(Exclusive) "სიტროენ ჯორჯია" ხადურის წინააღმდეგ სკანდალურ ჩანაწერს სასამართლოში გაასაჯაროვებს

13:53 09-14-2018
177

"სიტროენ ჯორჯიასა" და ჯანდაცვის სამინისტროს შორის სასამართლო დავასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა გამოიტანა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ის არის გარეული კარტერულ გარიგებაში.

ამის შესახებ "სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელმა გიორგი შარაშიძემ "პრაიმტაიმს" უთხრა და აღნიშნა, რომ სკანდალურ აუდიოჩანაწერსა და დასკვნას დღეს, საქალაქო სასამართლოში, 15:00 საათზე, პროცესზე გაასაჯაროებს. 

"მე არ ვიცი რის სანაცვლოდ, მაგრამ ის ჩანაწერი, რომელიც ჩვენ და ბატონ ნოდარს შორის მოხდა, ეს არის ოფიციალური ჩანაწერი, ადასტურებს ამ ყველაფერს. მან გამოიტანა სკანდალური გადაწყვეტილება, ეს ალბათ ზეწოლის ქვეშ მოხდა, რადგან სხვანაირად ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, რომელიც პირდაპირ თავის თავს ვნებს. ჩვენ დღეს სასამართლოზე ამას გავასაჯაროვებთ, რაც პირდაპირ ამტკიცებს იმას, რომ ნოდარ ხადურს აქვს გარკვეული შეთანხმება კარტელთან. არ შევალ შეთქმულების თეორიებში არის ეს კორუფცია თუ ხელის დაფარება, თუმცაღა ორივე შემთხვევაში, ნოდარ ხადური არის არაკეთილსინდისიერი მქმედებელი, რომელმაც თავისი ხელით მოაწერა ხელი ამ მასალას და გადმოგვცა ჩვენ", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

მისი თქმით, დასკვნა დაახლოებით ერთი თვის წინანდელია.

"ბატონმა ნოდარმა თვითონ გამოუტანა თავის თავს განაჩენი, რაც ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის", - აცხადებს გიორგი შარაშიძე და არ გამორიცხავს, რომ ნოდარ ხადურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

"არ ჩავერევი გამოძიების საქმეში, თუმცა ეს არის დაახლოებით ისეთი რამ, როგორიცაა სამსახურეობრივი გულგრილობა, ან კორუფცია, ორივე როგორც ვიცი, სისხლის სამართლის დანაშაულია. ერთი რამ ცხადია, ნოდარ ხადური შეუფერებელია იმ თანამდებობისთვის, რომელსაც იკავებს", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი. 

შეგახსენებთ, რომ"სიტროენ ჯორჯიამ"2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ავტორი: ლილუ მიროტაძე