დავით გამცემლიძე: „მერკელის მთავარი მესიჯია: „გაუფრთხილდით ამჟამინდელ „სტატუს ქვოს!“

13:38 08-22-2018
723

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

როგორი ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ანგელა მერკელთან, რატომ შეხვდა გერმანიის კანცლერი მაშინ მაშინდელი ხელისუფლების თავდაცვის მინიტრს და რა განცხადება გააკეთა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა უკვე თბილისში.

ანგელა მერკელის ვიზიტი ახლა ახალ რეალობაში და ვითარება საქართველოს გარშემო - ამ საკითხებზე „პრაიმტაიმს“ ისტორიკოსი და ანალიტიკოსი დავით გამცემლიძე ესაუბრა.

_ანგელა მერკელის ვიზიტი ორ მნიშვნელოვან მოვლენას ემთხვევა, მის ვიზიტს რუსეთში და მოახლოებულ საპრეზიდნეტო არჩევნებს საქართველოში... ეს უბრალო დამთხვევაა? არის რამე, რაც [მესიჯი] მან შეიძლება საქართველოში ჩამოიტანოს? მით უფრო, რომ მერკელისა და პუტინის მეგობრულ ურთიერთობებზე ბევრს წერენ.

_ მოგეხსენებათ, ასეთი „დამთხვევები“ დიდ პლიტიკაში არ ხდება. გერმანიის კანცლერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მუდამ. მით უმეტეს, რომ ეს არის არა „ვიზიტი ექსტრემალურ სიტუაციაში“, როგორც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს, არამედ გეგმიური ვიზიტი. ამ შემთხვევაში მის დიპლომატიურ და პროტოკოლურ ფორმას (ოფიციალურია იგი თუ სამუშაო) გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

          გერმანიის კანცლერი „გეგმიური ვიზიტით“ მხოლოდ ერთხელაა ნამყოფი საქართველოში: ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, თბილისს გერჰარდ შრედერი ეწვია.        მისი მიზანი იყო „დაეაბლანსებინა“, მოსკოვის აღქმაში, ბერლინის იმდროინდელი  ინტერესი და აქტიურობა ბალტიის საკითხში, რათა მოსკოვს არ ჰქონოდა არგუმენტი ისტორიულ ალუზიებზე აპელირებისა, - რაკი ბალტიის რეგიონი ტრადიციულად მოიაზრებოდა მუდამ გერმანიის ისტორიული, მათ შორის კულტურული გავლენის სფეროდ.

          რამდენად მოახერხა მაშინ შრედერმა ამგვარი „დაბალანსება“,  და რამდენად ირწმუნეს ეს მოსკოვში, სხვა საკითხია, თუმცა გერმანული პრესა იმ დროს წერდა, რომ სხვა რაიმე მიზანი საქართველოში ჩამოსვლისა შრედერს ნამდვილად არ ჰქონია.

          მოგვიანებით კი, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი შრედერი „გაზპრომის“ ერთ-ერთი მენეჯერი  და „ჩრდილო ნაკადის“ მთავარი ლობისტი გახდა ევროპაში. გვარიანი ხელფასიც დაუნიშნეს. ოღონდ, ყოფილი კანცლერის გადასვლა „გაზპრომში“ სამუშაოდ მთლიანად შეთანხმებული იყო მოქმედ კანცლერ ანგელა მერკელთან.

          გერმანიის კანცლერის ამჟამინდელი ვიზიტი კავკასიაში თითქოს სულ სხვა „ეპოქაში“ ხორციელდება არა მხოლოდ ქრონოლოგიური, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც მაგრამ......„ავსტრიულ ქორწილში“ პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობა, გარწმუნებთ, სწორედ მასთან იყო შეთანხმებული, ანუ ავსტრიის საგარეო საქმეთა  მინისტრის ან თუნდაც ავსტრიის კანცლერის დონეზე ეს არ გადაწყდებოდა. ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.

          რაც შეეხება მერკელის „მესიჯს“, ეს მესიჯი არ იცვლება წლების განმავლობაში და „დაწურული სახით“ ასე ჟღერს: „გაუფრთხილდით ამჟამინდელ „სტატუს ქვოს!“. იგულისხმება მდგომარეობა  კონფლიქტური ზონების გარშემო.

          იგივე მესიჯი ექნება მას ერევანსა და ბაქოში. და ამ მესიჯს ასე თუ ისე იზიარებენ მოსკოვში.

          გავითვალისწინოთ, რომ გერმანია დღეს უკვე ევროპის ლიდერია. ადრე ამბობდნენ მასზე „ეკონომიკური გიგანტი და პოლიტიკური ჯუჯაო“. ოღონდ ეს გასული საუკუნის 1970-1980-იან წლებში იყო. დღეს, ნურას უკაცრავად: ეკონომიკურმა ძლევამოსილებამ „თავისი ქნა“ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ნამდვილად, სრული უფლებამოსილებით ლაპარაკობს უკვე მთელი ევროკავშირის სახელით. ევროკავშირს კი, უკრაინის ფონზე, ახალი „თავის ტკივილი“ არ სჭირდება.

          ოღონდ ნუ ვიქნებით მაქსიმალისტები და ვაღიაროთ: ის, რომ შრედერის ეპოქისგან განსხვავებით, გერმანიას „თავის ტკივილად“ მიაჩნია რაიმე ახალი რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, უკვე წარმატებაა ჩვენი პატარა ქვეყნისთვის და იმის გარანტიაც, რომ ახალ ტერიტორიებს მაინც არ დავკარგავთ, თუ გონივრულად მოვიქცევით და მეგობრების აზრს გავითვალსიწინებთ.

          ამ მეგობრებს შორის, ამერიკასთან ერთად,  უძლიერესი და შემძლე სწორედ გერმანიაა. ხოლო „აბა მაშინ ტერიტორიებს რატომ ვერ გვიბრუნებსო“ - ბავშვური გულამოსკვნა იქნებოდა მხოლოდ.

_ ოდნავ ისტორიასაც შევეხოთ, რა როლი ითამაშა გერმანიამ საქართველოს განვითარებაში? ის პოზიტიურ როლს უფრო თამაშობდა თუ ნეგატიურს? ნეგატიურს იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ გერმანიის პოზიციის გამო ვერ მიიღო მაპი საქართველომ...შეგვიძლია ამ ისტორიაში - ნატოსთან ჩვენს დაახლოებისა და გაერთიანების გზაზე - პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე მერკელის პოზიციას ავკიდოთ?

_ გერმანიის, ისევე, როგორც სხვა მეგობარი ქვეყნების როლი მხოლოდ დადებითია. თუ რასაკვირველია ვიმსჯელებთ პრაგმატულად და არ ავყვებით კლიშეებს, რომლითაც თურმე გერმანიას ჩვენს გამო უნდა ჩაეგდო ბირთვული საფრთხის ქვეშ მთელი ევროპა და ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის „საგზო რუქა“ დაემტკიცებინა.

          ბერლინი იმ სამიტზე მომხრეც რომ ყოფილიყო, საქართველო MAP-ს მაინც ვერ მიიღებდა! იმიტომ, რომ ეს იყო დასავლური ისტებლიშმენტის კონსოლიდირებული, სოლიდარული პოზიცია.

          ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე უნიჭო და უპასუხისმგებლო ლიდერმა, ჯორჯ ბუშმა იმ სამიტზე  სპექტაკლი გაითამაშა: თურმე ნუ იტყვით, თავად მომხრე იყო და აი საფრანგეთ-გერმანიამ ჩაგვიშალეს. ეს იმიტომ სჭირდებოდა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ღრმად, თანაც ძალიან უპასუხისმგებლოდ „შემოტოპა“ მაშინ პოსტსაბჭოურ სივრცეზე „ხავერდოვანი რევოლუციების“ განმახორციელებელ „პროვაიდერად“ საქართველოს  ქცევაში. ამიტომ სხვაგვარი პოზიცია (ანუ თვითონაც რომ გამოსულიყო წინააღმდეგ საქართველოსთვის MAP-ის დამტკიცებისა) „იმიჯური“ დანაკარგი იქნებოდა მისთვის.

           თუმცა, როდესაც კრემლმა ამ ჩვენი „პროვაიდერის“ წინააღმდეგ  უმოწყალო აგრესია განახორციელა, იმ აგრესიის შეჩერებაში სარკოზიმ, მერკელმა და (ეს ცოტამ იცის) განსაკუთრებით სილვიო ბერლუსკონიმ ბევრად დიდი როლი შეასრულეს, ვიდრე ბუშმა.

          ამდენად, გერმანიის როლი ძალიან პოზიტიურია „იქ და მაშინ“, როდესაც მოვითხოვთ იმას, რაც რეალურია. არეალურს გერმანიას ნუ მოვთხოვთ. არც ახლო წარსულში უნდა მოგვეთხოვა

          დღეს სავსებით რეალურია ფრაუ მერკელს მოვთხოვოთ ოკუპირებული ტერიტორიების  „არაღიარების პოლიტიკის“ შემდგომი გაძლიერება, საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის დამკვირვებელთა მეტი აქტიურობა და ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერა.   ალბათ მეტი ტოლერანტობაც იმ საბრალო ქართველი ემიგრანტების მიმართ, რომლებიც პატიოსანი შრომით შოულობენ ლუკმა-პურს ევროპაში.  ყველა ქართველი არ ყაჩაღობს და არ იპარავს გერმანიაში.

          აი ეს ნამდვილად   მიღწევადი ამოცანებია.

_ ეს მერკელის მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად, ის 2008 წელს იყო, შეგვიძლია ამ ორ ვიზიტს შორის რაიმე პარალელის გავლება? რა მისია აქვს ახლა კანცლერს?

_ როგორც მოგახსენეთ 2008 წლის სტუმრობა  ე.წ „ექსტრემალურ ვითარებაში“ - „ხანძრის ჩასაქრობად“ განხორციელებულ ვიზიტებს განეკუთვნება. მერკელი მაშინ რუსეთიდან ჩამოვიდა, სადაც პრეზიდენტ მედევდევთან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „რუსეთის ზოგიერთი ქმედება გამართლებული იყო“.

          ასე თქვა სიტყვა-სიტყვით და ზუსტად მახსოვს, რომ ეს ფრაზა CNN-მა „ქუდად“ დაადო პირდაპირ რეპორტაჟს იმ პრეს-კონფერენციიდან

          ანგელა მერკელი ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი პოლიტიკოსია, მაგრამ იმ მომენტში აშკარად განრისხებული იყო საქართველოს ხელისუფლებაზე. იმიტომ, რომ 2004, 2005, 2006, 2007 წლებში ხშირად ხვდებოდა ჩვენი ქვეყნის ლიდერებს. ერთხელ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც კი მიიწვია სპეციალურად ბერლინში და მუდამ ეუბნებოდა მათ ერთსა და იგივეს: „ნუ ანგრევთ „სტატუს ქვოს“, რომელიც ჩამოყალიბდა კონფლიქტების ირგვლივ! თორემ ვერ დაგეხმარებით, ვერ გიშველით......“

          ეს ნიშანდობლივი „დაპატიჟება“ იმას მოჰყვა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ახალი წლის ცხინვალში აღნიშვნა“ დააანონსა. სხვა პრეცედენტი არ მახსენდება, გერმანიის კანცლერი რომელიმე პოსტსაბჭოური ქვეყნის თავდაცვის მინისტრს შეხვედროდა.

          ბერლინიდან დაბრუნებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა მედიდური ტონით განაცხადა: „ზოგიერთი ევროპელი სკეპტიკოსის გასაგონად ვიტყვი, რომ ქართველები თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ბოლომდე ვიბრძოლებთო“ (ციტატის დასასრული)

          ამას რომ ახსენებენ ხოლმე, იმდროინდელი „დისიჟენ მეიკერები“ ტრადიციულად ბრაზდებიან - „აბა რა გვექნა, კონკრეტულად როგორ უნდა მოვქეულიყავით 2008 წლის 7 აგვისტოსო“.

          ჯიუტად არ სურდათ და არც ახლა სურთ გაიგონ, რომ საქმე 7 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება როდია. 2008 წლის 7 აგვისტოს სხვაგვარად უკვე მართლა ვერ მოიქცეოდნენ. მაგრამ ფრაუ მერკელისთვის „სატუს ქვოს ხელის არხლება“, 2004 წლიდან,  ნიშნავდა უარს ე.წ. „სამშვიდობო ძალთა“ სტატუსის შეცვლის მცდელობაზე, უარს მათ ჩანაცვლებაზე, უარს „ერგნეთის ბაზრის“ დახურვაზე, უარს „სანაკოევის ადმინისტრაციის“ შექმნაზე და საერთოდ ყველა იმ ნაბიჯზე, რაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“ არსებულ სტატუს-ქვოს დაანგრევდა კონფლიქტის ზონაში!

          ამას გვეუბნებოდა დაჟინებით მერკელი! იმიტომ, რომ გერმანიის კანცლერინი და მისი „სტაფი“ ზუსტად თვლიდა რას-რა მოჰყვებოდა, რას-რითი უპასუხებდა ჩვენი „ჩრდილოელი აგრესორი“ და რომ მერე ამ „გაცოფებული დათვის“ დაშოშმინება უკვე ძალიან ძნელი იქნებოდა.

          არ შევისმინეთ ამ ბრძენი, გამოცდილი პოლიტიკოსის  გაფრთხილება და რა ექნა მერკელს? 2008 წლის აგვისტოში მაქსიმუმი მოახერხა და ძალიან დიდი წვლილიც შეიტანა (სწორედ მისი თხოვნით დაურეკა ბერლუსკონიმ იმ საბედისწერო დღეს, 11 აგვისტოს, - პუტინს), რომ კიდევ უარესი არ მოხდა, რაც სავსებით შესაძლებელი იყო.

          არავინ არ აპირებდა საქართველოს გამო რუსეთთან ომის დაწყებას, რაც არ უნდა ჩაედინა კიდევ რუსულ არმიას!  ეს არის ზღაპარი. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ორი „ჰამერი“, რომელიც ფოთში ჩაიგდეს ხელთ რუსმა აგრესორებმა და დღესაც მოსკოვის მუზეუმშია „სამხედრო ალაფის“ სახით გამოფენილი.

          ეს ფაქტიც ძალიან იოლი გადასამოწმებელია - როდის მოხდა და როგორ

          კვლავ ვიმეორებ: 2004 წლიდან - 2008 წლამდე მერკელი  ხშირად ხვდებოდა ქართველ ლიდერებს, ერთხელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსაც კი შეხვდა! მერკელის დავალებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი აქტიურად კურსირებდა თბილისსა და მოსკოვს შორის, რაღაც „სამშვიდობო გეგმებს“ ამუშავებდა...... თუმცა ეს აქტიურობა აქ არასწორად გაიგეს: „გერმანია გვეხმარება სამაჩაბლო დავიბრუნოთ, იქედან რუსები გავაპანღუროთ და ბუნდესვერი შემოვიყვანოთო“. სინამდვილეში კი, შტაინმაიერის მაშინდელი აქტიურობობის მიზანი „სტატუს ქვოს“ შენარჩუნებაში ჩვენი დახმარება იყო და მეტი არაფერი.

_ ჩანდა,  სააკაშვილს რთული ურთერითობები ჰქონდა გერმანიასთან...

_ ჰოდა სწორედ  ამ მიზეზით ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს „რთული ურთიერთობა“ გერმანიასთან! ეუბნებოდნენ ბერლინში მუდამ: „არ ახლო ხელი „სტატუს ქვოს“ კონფლიქტის ზონებში, ნუ მოითხოვთ „სამშვიდობოების“ ჩანაცვლებას, ნუ ქმნით „სანაკოევის ადმინისტრაციას“, ერთი სიტყვით ნუ აცოფებთ დათვს, რადგან დაგემართებათ უარესი და ჩვენ ვერ დაგიცავთ“

          ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს 2008 წელს „ომი სააკაშვილმა დაიწყო“.  ომი რუსეთმა დაიწყო! ამაზე ორი აზრი უბრალოდ არ არსებობს: დიახ,  2008 წლის 7 აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა მისი მარიონეტების - ოსი სეპარატისტების ხელით. მაგრამ რუსული აგრესია იმან გამოიწვია, რომ საქართველომ, 2004 წლიდან, დაანგრია კონფლიქტის ზონაში არსებული „სტატუს ქვო“, - დახურა ერგნეთის ბაზრობა, დაიწყო აქტიური მუშაობა რუსული ე.წ. „სამშვიდობო ძალების“ ჩასანაცვლებლად, აქტიურად განიხილავდა რუსული კონტინგენტის გაყვანის საკითხს, შექმნა „სანაკოევის ადმინისტრაცია“, ანუ არ დატოვა ყველაფერი ისე, როგორც იყო 2004 წლის 31 მაისისთვის, როდესაც ზურაბ ჟვანიას მითითებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ „სამხრეთ ოსეთში“ სპეცდანი გადასხა ვერტმფრენებით.

          სწორედ ამას მოითხოვდა მუდამ მერკელი: არ ახლოთ ხელი ცუდ „სტატუს ქვოს“, - დაგემართებათ უარესი!

          ამასთან,  საქართველო გახდა „ხავერდოვანი რევოლუციების“ პროვაიდერი პოსტსაბჭოურ სივრცეზე და ისე გამოვიდა, რომ მთლიანობაში გავაკეთეთ  არჩევანი „ცუდსა და უარესს“ შორის -  „უარესის“ სასარგებლოდ.

          არადა, ხომ გვეუბნებოდა ეს ადამიანი დაბეჯითებით წლების განმავლობაში: „ერგნეთის კონტრაბანდა ძალიან ცუდია, ოსური სეპარატიზმიც ძალიან ცუდია, რუსეთის სამხედრო ექსკლუზივიც კონფლიქტის ზონაში  ძალიან ცუდია, მაგრამ მაინც  ნაკლები უბედურება იმასთან შედარებით რაც „სტაუს ქვოს“ დანგრევის შემდეგ დაგემართებათო“.

          არ დავუჯერეთ. ჰოდა რა ექნა ამ ქალბატონს?

          სამაგიეროდ, უკვე ომის შემდეგ „დაუჯერა“ ამერიკის პასუხისმგებელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისი პოზიცია საქართველოს მიმართ ბევრად ფრთხილი გამოდგა.  იმავდროულად, სწორედ ობამას პრეზიდენტობისას, ამერიკამ ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს და ფაქტიურად გადაარჩინა ეს ქვეყანა ჩამოშლა-განადგურებას. ამ დახმარების ბუშის ადმინისტრაციისთვის „მიწერა“ არაზუსტი იქნებოდა - სინამდვილეში იგი, რეალურად, სწორედ ობამა-კლინტონმა განახორციელეს.

          თუმცა, მოდით, თქვენს კითხვაზე სრულად საპასუხოდ,  კიდევ უფრო ადრინდელ ეპოქაში გადავინაცვლოთ და შევადაროთ, რა ურთიერთობა არსებობდა ბერლინსა და თბილისს შორის ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას. მხოლოდ ერთი სიტყვით თუ დავახასიათებთ -  შესანიშნავი! 

          რად ღირს თუნდაც  საქართველოს პრეზიდენტის ტრიუმფალური ვიზიტები, ქვემეხთა ქუხილი მისი დახვედრისას და ა.შ და ა.შ. მაგრამ ეს იმიტომ, რომ ედუარდ შევარდნაძე არ ანგრევდა „სტატუს ქვოს“ და არ უქმნიდა ბერლინს  პრობლემებს მოსკოვთან ურთიერთობისას!

          სხვა შემთხვევაში, მისი დამსახურება (ალბათ „ოდნავ“ გადაჭარბებულიც) გერმანიის გაერთიანებაში, ბერლინისთვის განმსაზღვრელი ნამდვილად ვერ გახდებოდა.

_ ოფიციალური ინფორმაციის გარდა, თუ გაქვთ რაიმე საინტერესო მოსაზრება ან ინფორმაცია, რომელიც უფრო ნათელს ხდის მერკელის ვიზიტს საქართველოში.

_ ძალიან საშიში ვითარებაა რეგიონში. ასეთი დაძაბულობა ალბათ მას შემდეგ არ ყოფილა, რაც 1983 წელს რუსებმა კორეული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს შორეულ აღმოსავლეთში და მშვიდობიანი ამერიკელები დახოცეს.

          დავაკვირდეთ ძირითად მარკერებს: „ავსტრიული ქორწილიდან“ და ბრანდენბურგის მოლაპარაკებიდან დაბრუნებისთანავე, ვლადიმერ პუტინმა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა არმია. მათ შორის სარაკეტო და ბირთვული ძალები. სექტემბერში რუსული არმია იწყებს ყველაზე მასშტაბურ მანევრებს 1981 წლის შემდეგ (!), როდესაც საბჭოთა ჯარები „პოლონური გაზაფხულის“ სისხლში ჩასახშობად ემზადებოდნენ, თუმცა პოლონური არმიის სარდალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ  სამხედრო მდგომარეობა თვითონ გამოაცხადა.

          მერკელი ხედავს, რომ უკრაინის გარშემო ისეთი კვანძი იკვრება, შეიძლება მთელი ევროპა ჩაითრიოს, ამიტომ მისი მესიჯი, სამხრეთ კავკასაიში, ისევ და ისევ  „სტატუს ქვოს“ შენარჩუნებაა: „არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და შეინარჩუნეთ ის (მაინც) რაც დღეს გაქვთ!“.

          ამჟამად დასავლეთი მეტს ვერაფერს შემოგვთავაზებს.

          მაგრამ, იმავე სტრატეგიის ფარგლებში, მოსკოვშიც ტყუილად ელიან, თითქოს მერკელი საქართველოს ხელისუფლებას რაიმე ფორმით დააძალებს ან აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედებას, ან ევრაზიულ კავშირში შესვლას, ან რაიმე სხვა დათმობას. „სტატუს ქვო“ მეორე მხარეს გადახრასაც გამორიცხავს.

          გერმანია, საფრანგეთი, მთლიანად ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეა. არავინ  აპირებს რუსეთისთვის ჩვენს „ჩაბარებას“ - ეს არის ბოროტი, ხშირ შემთხვევაში განზრახი ტყუილი. მაგრამ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი პარტნიორები მაშინაც კი, როცა არსებული რეალობა ძალიან არ მოგვწონს და არც შეიძლება მოგვწონდეს.

          პოლიტიკა სასტიკია.