მზად ვართ, მარიხუანას საკითხზე ყველაზე ოპტიმალური რეგულაციები მივიღოთ - თალაკვაძე

16:56 09-12-2018
36

მზად ვართ, მარიხუანას საკითხზე ყველაზე ოპტიმალური რეგულაციები მივიღოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვერანაირი ადმინისტრირება ვერ ხდება. გაუგებარია მომყვანებიც, მომხმარებლებიც და გამსაღებლებიც. ყველას სხვადასხვა რამე ჰგონია. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ უმკაცრესი რეგულაციები უნდა დაწესდეს. რაც შეეხება საპარლამენტო განხილვებს, ამას სამი მოსმენა დასჭირდება. ეს ერთი თვის საქმე არ არის. ეს ერთი სესიის საქმე არ არის. ამას სამი მოსმენა მხოლოდ პლენარულ სესიაზე სჭირდება. მანამდე ყველა კომიტეტშია განსახილველი. ჩვენ ამ თანამშრომლობისთვის გახსნილები ვართ. ჩვენ მზად ვართ, ყველაზე ოპტიმალური რეგულაციები მივიღოთ, რომელიც სამი ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარება – ახალი თაობა დავიცვათ, ვისაც პრობლემა აქვს, ვუმკურნალოთ და პოლიციას შესაძლებლობა მივცეთ, ნარკოტრაფიკს ეფექტურად ებრძოლოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ისეთი რეგულაცია შემოდის, რომლითაც მარიხუანას გასაღება მხოლოდ გაყიდვა არ იქნება.

„გადაცემაც ისევე მკაცრად დაისჯება, როგორც გაყიდვა. იმიტომ, რომ დღევანდელი გასაღების ქსელი პრაქტიკულად იმის საშუალებას აღარ გვიტოვებს, რომ ფულის ხელიდან ხელში გადაცემის ფაქტი დავადგინოთ და ეს პოლიციას ხელს უშლის, გამსაღებელი პასუხისგებაში მისცეს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, ნარკოდამოკიდებულების თემაზე მუშაობა სამ სხვადასხვა სამსახურში მოუწია.

„მაშინ, როცა სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მოადგილე ვიყავი. ასევე, ჯანდაცვის სფეროდან, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს და ორ წელზე მეტხანს მუშაობა მომიწია როგორც პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ბრძოლა აქვს ჩატარებული. თითქმის 20 წლის განმავლობაში საქართველოს ნარკოპოლიტიკის სფეროში კანონმდებლობა უკეთესობისკენ არ შეუცვლია. 2012 წლიდან ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკაში

უფრო ადამიანური მიდგომები აირჩია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით ხელისუფლება დღეს რეაგირების რეჟიმშია, რადგან ეს საკითხი სასწრაფო დარეგულირებას საჭიროებს.

„აუცილებელია, იყოს მკაცრი აკრძალვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. აუცილებელია, ეს შეზღუდვა 21 წლამდე იყოს. დაყოლიებაზე ძალიან მკაცრი სასჯელი უნდა იყოს. პროფესიებს როცა ეხება საქმე, არამარტო საჯარო სამსახურში, არამედ კერძო სექტორში ის პროფესიები, სადაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პროფესიონალი საფრთხეს უქმნის მესამე პირის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, აქაც მკაცრი სანქციების შემოღებას ვეთანხმებით. შემდეგი საკითხი პოპულარიზაცია და რეკლამაა. ამ ცვლილებებით ესეც მკაცრად რეგულირდება. შემოსავლის გარეშე პოპულარიზაციაც მკაცრად სანქცირებული იქნება. პარლამენტში განხილვებია და შეიძლება, დაკორექტირდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.