პროკურატურამ "იბერიასთან" დაკავშირებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

17:23 09-12-2018
58

12 სექტემბერს, ქ.თბილისის პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. 

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ  ლ.ყ.-ს და ზ.ო.-ს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე. 

ამასთან,  აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი,  2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უ.მ.-მ, რომლის სახელიც, სავარაუდოდ,  საუბარში ფიგურირებს.

გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას.