულება

18:00 09-14-2018
176

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით შს სამინისტრო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს მოითხოვს.

ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "პრაიმტაიმი" გთავაზობთ მთელ რიგ ჩამონათვალს, რა შემთხვევაში დაჯარიმდება პირი, ან დაწესებულება და რა თანხის ოდენობით მარიხუანას მოხმარებისთვის:

ამ ცვლილების მიხედვით, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით.

​კანაფისა და მარიხუანას მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

ასევე, არ შეიძლება მარიხუანას მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირისთვის, წესის დარღვევის შემთხვევაში, ეს იქნება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით დასჯადი ქმედება. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ეს პირი 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმდება.

ამასთან, კანაფის ან მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება: ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. განმეორების შემთხვევაში - 1000 ლარიდან 1500 ლარამდე.

გარდა ამისა, 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ან სასწავლო-საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში - 1500 ლარიდან 2000 ლარამდე.

მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას.

ასევე, აიკრძალება მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში და გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზრდება.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ არ მოხდება ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიღება კანაფისა და მარიხუანას მოხმარების ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე, დაწესებულება დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 2 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეინახა ან შეიძინა, თუნდაც ეს იყოს 21 წლამდე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას დახმარების მიღების მიზნით, გათავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. 

კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია როგორც 1500 ლარიანი ჯარიმის გამოწერა, ასევე, ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

ავტორი: ნინო რაზმაძე