განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13:22 09-13-2018
22

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 მარტს, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, გ.გ.-მ ვალის გამო გამოწვეული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ბიძაშვილს - რ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. მიღებული ჭრილობების შედეგად რ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.  

 

სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 15 მარტს, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას),  236-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.