მოსკოვის საიდუმლო გეგმა „080808“ – გეგმა „ბ“ და მედვედევის მუქარები

12:06 08-08-2018
774

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

ისტორიკოსს-ანალიტიკოსის თვალით დანახული აგვისტოს ომი. როგორი იყო გეგმა „ბ“, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება, რას ნიშნავს მედვედევის მუქარა და რა აკლია ქართულ პოლიტიკას - დავით გამცემიძე „პრაიმტაიმთან“ აგვისტოს ომს აანალიზებს.

  _ აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ ვინ დაიწყო ომი, რა მოლოდინები არსებობს ჰააგის სასამართლოს მიმართ? 
         _ „ვინ დაიწყო ომი“ აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა დღევანდელ მსოფლიოში. იგი მნიშვნელოვანია, არსებითია და ხშირად გადამწყვეტიცაა იმ მომენტიდან, რაც გაჩნდა ცნება „საერთაშორისო სამართალი“. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც „საერთაშორისო სამართლისა“ და ახალი საერთაშორისო-სამართლებრივი „მატრიცის“ ღერძად იქცნენ ცნებები „აგრესია“ და „პასუხი აგრესიაზე“.

         სხვაგვარად თუ ვიტყვით, თანამედროვე მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოსაზრებებით ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაამართლებს, ბოდიში ჟარგონისთვის, „ვერ გააპრავებს“ აგრესიას მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაგრამ შეუძლია ..... გაამართლოს თუ შექმნის ისეთ შთაბეჭდილებას და განწყობას, რომ იგი „პასუხობდა აგრესიას“, „იცავდა საკუთარ მოქალაქეებს“, „იცავდა საკუთარ მშვიდობისმყოფელებს“ და ა.შ.

         რუსეთმა ვერანაირად ვერ მოახერხა ასე „გაემართლებინა“ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ანუ ყირიმის ანექსია და დონბასის ფაქტობრივი ოკუპაცია „პროქსი“ პრორუსული არმიის მიერ.

         სამწუხაროდ, საქართველოს, მათ შორის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შემთხვევაში, მას მეტი რესურსი ჰქონდა შემდგომი დემაგოგიისთვის, რომ თითქოსდა „თავს იცავდა“ ან „საკუთარ მოქალაქეებს და ე.წ. „ცისფერჩაფხუტიანებს“ შველოდა. თუ რატომ და როგორ, იოლად ასახსნელია: უკრაინაში (მათ შორის ყირიმსა და დონბასში)  2013-2014 წლებამდე, 25 წლის მანძილზე, არც შეიარაღებული კონფლიქტი ყოფილა,   არც რუსეთის მოქალაქეობა დაურიგებია მოსკოვს  და არც ე.წ. „მშვიდობისმყოფელები“ შეუყვანია, როგორც 1992 წელს ცხინვალის რეგიონში და 1994 წელს აფხაზეთში.

         ამას წინათ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ვადევნებდი თვალს და უცხოელმა ჟურნალისტმა ნიშანდობლივი კითხვა დაუსვა ყოფილ პრეზიდენტს: რუსეთმა აგრესია უკრაინის წინააღმდეგაც ხომ განახორციელა, მაგრამ უკრაინის მოქმედებებთან დაკავშირებით ხომ ნაკლები კითხვები არსებობს ვიდრე საქართველოსთანო. ანუ, იგულისხმებოდა: „უკრაინას ხომ არ დაუბომბავსო „გრადებიდან“, მაგალითად სევასტოპოლი“.

         დავაკვირდეთ: სწორედ ესაა მთავარი სხვაობა „უკრაინულ“ და „ქართულ“ სიუჟეტებს შორის: სევასტოპოლში, ცხინვალისგან განსხვავებით, ხომ არ ყოფილან შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც იქვე განლაგებულ უკრაინული არმიის ქვედანაყოფებს ყოველდღიურად ბომბავდნენ და პროვოკაციულად ცეცხლს უხსნიდნენ?!........

       ამ თემაზე უამრავი რამ შეიძლება ითქვას. მთავარი ისაა, რომ თეზისი, თითქოს 2008 წლის 8 აგვისტოს „ომი საქართველომ დაიწყო“ არის უსინდისო სიცრუე! არც იმ თეზისს ვეთანხმები, თითქოს „სააკაშვილი პროვოკაციაზე წამოაგეს და იგი აჰყვა ამ პროვოკაციას“

         სინამდვილეში, მოსკოვმა და მისმა მოკავშირე სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა შექმნეს ვითარება, როდესაც სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო და ხელისუფლებას უწევდა არჩევანის გაკეთება „ცუდსა“ და „უარესს“ შორის.

         მაგრამ ომი რომ არ სურდა სააკაშვილს და ომს რომ არ გეგმავდა (თუნდაც დასავლელი მეგობრების გაფრთხილებათა გათვალისწინებით),  ამას უამრავი ნიშანი ადასტურებს: აბა სად გაგონილა, მაგალითად, მხედართმთავარი ომისთვის ემზადებოდეს და თავდაცვის მინისტრი ესპანეთში დასასვენებლად გაუშვას ოჯახთან ერთად? ისევე, როგორც გენერალური შტაბის ოფიცერთა დიდი ნაწილი - ზღვაზე გასარუჯად თურქეთის სანაპიროზე?

         აბა გავიხსენოთ: არა მხოლოდ დავით კეზერაშვილი ან გიგა ბოკერია, არამედ თითქმის ყველა „სტატუსური პერსონა“, რომლებიც სააკაშვილის „ძალისმიერ დასაყრდენებად“ ითვლებოდნენ, მათ შორის, მაგალითად ბაჩო ახალაია და სხვები, იმ მომენტში საქართველოს გარეთ იმყოფებოდნენ და მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ძლივს-ძლივობით შეძლეს დაბრუნება.


         ამგვარი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება იმის დასადასტურებლად, რომ თეზისი, თითქოს მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა იმ ომს, არის სიცრუე!
რაც შეეხება ჰააგის საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს, რუსეთი (ისევე, როგორც აშშ) ამ სასამართლოს წევრი არ არის, ამიტომ თეორიულადაც გამორიცხულია მან რუსეთის ხელისუფლებას ან რუს სამხედროებს რაიმე ბრალი წაუყენოს მაგრამ......საკითხავია, ქართულ მხარეს რამდენად ჰქონდა გათვლილი რისკები, როცა ეს სარჩელი შეჰქონდა ჰააგაში „რომის სატუტის“ შესაბამისად, რომ კრემლმა შესაძლოა ეს ტრიბუნა აქტიურად გამოიყენოს და პირიქით - ქართველი მოღვაწეების, მათ შორის ოფიცრების, ანუ ჩვენი მეომრების წინააღმდეგ აღაძვრევინოს პროკურორ ფატუ ბენსუდას საქმეები - 2008 წლის ინციდენტთა საფუძველზე. თვით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც კი.

ასეთი რისკი ნამდვილად არსებობს და საეჭვოა მას ედუარდ კოკოითის მიმართ  სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ან მისი ძებნაში გამოცხადება „აწონასწორებდეს“, რადგან კოკოითს რომ რუსეთი არავის არასდროს გადასცემს - სრულიად ცხადია.

         _ მაინც როგორც ისტორიკოსს, ადამიანს, რომელსაც ბევრი ომის კანონზომიერება, ალბათ, გაგიანალიზებიათ, რამდენად შეეძლო ქართულ მხარეს ომის თავიდან აცილება.
                     _ კაცობრიობის ისტორია პირველ რიგში ომების ისტორიაა. ეს ისტორია კი გვასწავლის, რომ ომის თავიდან აცილება ყოველთვის შეიძლება. გააჩნია რა გზით და რის ფასად!
         საქართველოს ხელისუფლებას რა თქმა უნდა შეეძლო ომის თავიდან აცილება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოითხოვდა ქვეყნიდან რუსეთის ბაზების გაყვანას; არ შექმნიდა სანაკოევის «ალტერნატიულ ადმინისტრაციას» და არ შეეცდებოდა 1992 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული სტატუს-კვოს დარღვევას -  ე.წ. „ერგნეთის“ კონტრაბანდულ-კორუფციული „ბაზრობის“ ჩათვლით; დემონსტრაციულად არ გამოვიდოდა «დსთ»-ს თავდაცვითი სტრუქტურებიდან; არ მიმართავდა ნატო-ს ოფიციალური(!) წერილით «MAP»-ის თაობაზე (სხვათა შორის, ეს წერილი მხოლოდ 2007-2008 წლით თარიღდება, რაც ცოტამ თუ იცის); არ იბრძოლებდა ნატოში საქართველოს წევრობის მომხრეთა რიცხვის გასაზრდელად; ხელს მოუწერდა რუსეთს ყველა იმ შეთანხმებაზე («ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი», ოსეთ-აფხაზეთზე თავდაუსხმელობა, მესამე ქვეყნის ჯართა განლაგების კონსტიტუციური აკრძალვა), რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო-სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვის პრეროგატივებს დაადასტურებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 

        ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში კრემლს არანაირი «რეზონი» არ ექნებოდა საქართველო ომში ჩაეთრია, რაც მისთვის (მოტივის არსებობის პირობებში) მხოლოდ «ტექნიკის საქმე» იყო: 
        რაკი რუსეთს საქართველოში ომის პროვოცირება სჭირდებოდა, ჩვენს ხელისუფლებას  7-8 აგვისტოს შეტევის ბრძანება რომც არ გაეცა, ოსი სეპარატისტები და მათი მხარდამჭერი რუსული სპეცდანიშნულების რაზმები, მშვიდობიანი მოსახლეობისაგან წინასწარ სპეციალურად დაცლილი(!) ცხინვალიდან, დღეების, კვირეების განმავლობაში გააგრძელებდნენ ავნევის, თამარაშენის, კეხვის, ტყვიავის, ნიქოზის და სხვა ქართული სოფლების მიზანმიმართულ, მონოტონურ, განუწყვეტელ დაბომბვას მანამ, სანამ ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას არ მიაღწევდნენ ანუ ქართული მხარეს არ აიძულებდნენ განეხორციელებინა შეტევა (ან თუნდაც მხოლოდ მასირებული დაბომბვა) ცხინვალში საცეცხლე წერტილების ჩასახშობად. 

          სხვაგვარად თუ ვიტყვით, თუ რუსეთს ექნებოდა მოტივი და მიზეზი (რეზონი), საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო მისთვის ხელსაყრელ (და ჩვენთვის არახელსაყრელ) დროს, მისთვის ხელსაყრელ (და ჩვენთვის არახელსაყრელ) პირობებზე ომში ჩაეთრია, იგი ამას უეჭველად მაინც მოახერხებდა და მიაღწევდა.  

         1992 წელს, ე.წ. „დაგომისის ხელშეკრულებით“, რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო სხეულში ჩადო „შეყოვნებული მოქმედების ნაღმი“ და ნუთუ ვინმეს ეგონა ან იმედი ჰქონდა, ჩვენი ქვეყნის პროდასავლური კურსის, „ნატო“-სკენ სწრაფვის და უკრაინა-ბელურსში ანტირუსული „ფერადი რევოლუციების“  მხარდაჭერით გაცოფებული პუტინი ამ ნაღმს არ ააფეთქებდა როცა ხელსაყრელად ჩათვლიდა?
        _  უფრო ნათელი რომ იყოს, თქვენი აზრით, როგორი არჩევანის წინაშე იდგა სააკაშვილი. დასავლეთში უკვე ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მიშას აფრთხილებდნენ: არ აჰყვე პროვოკაციას, ჩვენ ვერ დაგიცავთო... რამდენად ესმოდა სააკაშვილს პროვოკაციის საფრთხე და რისთვის სჭირდებოდა დასავლეთს ოფიციალური წყაროებით საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის გაფრთხილება? რატომ დაინახეს მათ ამის აუცილებლობა.
         _ კარგი კითხვაა. ყურადღებით უნდა ვუსმინოთ ხოლმე ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. იგი ხშირად პასუხობს არსებით კითხვებს, ოღონდ ისეთი ფორმით, რომ დაკვირვება სჭირდება და არა „ერთ ყურში შეშვება-მეორეში გამოშვება“.

          აი, მაგალითად, ბევრს აღარ ახსოვს და უმეტესობამ ვერც შენიშნა, ანუ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება, რომ მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ (მხოლოდ ერთხელ!) თქვა ერთი მოსმენით ძალიან უცნაური ფრაზა: „2008 წლის აგვისტოში იყო საშიშროება, რომ თბილისის თავზე აფრიალებულიყო ოსური დროშა“.

         მივაქციოთ ყურადღება: მას არ უთქვამს „რუსული“  არამედ „ოსური“ - „ოსური დროშა“.  

         ხოლო გულისხმობდა შემდეგს: თუ საქართველო არ შეუტევდა ცხინვალს, მაშინ მოსკოვი აამოქმედებდა გეგმა „ბ“-ს, რომელსაც განვითარების ორი ვარიანტი ჰქონდა. პირველი: ოსური ფორმირებები, ე.წ. „მოხალისეებთან“ ერთად, მოაწყობდნენ ეთნოწმენდას პატარა და დიდი ლიახვის ქართულ სოფლებში, ამოჟლეტდნენ იქ ქართულ მოსახლეობას, ათასობით ლტოლვილი მოაწყდებოდა თბილისს, მათ შეუერთდებოდა იმდროინდელი ოპოზიცია, ერთად დასდებდნენ ბრალს ხელისუფლებას „უნიათობა-უმოქმედობაში“, მოსახლეობის „არდაცვაში“ და მთავრობა უეჭველად  დაემხობოდა, ანუ აღსრულდებოდა პუტინის გეგმა „დაემხო მთავრობა ქართველებისვე ხელით“. ასეც თქვა მიხეილ სააკაშვილმა იმავე გამოსვლაში თითქმის სიტყვა-სიტყვით.

         ან მეორე ვარიანტი იმავე „ბ“ გეგმისა: ომი გაიწელებოდა თვეობით, როგორც 1992-1993წწ ომი აფხაზეთში; რუსეთი ისევე დარჩებოდა „კულისებს მიღმა“, როგორც აფხაზეთის ომის დროს იყო; ქართული ჯარი ისევე ვერ აიღებდა ჯავას, როგორც გუდაუთა ვერ აიღო, მაგრამ მთელი დასავლეთის თვალში, ეს იქნებოდა არა „რუსეთ-საქართველოს“, არამედ „ქართულ-ოსური კონფლიქტი“.

         ისევე, როგორც 1993 წელს, ვერავის დასავლეთში ვერ დაარწმუნებდი, რომ სწორედ რუსეთი აწარმოებს იმ ომს საქართველოს წინააღმდეგ და არა „მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ ან „აფხაზური არმია“.

         შემდეგ, დაახლოებით 2009 წლის გაზაფხულზე ან მაქსიმუმ  ზაფხულში, განუწყვეტელი დაბომბვების, დივერსიული აქტების შედეგად გამოფიტულ, დასუსტებულ, ინვესტიციებისა და ყოველგვარი რესურსების გარეშე დარჩენილ საქართველოს შეუტევდა „ოსურ ფორმირებებად“ გადაცმული რუსული დაჯგუფება (როგორც დღევანდელ დონბასშია „გადაცმული“ ადგილობრივ „ოპოლჩენიად“) და არა მხოლოდ ცხინვალს აიღებდა, არამედ გორსა და თბილისსაც კი.

         სწორედ ეს იგულისხმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როცა თქვა: „თბილისზე შესაძლოა ოსური დროშა აღმართულიყოო“ და რაც ყველაზე მთავარია, მთელი დასავლეთისთვის ეს იქნებოდა არ „რუსეთ-საქართველოს ომი“, არამედ „კონფლიქტი ოსურ უმცირესობასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის“........ და „სასარგებლო იდიოტებს“ რა დალევს დასავლეთში?

          მაგრამ, უნდა ვაღიაროთ,  მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოდან ისე იმოქმედა, რომ აიძულა რუსეთი „კულისებიდან“ გამოსულიყო „სცენაზე“, ემოქმედა ღიად, შესაბამისად დასავლეთმა კონფლიქტი აღიქვა ადეკვატურად, როგორც რუსეთ-საქართველოს ომი, აქტიურად ჩაერია და საომარი მოქმედებებიც რამდენიმე დღეში შეწყდა. თუმცა დასავლეთმა მეტი ვერ შეძლო და ვერც შეძლებდა რასაკვირველია.

         რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ დასავლეთის წარმომადგენლები „მიშას აფრთხილებდნენ: არ აჰყვე პროვოკაციას, ჩვენ ვერ დაგიცავთო...“ შინაარსობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სააკაშვილს  „ურჩევდნენ“, მიეღო პუტინის ზემოთ აღწერილი „ბ“ გეგმის პირველი ან მეორე ვარიანტი. სხვას არაფერს!

         _ მედვედევმა ათი წლის წინაც და ახლაც თქვა, რომ ნატო საქართველოს ძვირად დაუჯდება, რისთვის დასჭირდა დღეს კრემლს ასეთი გზავნილის გაჟღერება?
            _ ეს იყო პირდაპირი მუქარა. ოღონდ მედვედევმა შესანიშნავად იცის, რომ გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტებით საქართველოს „ალიანსში“ გაწევრება შეუძლებელია. ამიტომ მისი მუქარა ეხება არა „ნატო“-ს არამედ, შეფარვით, ამერიკის შეერთებული შტატებს, რათა ამერიკამ არ გაბედოს ჩვენს ქვეყანაში სამხედრო ბაზების განლაგება და იმ ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც რეალურად „დაგვრჩა“. 
         ამისთვის ამერიკას არანაირი „ნატო“ არ სჭირდება
         ვიმეორებ: ეს არის მუქარა არა ბრიუსელის, არამედ ვაშინგტონის მიმართ!

         _ ფაქტიურად რუსეთი აღიარებს რომ ნატოს გამო ომი სწორედ მათ დაიწყეს, და მაშინ, რა საფუძველი აქვს ქართველ ოპოზიციას - ყველას არ ვგულისხმობ - საპირისპირო ამტკიცოს?
           _ საფუძველი მათი „პოლიტიკური ნარატივი“ და „ოპოზიცური ამპლუაა“.    სამწუხაროდ, დაბალი პოლიტიკური კულტურისა და პროფესიონალიზმის პირობებში, ერთიც და მეორეც უპასუხისმგებლობის უდიდეს მნიშვნელს ატარებს ტრადიციულად. და.......უეჭველად ამ მოცემულობასაც  ითვალისწინებდნენ ის პროფესიონალები (პირველ რიგში სერგეი ლავროვი) მოსკოვში, რომლებმაც ე.წ. „080808“ გეგმა დაამუშავეს იმ საბედისწერო აგვისტომდე დიდი ხნით ადრე - აი, თუ გახსოვთ. პუტინმა რომ თქვა პრეს-კონფერენციაზე: „ჩვენ საკუთარი გეგმები გვაქვს და კოსოვოს ვარიანტს „მაიმუნურად“ არ მივბაძავთო. ზუსტად იმას გულისხმობდა, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, როცა, სამწუხაროდ, შეძლო ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს საქართველოს სურდა ეს ომი და საქართველომ დაიწყო.

         _ ყველა, ვინც ამტკიცებს რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო შეგვიძლია „პრორუსებად“ მივიჩნიოთ, იქნება ამაში ლოგიკა?
         _ არა! კვლავ ვიმეორებ: ოპოზიციონერობა, სინამდვილეში, ანუ  ჩვენში დამკვიდრებული სულელური სტერეოტიპის  მიუხედავად, ხშირად ბევრად რთულია ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნა.

         იმიტომ, რომ ოპოზიციონერმა, რასაკვირველია მთავრობა უნდა აკრიტიკოს, მას „კრიჭაში ედგას“, ალტერნატიული „პროექტები“ შესთავაზოს ქვეყანას, რისი აუცილებელი პირობა ისევ და ისევ, ხელისუფლების მუდმივი, უმწვავესი კრიტიკაა, მაგრამ....პროფესიონალმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეს ისე უნდა მოახერხოს, იმავდროულად ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები არ დააზიანოს.

         აი ამის კულტურა და პროფესიონალიზმი კი, ჩემი დიდი ხნის შთაბეჭდილებით, ქართველ პოლიტიკოსებს და მთლიანად ქართულ პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნიათ.

         სწორედ ამიტომ, 1990 წლიდან დაწყებული, დიდწილად „პოლიტიკური ელიტა“ კი არა „სასარგებლო იდიოტთა საკრებულოა“, რომელსაც მტერი აქტიურად, უდიდესი წარმატებით იყენებდა და იყენებს. იმგვარი  წარმატებით, როგორც არც ერთ სხვა ყოფილ „მოკავშირე რესპუბლიკაში“.

         თუმცა ამ ქვეყანაში, ტრადიციულად, არც მმართველი ელიტები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და სწორედ ეს გარემოება (მთელი ისტებლიშმენტის უკულტურობა და უნიათობა)  გახდა  იმ საზარელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ტრაგედიის მთავარი მიზეზი, რაც 1988 წლიდან - დღემდე  გრძელდება.