მოტორბოლა, ცივი ლუდი და კონცერტი ზესტაფონში – ზესტაფონმა საზაფხულო ღონისძიებებს უმასპინძლა

16:44 08-14-2018
32

ზესტაფონმა საზაფხულო ღონისძიებებს “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით და ორგანიზებით უმასპინძლა. გუშინ, აზარტის მოყვარულებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან ჩამოსული მოტომრბოლელების  რბოლა ეხილათ, ღონისძიების სტუმრებს კი ცივი ლუდით კომპანია “ზედაზენი” გაუმასპინძლდა.

პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გამარჯვებულები კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.

როგორც პროფესიონალმა მრბოლელმა, გიორგი ოძელაშვილმა განაცხადა, “ჯორჯიან მანგანეზისა” და ადგილობრივი მერიის ორგანიზებით მოწყობილ შეჯიბრში 30-მდე სპორტულმა მოტოციკლმა მიიღო მონაწილეობა. 

“შეჯიბრში მონაწილეობა დაახლოებით 30-მდე სპორტულმა მოტოციკლმა მიიღო მონაწილეობა. ჩამოსულები არიან ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან და სხვადასხვა კუთხიდან. ეს ღონისძიება “ჯორჯიან მანგანეზის” და ადგილობრივი მერიის ორგანიზებით მოეწყო”,-განაცხადა გიორგი ოძელაშვილმა.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის თქმით, კომპანია მომავალშიც იზრუნებს იმაზე, რომ ზესტაფონელებისთვის ამგვარი ღონისძიებები ხშირად მოეწყოს.

“ჩვენ გვინდოდა, რომ ერთი კარგი საღამო გვეჩუქებინა ზესტაფონელებისთვის. ამ ღონისძიების გამართვისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველისგან, ნიკოლოზ ჩიქოვანისგან. როგორც ნახეთ, ჩამოვიდნენ ძალიან სერიოზული ბაიკერები, რომლებმაც საკმაოდ კარგი წარმოდგენა გამართეს. მომავალშიც ვიზრუნებთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ამ ქალაქში კიდევ მოეწყოს”,-განაცხადა ვასილ გველესიანმა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის განცხადებით, მათი სურვილი ქალაქის გამოცოცხლებაა. მან ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ შემსრულებელს მადლობა გადაუხადა.

„გვინდა, გამოვაცოცხლოთ ჩვენი ქალაქი და მუსიკალურ შეხვედრებს ყოველკვირეული სახე მივეცით. ამჯერად „ჯორჯიან მანგანეზი“ და კომპანია „ზედაზენი“ შემოგვიერთდნენ, რომლებმაც ექსტრემალური და საინტერესო საღამო აჩუქეს ზესტაფონს. მადლობა ამ კომპანიებს, თითოეულ შემსრულებელს და ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას“, -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.

საზაფხულო ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ კონცერტი გამართა, სადაც მომღერლებმა – მარიამ კახელიშვილმა და რატი ქარცივაძემ იმღერეს.