ინტერნეტ სივრცეში ახალი სახიფათო თამაში "მიმო" გავრცელდა

21:37 08-14-2018
213

ინტერნეტ სივრცეში ახალი სახიფათო თამაში "მიმო" გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.

მისივე ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირაა მან მსოფლიოს ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საშიში „მომოს“ შესახებ ვიდეომასლა ქართულ ენაზეც არის. "მომო" ტოკიოს ვანილას გალერეის ექსპონატის პროტოტიპია - ქალი ფრინველის ფეხებზე.

კავშირს საშიშ ინტერნეტ ბოტთან მობილური ტელეფონით ამყარებენ, შემდეგ კი აგზავნის საშიშ ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს. "მომო" იძლევა მითითებებსაც და უკანასკნელი დავალება მისგან, მსგავსად "ლურჯი ვეშაპისა" თვითმკვლელობაა.

„მომოსთან“ კონტაქტობენ საქართველოშიც. "კურიერის" რეპორტაჟის გმირი ამბობს, რომ ხშირად ინტერნეტ ბოტი მოზარდებს აშანტაჟებს და მათ სუიციდს აიძულებს. ჯერჯერობით, დაუდგენელია საშიშ ინტერნეტთამაშის უკან რეალური პიროვნებაა თუ ვირუსი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს უკავშირდება.

მსგავსი სახიფათო თამაშებისთვის მოწყვლად ჯგუფებს ძირითადად არასრულწლოვნები წარმოადგენენ. 

ფსიქოლოგები მოუწოდებენ მშობლებს, შეეცადონ დაამყარონ შვილებთან მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობები, რადგან მოიპოვონ მათი ნდობა და ისაუბრონ მათ გატაცებებსა თუ შიშებზე.

საქართველოში ბავშვებმა „მომოს“ შესახებ ბევრი იციან. ზოგი მონსტრს ინტერესის გამო თავადაც უკავშირდება, თუმცა ინტერნეტ ბოტის შესახებ არაფერი იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.