უწყება მზად არის, პროკურატურას მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს - ეკონომიკის სამინისტრო

14:10 07-21-2018
12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი ყველა ქვემდებარე უწყება მზად არის, პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, სამინისტრო პროკურატურას გადასცემს ე.წ. TIR პარკების მოწყობასთან დაკავშირებულ მის ხელთ არსებულ სრულ დოკუმენტაციას, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს-ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროში, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა საკითხით ინტერესდება და შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ Bm.ge გაავრცელა.