"აწარმოე საქართველოში" კორუფციის რისკების აღმოსაფხვრელად არის შედგენილი ისე, რომ ჩინოვნიკის ჩარევა პრაქტიკულად არ ხდება - ქუმსიშვილი

19:37 07-22-2018
45

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, სოციალურ ქსელში, შაბათის "კურიერში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ბანკიდან აღებული სესხის პროცენტი დიმიტრი ქუმსიშვილის ნათესავს, ირაკლი თევდორაშვილს, სახელწმიფო ბიუჯეტიდან დაუფარეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, "კორუფციული რისკების აღმოსაფხვრელად აღნიშნული პროგრამა( "აწარმოე საქართველოში"), იმ გვარად არის შედგენილი, რომ ჩინოვნიკის ჩარევა პრაქტიკულად არ ხდება". 

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ პროგრამა “აწარმო საქართველოში“ არის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული პროექტი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა წარმოების მხარდასაჭერად და განსავითარებლად. რაც თავის თავში გულისხმობს ახალი სამუშოა ადგილების შექმნას, კონკურენტულ ღია ბაზარზე, იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებას და საექსპორტო პროდუქცის წარმოებას, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

კორუფციული რისკების აღმოსაფხვრელად აღნიშნული პროგრამა იმ გვარად არის შედგენილი, რომ ჩინოვნიკის ჩარევა პრაქტიკულად არ ხდება. იგივე პრინციპით მუშაობს “შეღავათიანი აგრო კრედიტი”. პროცესი შემდეგია:

მთავრობის დადგენილებაში გაწერილია პროდუქციის ჩამონათალი, რომლის წარმოების შემთხვევაში სახელმწიფო ახდენს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, მთავრობის დადგენილება ნორმატიული დოკუმენტია და მისგან გამომდინარე სარგებელის მიღება შეუძლია ყველა მეწარმეს რომელიც, მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. 

მეწარმე მიდის ბანკში, ბანკი იხილავს პროექტს, პროექტისთვის სესხის დამტკიცების შემთხვევაში, ბანკიდან სააგენტოში იგზავნება მოთხოვნა, საწარმოებელი პროდუქციის მთავრობის დადგენილებაში არსებულ სიასთან დამთხვევის შემთხვევაში ავტომატურად ფორმდება ხელშეკრულება. 2014 წლიდან 2018 წლის ივინისის ბოლოს მდგომარეობით მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში: 

• მხარდაჭერილია 372 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), 

• 904 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია

• 472 მლნ ლარზე მეტი გაცემული სესხი 

• 14,700- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი

გუშინ მე ვუყურე და შემდეგ წავიკითხე კომპანია “კოლორპაკის” დირექტირის გიორგი ჟორჟოლიანის მიმართვა(ს), ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში 1200000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი აქვს გადახდილი. დასაქმებული ყავს 40 ადამიანზე მეტი, რომლებსაც ყოველთვიურად უხდის ხელფასს, დანერგა ახალი ტექნოლოგიები და ჩაანაცვლა იმპორტი. სწორედ ეს არის პროექტის მიზანი. ვიფიქრობ ამით ყველაფერი ნათქვამია.

კურიერის ეთერიდან ჩემს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გაცვეთილი და აბსურდულია, აბსურდულ ბრალდებაზე კი კომენტარის გაკეთება არ ღირს, გადაცემის ტენდენციურობა იქიდანაც კარგად გამოჩნდა, რომ “კოლორპაკის” დირექტორმა გადაცემაში მისი კომენტარის დამატება მოითხოვა მაგრამ კურიერმა ეს არ გააკეთა, თუმცა პროგრმა “აწარმოე საქართველო”-ს რეპუტაცია არ უნდა შეილახოს. ამ პროექტის ფარგლებში, სტატისტიკურად, საშუალოდ, სამ დღეში ერთხელ ერთი საწარმოს მხარდაჭერა ხდება. ეს ქვეყნისთვის დიდი სიკეთეა.

ჩემი მუშაობის მანძილზე არაერთი საწარმო გავხსენი პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” და ძალიან ხშირად კომპანიის დამფუძნებლებისგან მომისმენია, რომ ისინი არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ინვესტიციებზე, წარმოების დაწყებაზე თუ გაფართოვებაზე “აწარმოე საქართველოში” , რომ არ ყოფილიყო", - წერს ქუმსიშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურას ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებიდან ტომები გააქვს - უწყება დიმიტრი ქუმსიშვილის სამინისტროდან გაცემულ თანხებს სწავლობს.

"კურიერის" ინფორმაციით, ბანკიდან აღებული სესხის პროცენტი დიმიტრი ქუმსიშვილის ნათესავს, ირაკლი თევდორაშვილს, სახელწმიფო ბიუჯეტიდან დაუფარეს. ჯამში, თევდორაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე უწყებიდან 700 ათას ლარამდე თანხა მიიღო.

სქემა მარტივია - ეკონომიკის სამინისტროს პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში თევდორაშვილმა იაფი კრედიტი ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკიდან აიღო. ორი წლის განმავლობაში კი სესხის პროცენტს ქართუ ბანკში ეკონომიკის სამინისტრო რიცხავდა.

პროექტი "აწარმოე საქართველოში" 2014 წელს ეკონომიკის სამინისტრომ მცირე ბიზნესის წახალისებისთვის შეიქმნა. პროექტში თავიდანვე გაიწერა, რომ ბანკები სესხებს დაბალ პროცენტში გასცემდნენ და ვიდრე ახალი ბიზნესი განვითარდებოდა, სახელწმიფო პროცენტს ბიუჯეტიდან დაფარავდა.

მონაცემები უფრო დიდი მასშტაბით უკვე შეისწავლა არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციამ.

ქეთევან ენუქიძემ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოიკვლია, რომ პროექტი "აწარმოე საქართველო" ძირითადად იმ კომპანიებს აფინანსებს, რომლებსაც სახელმწიფოს დახმარება რეალურად არ სჭირდება. მათი უმეტესობა ან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების საკუთრებაა ან ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები.

ამ კომპანიების გარდა, რომელსაც მილიონიანი ბრუნვა აქვთ და სახელმწიფო დახმარების გარეშე აწარმოებენ ბიზნესს, დიმიტრი ქუმსიშვილის უწყება ქართუ ბანკიდან აღებული სესხების პროცენტს ისეთ ფირმებსაც უფარავს, რომელებიც ბიუჯეტიდან დაფარულ პროცენტზე მეტს ქართულ ოცნებას სწირავს, ასეთია პოლიმერი ერთი.

პოლიმერი ერთს ბანკიდან აღებული სესხის პროცენტი 309 ათასი ლარი ბიუჯეტიდან დაუფარეს, თუმცა, ამ კომპანიამ 400 ათასი ლარი 2016 და 2017 წლის არჩევნების დროს ქართულ ოცნებას შესწირა.

პროექტი "აწარმოე საქართველოში" 2014 წლიდან ეკონომიკის სამინისტროსი მოქმედებს. მაშინ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.