მარიხუანა უნდა იყოს ლეგალური...გვჭირდება ნარკოპოლიტიკის შეცვლა, მისი ლიბერალიზაცია - გიგი უგულავა

16:54 09-14-2018
56

"თუ ერთ ადამიანს აქვს მისი დათესვის უფლება, მეორე ადამიანსაც უნდა ჰქონდეს" - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა მთავრობის ინიციატივას მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით.

უგულავა ამბობს, რომ ლიცენზიის გაცემა არასწორია, რადგან თუ ერთ ადამიანს შეუძლია მისი დათესვა, მეორესაც უნდა შეეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიქმნება უთანაბრობა, გაიზრდება კორუფციის რისკი და შეიზღუდება მოქალაქეების უფლებები.

"ეს ეწინააღმდეგება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, ეს ეწინააღმდეგება საერთოდ ჯანსაღ აზრს და ლახავს მოქალაქის უფლებას" - დასძინა "ევროპული საქართველოს" წევრმა.

მისი თქმით მარიხუანას ლეგალიზება სწორი ფორმით უნდა მოხდეს, ამისათვის კი ნარკოპოლიკის შეცვლაა საჭირო, რასაც ევროპული საქართველო განახორციელებს:

"ჩვენ მომხრე ვართ მარიხუანას სწორი ფორმით ლეგალიზების. ამით სინთეტიკური ნარკოტიკებისგან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. 

მარიხუანა უნდა იყოს ლეგალური და მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული, შესაბამისად, ასე ჩვენ ავიცილებთ ბევრ ფატალურ შემთხვევას, რასაც სამწუხაროდ ყოველდღიურად, არალეგალური ნარკოტიკების უკონტროლო მოხმარების შედეგად ვხედავთ. წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ ეკონომიკაზე და რაღაც ვირტუალურ სარგებელზეა, ჩვენ კი გვჭირდება ნარკოპოლიტიკის შეცვლა, მისი ლიბერალიზაცია, რასაც ევროპული საქართველო აუცილებლად გააკეთებს" - განაცხადა უგულავამ. 

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. იდეის ინიციატორი შსს-ა.

ავტორი: ნინო რაზმაძე