თორნიკე კაჭარავა თავს დამნაშავედ არ ცნობს - პრეზიდენტის სიძისა და ქალიშვილის მეგობარს ბრალს ხვალ წარუდგენენ

14:24 07-22-2018
80

თორნიკე კაჭარავა თავს დამნაშავედ არ ცნობს - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, შოთა მანელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულს ბრალს ხვალ წარუდგენენ.

დაკავებული ადვოკატმა თბილისის მთავარ სამმართველოში უკვე მოინახულა.

„ბრალდების არც ერთ ნაწილში თორნიკე თავს დამნაშავედ არ ცნობს. იყენებს დუმილის უფლებას. ობიექტურობის კრიტერიუმიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე თემის გაშლა არ არის საჭირო. იქნება კონკრეტული დრო და გარემოება, როცა ყველაფერთან მიმართებაში თორნიკე დააფიქსირებს თავის პოზიციას. მას აქვს პასუხი იარაღთან დაკავშირებით, თუმცა მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ თემის განვრცობა”,- განაცხადა მანელიძემ.

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე სამართალდამცველებმა თორნიკე კაჭარავა გუშინ ღამე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით არის დაკავებული.

„თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა წარსულში არაერთგზის ნასამართლები, 1989 წელს დაბადებული თ.კ. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით“,- განაცხადეს შსს-ში.

თორნიკე კაჭარავა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და ასევე, ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარია. კაჭარავა გასულ წელს ნარკოდანაშაულისთვის იყო დაკავებული, თუმცა, მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

ავტორი: ნინო რაზმაძე