"მეუფე იაკობი პირდაპირ ამბიონიდან ჭორაობს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ჩემი ძმა არ შეიწყალოს" - თორნიკე მამალაძე

14:34 08-13-2018
180

ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, "პრაიმტაიმთან" მეუფე იაკობის ბრალდებებზე საუბრობს, რომელიც მამა იაკობმა გიორგი მამალაძის მისამართით გააჟღერა.

როგორც თორნიკე მამალაძემ განაცხადა, მსგავს განცხადებებს მეუფე იაკობი იმის გამო აკეთებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, თავისი ძმა არ შეიწყალოს.

"პირველივე დღეებიდან, როდესაც ჩემი ძმა დააპატიმრეს და მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში, ამის ოფიციალური ვერსიაც არ არსებობს. პატრიარქის მკვლელობის მომზადება ან პატრიარქის მოშორება, რაც თავის დროზე მთავრობის წევრებმაც და საზოგადოებამაც ტყუილში შეიყვანა, ეს არის მიზანმიმართული მოსახელობაზე ზეგავლენის მოხდენაზე, რომ ეპისკოპოსი სიტყვებმა ვითომდა დეკანოზი ისევ და ისევ პატრიარქის მოშორებას აპირებდა. ამით პრეზიდენტზე მიზანმიმართულად უნდა ზეგავლენის მოხდენა, რადგან ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში მოხდება თითოეული იმ ადამიანის და პირველ რიგში იაკობის ლუსტრაცია და ყველა დანაშაულებრივ სქემებს ფარდას ახდის. ეს ადამიანი არის შეშინებული, ის წმინდა ამბიონს, რომელიც უნდა იყოს მრევლის საქადაგებლად, ბოროტად იყენებს და ჭორაობს პირდაპირ ამბიონიდან და ტყუილებს ავრცელებს, რაზეც ჩემი აზრით, წმინდა სინოდის სხდომაზე და წმინდა სინოდის წევრებმა მკაცრად უნდა მოსთხოვონ პასუხი", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ბრალდებაც, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე რუსული ეკრესიის წევრი იყო, რადგან როგორც თორნიკე მამალაძემ "პრაიმტაიმთან" აღნიშნა, მისი ძმა უკრაინაში, ქალაქ დონეცკში, ქართული ეკლესიის წინამძღვრად, ქართველი მრევლისა და ემიგრანტებისთვის, პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაემგზავრა. 

"მეუფე იაკობმა ასევე განაცხადა, რომ ვითომდა დეკანოზი იყო რუსული ეკლესიის წევრი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩემი ძმა იყო მეუფე დიმიტრის და მისი უწმინდესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაგზავნილი უკრაინაში, კერძოდ ქალაქ დონეცკში ქართული ეკლესიის წმინდა ნინოს სახელობის წინამძღვრად, სადაც ქართველი ემიგრანტები და ქართელი მრევლი იყო. ჩემ ძმასთან ერთად მეც გახლდით და ქართულად აღვავლენდით წირვა-ლოცვას", - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტი თავის ძმას შეიწყალებს თუ არა, სიმართლის დასადგენაად, სტრასბურგის სასამართლოს მაინც მიმართავს. 

"რაც შეეხება შეწყალების თხოვნას, ადვოკატებს აქვთ წერილობით დეტალურად აღწერილი თითოეული დარღვევა ჩემი ძმის წინააღმდეგ. დეტალურად აქვთ აღბეჭდილი თუ რას ემსხვერპლა ის. აქედან გამომდინარე, ობიექტური გადაწყვეტილების შემთხვევაში, აუცილებლად ჩემი ძმა უნდა იქნას გათავისუფლებული, რადგან 1 პროცენტი არ არსებობს ჩემი ძმის წინააღმდეგ, რაც ადასტურებს, რომ ჩემი ძმა დამნაშავეა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის შეწყალების ან არშეწყალების შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად მივდივართ სტრასბურგში. ჩვენ აუცილებლად დამატკიცებთ სიმართლეს და ქართულ მართლმსაჯულებას დავანახებთ რა არის ობიექტურობა", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

ცნობისთვის, ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებს. მეუფე დღევანდელ ქადაგებაში დეკანოზის ადვოკატების მხრიდან პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ამის წინააღმდეგი არ არის, თუმცა აცხადებს, რომ დეკანოზს პატრიარქის მოცილება უნდოდა. მისივე თქმით, ამ „დაჯგუფების“ უკან ერთ-ერთი ბიზნესმენი დგას. 

ავტორი: ლელა მდივანი