ზურაბიშვილს ღალატისთვის გაასამართლებენ, ბაქრაძე მერაბიშვილს პოლიტპატიმრად არ მოიხსენიებს, ვაშაძე ნაციონალების თხოვნების შემსრულებელი იქნება - ვინ როგორი პრეზიდენტი შეიძლება იყოს

18:41 08-09-2018
605

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ამომრჩეველს, როცა ხმას ამა თუ იმ კანდიდატს აძლევს. როგორ შეიძლება გამოიყენონ საპრეზიდენტო კანდიდატებმა საპრეზიდენტო უფლებამოსილება არჩევის შემთხვევაში. მაგალითად, რა მოხდება სალომე ზურაბიშვილის თუ დავუჭერთ მხარს, რას გააკეთებს გრიგოლ ვაშაძე ან როგორი პრეზიდენტი შეიძლება იყოს დავით ბაქრაძე.

საკითხის გარკვევაში იურისტი და ექსპერტი ლევან ალაფიშვილი დაგვეხმარა. ჩვენ პრეზიდენტის კონკრეტული და ძირითადი უფლებების მაგალითზე გავარკვიეთ ვისგან რას შეიძლება ველოდოთ და ვისი პრეზიდენტობა რითი დაგვამახსოვრდებოდა.

მაში ასე, შეწყალების უფლება. ახლა ციხეში სააკაშვილის ხელისუფლების ორი ძალოვანი მინისტრი ზის - ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია. ნაციონალები მათ ძალიან იშვიათად ახსენებენ, ევროპელები უფრო ხშირად თუმცა, მხოლოდ მერაბიშვილის. ისე ჩანს, თითქოს მას პარტიასთან ერთად პატიმრებიც გაიყვეს - ბაჩო მიშასთან დარჩა, ვანო ბოკერია-უგულავას გუნდში.

ცხადია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მათი საკითხი გააქტიურდება. ლევან ალაფიშვილის თქმით, თუკი „თითოეული თქვენს მიერ დასახელებული სამი სავარაუდო კანდიდატების ქცევებზე ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ არ შეიწყალებს. არ შეიწყალებს იმ მიზეზითაც რომ, არც ბაჩო და არც ვანო მას შეწყალების თხოვნით არ მიმართავენ. ეს გამორიცხულია. ისინი ზურაბიშვილს არ მისცემენ ინტერპრეტაციის საშუალებას - სალომეს შუძლია თქვას, რომ შეწყალება იმიტომ ითხოვეს, რომ დამნაშავეები იყვნენო. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მას შეწყალების თხოვნით ახალაიაც მიმართავს და მერაბიშვილიც, ორივეს შეიწყალებს და კონკრეტულ განცხადებასაც გააკეთებს. იტყვის, რომ ისინი პოლიტპატიმრები იყვნენო. აი, დავით ბაქრაძეს ასევე მიმართავენ, ის მათ ასევე შეიწყალებს, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ შეწყალებას ასეთი შეფასებებიც მოაყოლოს - ის მათ პოლიტპატიმრებად არ მოიხსენიებს.“ - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

ექსპერტის განმარტებით, დავით ბაქრაძე ასეთ განცხადებას არ გააკეთებს იმ მარტივი მიზეზით, რომ ნაციონალების გაყოფის შემდეგ, მას ეს ტერმინი არც გამოუყენებია. ევროპელები, მისივე თქმით, ამბობენ და აღიარებენ რომ მმართველობის დროს ჰქონდათ „შეცდომებიც და გადაცდომებიც“.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მოქალაქეობა მან ოდესის გუბერნატორობას შესწირა. იმისთვის რომ უკრაინის პოლიტიკაში ჩართულიყო, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რითაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ახლა ამბობს, მოქალაქეობა მარგველაშვილმა წამართვა და როგორც წამართვა ისე დამიბრუნოს. იურისტების განმარტებით, ექსპრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები იაფი პოპულიზმია და მეტი არაფერი.

ლევან ალაფიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს კანონი ავალდებულებს თავად მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მისთვის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით:

„მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პროცედურები დაიწყოს და არა აქვს მნიშვნელობა იმ მომენტისთვის სააკაშვილი ისევ მოქალაქეობის არმქონე პირი იქნება თუ მას უკრაინის სასამართლო უკრაინის მოქალაქეობას აღუდგენს. თუკი, მას მიაჩნია რომ საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს და უკანონოდ ჩამოართვას, შეუძლია ისევე იდავოს საქართველოს სასამართლოში, როგორც ამას უკრაინაში აკეთებს...

თუკი თეორიულად დავუშვებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი მას ორი მიზეზით არ მიმართავს: პირველი, არ მოისურვებს დააფიქსიროს, რომ როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად მოქალაქეობის დაკარგვა მისი შეცდომა იყო; მეორეც, სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკური დაპირისპირების გამოც არ მიმართავს მას. თუმცა, სავარაუდოდ, სააკაშვილი ასეთი მოთხოვნით არც ვაშაძეს მიმართავს და არც ბაქრაძე, ისევ და ისევ სამართლებრივი და პოლიტიკური მიზეზით - არ მოისურვებს იმის დაფიქსირებას, რომ მაშინ შეცდომა დაუშვა. როცა უკრაინის მოქალაქეობას ღებულობდა, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა“. - ამბობს ალაფიშვილი.

სხვათა შორის, მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ მოქმედი კანონი, რომელიც მოქალაქეობის წესებს განსაზღვრავს, თავის დროზე სწორედ სალომე ზურაბიშვილის გამო მიიღეს. „ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ კანონით ისარგებლა. კანონის მიხედვით მხოლოდ პრეზიდენტს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკრძალებათ ორმაგი მოქალაქეობა.“

ალაფიშვილის განმარტებით, სააკაშვილის მიმართვის გარეშე მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების პროცესი ვერ დაიწყება: „მოქალაქეობა საჩუქარი არ არის, რომ ვინმემ მოგანიჭოს, მიმართვა აუცილებელია“ - ამბობს ის. შესაბამისად, მან ან ვიზა უნდა ითხოვოს ან მოქალაქეობა. ჯერჯერობით, არცერთს არ ითხოვს.

რაც შეეხება საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი თუკი რუსეთი საქართველოს პროვოცირებას შეეცდება და, როგორც ეს მაგალითად, 2008 წელს იყო, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით პერმანენტულად გახსნის ცეცხლს.

ლევან ალაფიშვილის განმარტებით: „სალომე ზურაბიშვილს მოუწევს საომარი მდგომარეობის გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყოს და ღალატის მუხლით გაასამართლოს კიდეც.“

მისივე თქმით, ვაშაძე და ბაქრაძე ასეთ შემთხვევაში საომარ მდგომარეობას დაუყოვნებლივ გამოაცხადებენ, ზურაბიშვილმა კი, შეიძლება, და ამას თეორიულად ვსაუბრობთ, დრო გაწელოს.