"ზოგი კბილის პასტით მორბოდა, ზოგი ნახევრადშიშველი, ხალათებით... " - რატომ გამოცხადდა განგაში ბათუმის ყოფილ "ლეოგრანდში" exclusive

20:35 07-21-2018
1384
თეგები: ბათუმი

ცნობილი ტრაგედიის შემდეგ ყოფილი "ლეოგრანდი", რომელსაც ამჟამად "ველმონდი" ქვია, ისევ სილამაზის კონკურსს მასპინძლობს. ამჯერად სასტუმროში "მის და მისტერ პლანეტა საქართველოსთვის" ტარდება.

"პრაიმტაიმის" ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც მოდელებთან ერთად სასტუმროში იმყოფება, დაახლოებით 18:00 საათზე განგაში გამოცხადდა, ორჯერ მოუწოდეს დამსვენებლებს სასტუმროს დატოვება ორ ენაზე - გააფრთხილეს, რომ არ ესარგებლათ ლიფტით და ჩასულიყვნენ სათადარიგო კიბით.

"დაახლოებით, საღამოს 6 სათზე, სასტუმროში გამოცხადდა განგაში. გვატყობინებდნენ, რომ უნდა დაგვეტოვებინა შენობა სათადარიგო კიბით და არავითარ შემთხვევაში არ გამოგვეყენებინა ლიფტი. სანამ კიბეს ვეძებდით, ჩვენმა მეგობრებმა დაგვირეკეს პირველი სართულიდან, საშიში არაფერია, უბრალოდ დენი გაითიშაო. ამის შემდეგ ოთახში დავბრუნდით და მეორე განგაშის ხმა გაისმა. გადავწყვიტეთ, დაგვერეკა მიმღებში, სადაც გვითხრეს, რომ ეს იყო შემოწმება, და როცა ვიკითხეთ, რას ამომწმებდნენ, გვითხრეს, გვაინტერესებდა, რამდენად სწრაფად მოახერხებდით სასტუმროს დატოვებასო. როგორც გვითხრეს, ეს მათგან დამოუკიდებლად მოხდა, მოვიდნენ და შეამოწმეს. მოდელები იმყოფებოდნენ დახურულ აუზზე, რომლებთანაც განგაშის დაწყებამდე შესულა ადამიანი და გაუფრთხილებია, რომ განგაში იქნებოდა. ზოგი კბილის პასტით მორბოდა, ზოგი ნახევრადშიშველი, ხალათებით. ასეთი განგაში თვეში ერთხელ ტარდებაო, მითხრეს მიმღებში", - აცხადებს ერთ-ერთი სტუმარი "პრაიმტაიმთან".

ეკა მგალობლიშვილი, კონკურსის ორგანიზატორი აცხადებს, რომ განგაშის შესახებ ინფორმირებული იყო.

"ჩვენ წინასწარ ვიყავით ინფორმირებულნი, რომ 21- ში ამა და ამ საათზე შემოწმდებოდა სასტუმროს უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, არავის არ შეშინებია. ასე რომ, კარგად ვართ ყველა. მინდა დავამშვიდო მოდელების მშობლები", - ამბობს ეკა მგალობლიშვილი. 

ბათუმში მდებარე სასტუმრო "ლეოგრანდს" სახელი 2018 წლის თებერვალში გადაარქვეს, მას შემდეგ, რაც 2017 წლის ნოემბერში ხანძარი გაჩნდა და 11 ადამიანი დაიღუპა. მათგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 22 ადამიანს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

ნინო მჭედლიშვილი