ჰქონდა თუ არა გორში 14 წლის გოგონას სიკვდილს კავშირი "ლურჯ ვეშაპთან" ?

16:30 09-13-2018
328

14 წლის გოგონა, რომელმაც გორში, გუშინ ღამით, სავარაუდოდ, თავი მოიკლა, ერთ-ერთი ვერსიით, რომელზეც გარდაცვლილის მეზობლები საუბრობენ, „ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა. 

„ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა. ეხლაც მაგას ამბობენ, ხშირად დადიოდა ღამით გარეთ. აღმოაჩინეს რომ მუცელიც დასერილი ჰქონია. დედამ არ იცოდა, რომ თამაშობდა. თვითონ თქვა მეგობრებთან", - აცხადებს გვანცა ცერცვაძე.

"პრაიმტაიმმა" აღნიშნულ ვერსიასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძია. სანდო წყაროს ცნობით, 14 წლის მოზარდის სიკვდილს "ლურჯ ვეშაპთან" კავშირი არ აქვს, რადგან გარდაცვლილის ოჯახს, ერთადერთი ტექნიკური საშუალება, რაც გააჩნდა,  გარდაცვლილის დედის დალეწილი ტელეფონი იყო. ამასთან, ოჯახს სახლში ინტერნეტი არ ჰქონდა და შესაბამისად, გარდაცვლილს სოციალურ ქსელებთანაც კავშირი ვერ ექნებოდა. 

რაც შეეხება ჭრილობას, რომელიც გარდაცვლილ მოზარდს მუცლის არეში აღმოაჩნდა, "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ეს ნაიარევი 4 წლის წინანდელია, რა დროსაც გარდაცვლილი გოგონა 10 წლის უნდა ყოფილიყო. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ცნობისთვის, "ლურჯი ვეშაპი" ინტერნეტ თამაშია, რომელიც მოზარდებს თვითდაზიანებისკენ და თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. თამაში 50 დღეს გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მონაწილეებს “დავალებებს” აძლევენ. 

ავტორი: ლელა მდივანი