ლევან იზორია: ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზა

00:08 07-19-2018
18

 ნატო-ს ოფისში პირველი ვიზიტით მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი მთავრობის მთავარი კურსი ნატო-ში ინტეგრაციაზე იქნება ორიენტირებული - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  პრემიერ-მინისტრის ბახტაძის ნატო-ს ოფისში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა..

იზორიას თქმით, ამით პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობის მთავარი კურსი იქნება ორიენტირებული ნატო-ში ინტეგრაციაზე. ასევე, იმ ღირებულებების განმტკიცებაზე, რასც, თავდაცვის მინისტრის თქმით, იზიარებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები და ეფუძნება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებების განმტკიცებას და თანამედროვე შეიარაღებული ძალების რეფორმირების საკითხს.

„ეს ვიზიტი და განცხადებები, რომელიც როგორც დახურულ, ისე საჯარო ფორმატში გაკეთდა, არის კიდევ ერთხელ მკაფიო გზავნილი, რომ ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზა“,- განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, აღინიშნა, რომ ყოვლისმომცველი რეფორმებით საქართველო დღითიდღე უახლოვდება ნატო-ს სტანდარტებს.

„რაც შეეხება ნატო-ს მხრიდან საქართველოს შეფასებას, ეს იყო მაღალი შეფასება, სადაც გაჟღერდა, რომ საქართველოს აქვს დიდი პროგრესი როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზაზე, ასევე თავდაცვის უწყების ფარგლებში შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის თვალსაზრისით.

აღინიშნა, რომ ეს არის ყოვლისმომცველი რეფორმები, რომლითაც საქართველო დღითიდღე უახლოვდება ნატო-ს სტანდარტებს.

ნატო რჩება ერთგული ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. ითქვა, რომ რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს წარმოდგენილი საქართველოში და ამის მკაფიო გამოხატულება იქნება მომავალ წელს, მარტში დაგეგმილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები“,- განაცხადა ლევან იზორიამ.