"მაქსიმალურად ვეცადეთ, სუბელიანისგან და კალანდიასგან მიგვეღო დეტალური ინფორმაცია ბევრ საკითხზე" - ანრი ოხანაშვილი

20:02 07-22-2018
22

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბრალდებულები, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია გამოკითხეს.

გამოკითხვა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გამოკითხვისას ბრალდებულებისგან მიიღეს საინტერესო პასუხები, თუმცა კაპანაძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„საკმაოდ ბევრი დეტალი იყო, რაზეც გვქონდა საუბარი, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით იყო კომისიის წევრების მიერ კითხვები დასმული. რა თქმა უნდა, ძირითადი კითხვები ეხებოდა პირველ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს, ასევე შემდეგ უკვე მათ მონაწილეობას ამ საქმეში, ამა თუ იმ ფორმით.

ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პასუხები, რომლის დეტალებს ახლა ბუნებრივია ვერ გავაჟღერებ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველა ინფორმაცია უნდა იყოს გაანალიზებული კომისიის მიერ და შემდეგ უნდა იყოს კონტექსტში ჩასმული. ბუნებრივია, ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იქნება გადამოწმებული. ეს ინფორმაცია იქნება შეპირისპირებული სხვა ინფორმაციებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს და შესაბამისი დასკვნები გაკეთდება ამის შემდეგ. ამ დასკვნებს თქვენ მოისმენთ როგორც კომისიის სხდომებზე, ისე უკვე საბოლოო დასკვნის დროს“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ბრალდებულებმა დეტალური პასუხების გასცეს.

„ძალიან დეტალური შეკითხვები დავსვით და მაქსიმალურად ვეცადეთ მიგვეღო დეტალური ინფორმაცია ბევრ საკითხზე. მიღებულ ინფორმაციას გავაანალიზებთ სხვა ჩვენებების საფუძველზე. შემდგომ ეს ინფორმაცია აისახება კომისიის დასკვნაში. დამატებით ვერაფერს ვიტყვი

დავსვით აბსოლუტურად ყველა ის შეკითხვა, რომელიც გაჟღერდა საზოგადოებაში, რომელთა შესახებაც არსებობდა შეკითხვები როგორც დაზარალებული ოჯახის მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან.

ბრალდებულებმა გაგვცეს დეტალურად პასუხები“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. ამ ბრალდების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა აქვს მისჯილი. თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა, დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული.

 

წყარო: 1tv