"იბლოკებიან მეგობრის მეგობრებიც, ნინი ქარსელაძეც და დათო აბზიანიძეც..." - ზვიად გელბახიანი

17:44 08-13-2018
996
თეგები: ბასიანი

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი მფლობელი, ზვიად, იგივე ეროლ გელბახიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფეისკონტროლის მნიშვნელობასთან და ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს:

"მორიგი კოლექტიური ისტერიაა სერიიდან: გაპზრომი კარგია, RED BULL MUSIC ACADEMY ცუდი. 2 დღეა ვზივარ და ვუყურებ სრულიად "სამემარჯვენეთი" როგორ ითხოვს გიორგი ღვინჯილიას (სრულიად სამემარცხენეთი) არგუმენტებით მიზეზებს კერძო საკუთრებისგან თუ რატომ არ შეუშვა კონკრეტული პირი.

ცნობისათვის: ფეისკონტროლი უკვე არსებობს აწ უკვე მრავალი წელია, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებშიც: იბლოკებიან საერთო ნაცნობებიც, მეგობრის მეგობრებიც, ნინი ქარსელაძეც და დათო აბზიანიძეც. იმიტომ რომ: რამოდენიმე მათგანი ჰეით სფიჩერობს, ბულინგობს, ან იძახის რომ კაცზე საყურე ცუდია. მიზეზი? მიზეზი მარტივია: კარის პოლიტიკის განმსაზღვრელს სურს რომ კლუბში მოხვედრილი საზოგადოებას მაქსიმალური კომფორტი შექუმნას. აღნიშნული პიროვნების იმდროინდელი განცხადებები იძლეოდა იმის რისკს რომ ა) იქ მოხვედრილ უმეტესობას არ გაუსწორდებოდა მისი კლუბში ხილვა ბ) იგივე პიროვნება გარკვეულ ქმედებებს ჩაიდენდა (ამჯერად უკვე კლუბში) რაც უფრო არ გაუსწორდებოდა შიგნით მოხვედრილ საზოგადოებას. ამ მიზეზებით არ უშვებს ფეისკონტროლი შემჩნეულ ქართულ მარშელს ან ძველბიჭს იმიტომ რომ შიგნით მყოფ საზოგადოებას მათი ნახვა არ გაუსწორდებათ. ახლა ვინმეს თუ იმის ილუზია აქვს, რომ დამფუძნებლები ვდგავართ და 1000 კაცს ვცხრილავთ, მაგ ილუზიაშივე დარჩენა სჯობს.

პარასკევს, "ბასიანს" მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით უამრავი ადამიანი აკრიტიკებდა, თუმცა ამისთვის მათ კლუბში შესვლის უფლება არავის არ წაურთმევია. რამოდენიმე მათგანი იმავე საღამოს ბასიანზე ერთობოდა.

ის უფრო მიუღებელი იქნებოდა “ფეისკონტროლს” აღნიშნული პიროვნება მხოლოდ იმიტომ გაეტარებინა (მიუხედავად ჩამოთვლილი მიზეზებისა) რომ იგი ცნობადი სახეა, დიდი ფანკლუბი ყავს, ან თუნდაც თავიანთი ნაცნობია და შემდეგ ამავე ადამიანს ის ეჭვები გაემართლებინა, რაზეც ვისაუბრე. აქვე დავძენ რომ ეს ვრცელდებოდა კონკრეტულად პარასკევზე და იმ ღამეზე. ბუნებრივია ყოფილან დაბლოკილი ხალხი, რომელიც რამოდენიმე კვირის შემდეგ კლუბში მინახავს. ვინაიდან იგივე ფეისკონტროლი მის შემოშვებაში ნაკლებ რისკს ხედავს რომ იქ მყოფ ხალხს დისკომფორტს შეუქმნას", - წერს კლუბის ერთ-ერთი მეპატრონე.

ცოტა ხნის წინ კლუბ “ბასიანმა” კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაიარა. თავდაპირველად, მოსკოვში გამართულ ელექტრონულ ფესტივალზე მონაწილეობას დათანხმდნენ, სადაც კლუბის 3 რეზიდენტს უნდა დაეკრა, თუმცა საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.

დათო აბზიანიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც მოსკოვში ფესტივალში მონაწილეობაზე დათანხმება კლუბს არ შეუქო და მისთვის ჩვეული შარჟითა და ირონიით გააკრიტიკაამის შემდეგ დათო აბზიანიძე ჯგუფიდან BASSIANI (only ravers) ამოშალეს, ხოლო შემდეგ კლუბში მან ფეის კონტროლი ვერ გაიარა.

“საღოლ, საღოლ. ბოლო 1 წელია ყოველ პარასკევს აქ ცეკვაში ვატარებ, მაგრამ დღეს ფეისკონტროლმა არ შემიშვა. ალბათ, ბასიანის წმინდა მუზარადზე ხუმრობისთვის.” – წერდა დათო.

დათოს ამ ბრალდებაზე კლუბის თანადამფუძნებელმა, ზვიად გელბახიანმა უპასუხა, რომლის მიხედვითაც, აბზიანიძე იდეურად იყო აცდენილი, რის გამოც მას შეიძლებოდა დესტაბილიზაცია გამოეწვია და არ დაიშვა კლუბში.