ოფიციალური პასუხი, რომ სმიტების მკვლელობაში ბრალდებული ჯანმრთელია, ორ კვირაში იქნება - ალექსანდრე კობაიძე

18:12 08-14-2018
164

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიური მდგომარეობა დღეს ექსპერტთა ჯგუფმა შეამოწმა. როგორც "პრაიმტაიმს" მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნა წერილობითი სახით ორ კვირაში იქნება. მისი მტკიცებით, დასკვნა დაადასტურებს, რომ კობაური ჯანმრთელია, რითაც ადვოკატები მისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებენ.

"ექსპერტთა ჯგუფმა ზეპირსიტყვიერი გასაუბრება ჩაატარა. ოფიციალური პასუხი წერილობით ფორმაში ორ კვირაში იქნება. ლოგიკურად უპასუხა იმ კითხვებს, რაც ექსპერტებს გააჩნდათ. უპასუხა თავად კოლეგიის თავმჯდომარის, წევრების, ფსიქიატრების, ფსიქოლოგების, ადვოკატების კითხვებს. ექსპერტიზის პასუხი დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს, რომ კობაური არ არის შეურაცხადი" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური 3 აგვისტოს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

"ბრალდების მხარე მას ედავება, რომ ჯერ მოკლა ორი ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი და შემდეგ იძალადა ქალზე და ისიც მოკლა. ამიტომ, ბრალდების მხარეს თავად უნდა გადაამოწმოს, რამდენად რელევანტურია აღნიშნული მსჯელობა. თუ დადგინდა, რომ ქმედუნარიანია, გამორიცხულია მას ჩაედინა დანაშაული. ამიტომ ჩვენ ვეთანხმებით ამ ექსპერტიზის დანიშვნას. დარწმუნებული ვართ, კობაური ჯანმრთელია" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ალექსანდრე კობაიძემ.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

პირი, რომელსაც ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობას ედება ბრალად, 1998 წელს დაბადებული, 19 წლის მალხაზ კობაურია. ბრალდებული წილკანის დევნილთა დასახლების მკვიდრია და ხადას ხეობაში მწყემსად მუშაობდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ნინო რაზმაძე