„ყველას გადახაზვით თქვენ ხმას აძლევთ სალომე ზურაბიშვილს“ - დამატებითი ბონუსები კანონში

15:38 09-12-2018
519

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

რა თქმა, უნდა ამ სქემას გაყალბებას ვერ დაარქმევ, მაგრამ, ეს კანონით მანიპულაციას, ალბათ, მაინც ნიშნავს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიღებული რეგულაცია ახლა ხაფანგში მათვე აქცევს. საარჩევნო კანონმდებლობა ისეა აწყობილი, რომ, ადმინისტრაციული რესურსის გარდა, მმართველ ძალას დამატებით ბონუსსაც აძლევს.

მაგალითად, ისევე როგორც პარტია „ქართულ ოცნებაში“, მათ ელექტორატშიც არსებობს გავლენიანი ჯგუფები, ვინც სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს არ უჭერს. თავად საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმაც განაცხადა, რომ ის მის მიმართ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას გაგებით ეკიდება.

NDI–ს  ბოლო კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია მის ინტერესებს არ გამოხატავს. ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს მმართველ პარტიასთან შეჭიდებისა და გამარჯვების მეტი შანსი აქვთ. ამავე კვლევის თანახმად, ოდნავ მეტია ჩამოუყალიბებელი ელექტორატი.

სალომე ზურაბიშვილი, ერთი მხრივ, კი არის დამოუკიდებელი კანდიდატი და ის პოლიტიკური პარტიის ინტერესებს არ გამოხატავს – შესაბამისად, პოტენციურად, ამ 41% ამომრჩევლის  რაღაც ნაწილისთვის ის ამ მხრივ მისაღები უნდა იყოს – თუმცა, მეორე მხრივ, მმართველი ძალის ელექტორატისთვის, მისი გარკვეული ნაწილისთვის, ის იმდენად მიუღებელია, რომ მზად არის, საკუთარი პროტესტი არჩევნებზე მისვლითა და ბიულეტენში ყველას გადახაზვით გამოხატოს. 

„ქართულმა ოცნებამ“ ელექტორატს ვერ შესთავაზა მისაღები ალტერნატივა, თუმცა, ვერც ოპოზიციამ შეძლო ეს. ამ ყველაფრის გამო კი საპროტესტო მუხტი მხოლოდ იზრდება. განწყობა – მივალ და ყველას გადავხაზავ ან საერთოდ არ გავალ არჩევნებზე, უფრო მაღალია, ვიდრე ვინმეს მხარდაჭერის სურვილი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აქტივობა დაბალი იქნება, არჩევნებზე გავლენ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები და ისინი, ვინც მზად არიან პროტესტის აქტიურად გამოხატვისთვის – მათ სურთ ყველა გადახაზონ და ამით თქვან: ჩვენ არჩევნებზე გასვლა კი არ გვეზარება, არამედ არ მოგვწონს ის, რაც ამ ბიულეტენში წერია. 

პარალელურად, ცესკო, პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი არჩევნების დღეს აქტიურობისკენ მოგვიწოდებენ. თუმცა, ბევრმა არ იცით, რომ, თუკი თქვენ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მიხვალთ, ბიულეტენს აიღებთ და პროტესტის ნიშნად ყველა კანდიდატს გადახაზავთ, თქვენი ბიულეტენი გაბათილდება. თქვენს ხმას სისტემა არ დაითვლის, ჩაითვლება, თითქოს უბანზე არც გამოჩენილხართ, არც ბიულეტენი აგიღიათ და არც პოზიცია დაგიფიქსირებიათ.  

ეს რეგულაცია შესაძლოა სწორედ სალომე ზურაბიშვილს დაეხმაროს პირველივე ტურში გასვლაში. მეორე ტურში კი ისედაც დაეხმარება.

თავის დროზე კანონში შესწორება 2007-08 წლებში მიიღეს, მაშინდელი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. თუმცა, მაშინ ასეთი დათქმა ჩაიწერა: რეგულაცია ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ის რთული საპრეზიდენტო არჩევნები იყო, პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა და სააკაშვილმა მაშინ ლევან გაჩეჩილაძეს 2-3%-ით მოუგო. ამბობენ, რომ მერე სააკაშვილი ჩხუბობდა: ახალი რეგულაცია რატომ ამავე არჩევნებზე არ აამოქმედეთო.

თუმცა, მაშინდელ მმართველ ძალას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე სჭირდებოდა დახმარება, და ეს რეგულაცია, ალბათ, დაეხმარა კიდეც. 

„ყველას გადახაზვით თქვენ ხმას აძლევთ სალომე ზურაბიშვილს“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი. მისი განმარტებით, გაბათილებული ბიულეტენი კვოტას დაბლა სწევს. ეს კი, ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების შანსებს უზრდის, მათ შორის, შესაძლოა, პირველივე ტურში. ექსპერტების გათვლებით, ეს შანსები მცირეა, სულ რაღაც 2%-მდე, თუმცა, მაგალითად, პირველ ტურშივე გამარჯვებისთვის ეს სერიოზული პროცენტია და არჩევნების შედეგებზეც იმოქმედებს.

ლევან ალაფიშვილი, ექსპერტი: „ნათელი წარმოდგენა რომ შეექმნას მკითხველს, მაგალითი მოვიყვანოთ. უხეში დაანგარიშებაა, მაგრამ სურათს კარგად აღწერს: ამომრჩეველი არის 100%, არჩევნებზე მივიდა 80%. აქედან, 50%-მა ყველა გადახაზა. 20%-მა სალომეს მისცა ხმა, 10%-ის ხმები ოპოზიციაზე გადანაწილდა. კანონის თანახმად, 50% არ ითვლება, შესაბამისად, გამარჯვებული რჩება სალომე ზურაბიშვილი“.

2008 წლის იანვარში პარლამენტში მიღებული ამ ნორმით, ის ამომრჩეველი, ვინც მიდის, ბიულეტენში ყველას ხაზავს და გამოხატავს საკუთარ პროტესტს, – კვლევების მიხედვით, როგორც უკვე გითხარით, ასეთი საკმაოდ ბევრია, – არ ითვლება არჩევნებზე გამოცხადებულად, მიუხედავად იმისა, რომ მას ბიულეტენი აღებული აქვს, მარკირებულია და ხელიც მოწერილი აქვს შესაბამის დოკუმენტზე. მაშინ ჩათვალეს, რომ მხოლოდ პოზიციის მქონე პირი უნდა მივიდეს არჩევნებზე, ანუ მხოლოდ ის, ვინც იცის, ვის აძლევს ხმას. შესაბამისად, კანონმა გვითხრა: თუ პროტესტი გაქვთ და ხმას არავის აძლევთ, სახლში დარჩითო.

მოგვიანებით, უკვე ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, ამ რეგულაციამ კანონიდან უკვე კონსტიტუციაში გადაინაცვლა, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი გასაჩივრებისა და შეჩერების, ან გაუქმების იდეა რომ არავის გასჩენოდა.