მამა, რომელსაც 8 შვილი წლების განმავლობაში სახლში ჩაკეტილი ჰყავდა ბრალს არ აღიარებს

22:00 08-13-2018
380

მამა, რომელსაც 8 შვილი წლების განმავლობაში სახლში ჩაკეტილი ჰყავდა, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ, Rustavi2  წერს. 

სპეციალისტები მისი ფსიქიატრიული მდგომარეობის შესახებ დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ და მის სისხლის სამართლის საქმეს დაურთავენ. ამირან დევნოზაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შვილების მიმართ იძულების მუხლით დაიწყო. მამას სვანეთში წლების განმავლობაში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

47 წლის ამირან დევნოზაშვილს სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი ქალიშვილი 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი 7-ის.  მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მამა ორი კვირის წინ დააკავეს, მისი მეუღლე და შვილები სახლს მაინც არ ტოვებენ. მათთან კონტაქტი უჭირთ სამართალდამცველებსა და სოციალურ მუშაკებს. 

ამირან დევნოზაშვილი შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავა, რაც იძულებას გულისხმობს და 18 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.