ყოველთვის, როცა სასამართლოს "ნაცმოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ გადაწყვეტილებები გამოაქვს, პრეზიდენტი სასამართლოს წინააღმდეგ აგრესიული ხდება ხოლმე - კობახიძე

19:21 08-14-2018
56

"ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული სასამართლოს წინააღმდეგ. ეს ვერ იქნება უბრალო დამთხვევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა და მაგალითად სააკაშვილის ორ საქმესთან და "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოზიცია მოიყვანა. 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდოამრემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც "ქართულმა ოცნებამ"  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტთან კონსულტაციის გამართვა გადაიფიქრა.

"ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ გვაქვს საკმაოდ პესიმისტური მოლოდინი. ეს დაკავშირებულია წარსულ გამოცდილებასთან. გიორგი მარგველაშვილი რეგულარულად არღვევდა პრინციპებს, როდესაც საქმე ეხებოდა სასამართლოში კადრების გამწესებას. იყო იქ საუბარი თანამშრომლების გამწესებაზე. სხვა მხრივაც იყო არაერთი გადაცდომა. ეს გვიჩენს განცდას, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელებს არა სახელმწიფოებრივი, არამედ სუბიექტური ინტერესებით. მეც მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც დიდი აზრი არ ექნება ამ კონსულტაციებს. დაველოდებით პროცესების განვითარებას. პრეზიდენტს აქვს თავისი პრეროგატივა, პარლამენტს - თავისი და ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პრიორიტეტების შესაბამისად",- განაცხადა კობახიძემ.