პარლამენტში მარიხუანას მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შევიდა

14:15 09-14-2018
26

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მთავრობამ პარლამენტს მარიხუანას მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გადაუგზავნა, რომელიც 12 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

კანონპროექტი, რომლის ავტორია შსს, მკაცრ ჩარჩოებს ქმნის მარიხუანის საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის. კანონპროექტის თანახმად, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საჯარო მოხელეებისთვის, პედაგოგებისთვის ექიმებისთვის. მოზარდების მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად დაისჯება 21 წლამდე პირის მიერ მარიხუანის მოხმარება, ასევე სისხლის სამართლის წესით დაისჯება 21 წლამდე პირთა მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება. გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის. ამასთანავე, მკაცრად რეგლამენტირებული იქნება კანაფის კულტივაცია, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო პროცესი.