მამუკა ბახტაძე - 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოში თითქმის 1 300 000 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა

12:57 09-12-2018
22

2018 წლის აგვისტოს  მონაცემებით საქართველოში თითქმის 1 300 000 საერთაშორისო  მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს თითქმის 10 პროცენტით აღემატება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით,  ჯამში, 6 თვის მონაცემებით,  ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 12 პროცენტით არის გაზრდილი.

„საქართველო შევიდა იმ ქვეყნების ტოპ ხუთეულში, სადაც ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ ტურიზმის მიმართულებით, არის ეფექტიანი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დამატებითი სტიმული, სექტორში მეტი კაპიტალიზაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წინა მთავრობის სხდომაზე განხილული იყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უკრაინასთან მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი.

„ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ უნდა განვაზოგადოთ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.