შსს-ს განცხადება ხელთუბანში გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, რომლის გამოც საპროტესტო აქცია იმართება

15:16 09-14-2018
83

სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილ ახალგაზრდა კაცზე, რომლის გამოც გორში აქცია მიმდინარეობს, შსს ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა" - ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ ხელთუბანში, 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა დღეს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე აქცია გამართეს და 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეაფერხეს. გზის გადაკეტვას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით კი ცენტრალურ მაგისტრალთან გამართული აქციის მონაწილეებმა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს, სადაც მათ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ.

მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მუხლით, მერებაშვილის ოჯახი კი, საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

 

ავტორი: ნინო რაზმაძე