„ღია გული“ სკანდალში ეხვევა - არასწორი დიაგნოზის გამო მისი პაციენტი უკვე მესამე თვეა, კომაშია

13:54 07-18-2018
2142

თამუნა დალაქიშვილი   

 

   საექიმო შეცდომები ყველა ქვეყანაში ხდება და მისგან დაზღვეული არავინაა. ქართული ჯანდაცვის სისტემა თავისი  ხარვეზებით საექიმო შეცდომებს  ნოყიერ ნიადაგს უქმნის – ქართველი პაციენტები ყველაზე ხშირად არასწორ  დიაგნოზებზე და, შესაბამისად, არასწორად წარმოებულ მკურნალობაზე ჩივიან. ასეთი შემთხვევები ჩვენ ირგვლივ ბევრია,  თუმცა პაციენტები და მათი ახლობლები ამ ისტორიებზე საჯაროდ იშვიათ შემთხვევებში საუბრობენ.  სტატისტიკა, საექიმო შეცდომების რა რაოდენობა მიდის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომდე, რომელიც ექიმთა პროფესიულ გადაცდომებს უწევს მონიტორინგს, უცნობია. უფრო მწირია ქართული სასამართლო პრაქტიკა პაციენტთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ქართველი პაციენტები დიდი რისკის მქონე ოპერაციების გაკეთებას, თუ ფინანსური საშუალება აქვთ, საქართველოში თავს არიდებენ და კვლავ უცხოეთის კლინიკებში მიდიან.  ჯანდაცვის სამინისტრომ საექიმო გადაცდომებზე  გარკვეული ღონისძიებების გატარება დაიწყო.  სააგენტოს მხრიდან  გაიზარდა სანქციის სიმძიმე, ამას გასული წლის სტატისტიკაც  მოწმობს – 2017 წელს 99 ექიმს შეუჩერდა ლიცენზია, რაც წინა წლებში არ ყოფილა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, ახალგაზრდა ადვოკატთა კვლევით,   ერთი წლის განმავლობაში 361 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, აქედან 262 ექიმს მიეცა გაფრთხილება.  

   სპეციალისტები ამბობენ, რომ საექიმო შეცდომების მიზეზთა შორის, მთავარია ექიმთა დაბალი კვალიფიკაცია, მათი მუშაობის კონვეიერული წესი, საშუალო სამედიცინო მედპერსონალის არარსებობა და არცთუ იშვიათად, კომერციული და კორუფციული ინტერესი.

    ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბოლო ერთი წლის საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროების გამკაცრებული კონტროლისკენ მოუწოდებს.

  გიორგი ზოიძე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი: 

– მონიტორინგის  საგანს წარმოადგენდა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 1-ლი აპრილის ჩათვლით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობა. ის, თუ რამდენი საჩივარი და განცხადება შევიდა სამედიცინო დაწესებულების ან სამედიცინო პერსონალის მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე, რა რეაგირება ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს. სააგენტოს ზედამხედველობისა და მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა თუ არა რაიმე ტიპის გადაცდომა, რასაც სააგენტოს მხრიდან სამედიცინო დაწესებულების ან სამედიცინო პერსონალის მიმართ გარკვეული სანქციის გამოყენება მოჰყვა. მონიტორინგის შედეგად, ასევე, დადგინდა, ძირითადად რა დარღვევებს ვხვდებით საექიმო საქმიანობაში. პრაქტიკაში ყველაზე ხშირი აღმოჩნდა არასრულფასოვანი და არასწორი სამედიცინო მომსახურების გაწევა, არასწორი დიაგნოზის დასმა, არის შეცდომები ოპერაციების, მკურნალობის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარღვევები დიაგნოსტიკის მიმართულებით, ქართველ პაციენტებს აქვთ პრეტენზიები  ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან, როდესაც მათ უსვამენ არასწორ დიაგნოზს, რაც შემდგომში არასწორ მკურნალობასა და აქედან გამომდინარე, ფატალურ შედეგებსაც კი იწვევს.  

– თქვენი კვლევის მიხედვით,  გაზრდილია  სააგენტოს მხრიდან პაციენტებისგან შესულ განცხადებებზე რეაგირების ფაქტები, მათ შორის მკაცრი სანქცია – საექიმო ლიცენზიის შეჩერების შემთხვევებიც გაიზარდა. 

–  2017 წელს 361 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, აქედან 262 ექიმს მიეცა გაფრთხილება, ხოლო 99 ექიმს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება. გამოვლენილი დარღვევების გამო, სააგენტოს მიერ სამედიცინო დაწესებულების მიმართ გამოყენებულ იქნა საჯარიმო სანქცია, რამაც საერთო ჯამში 25 429 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ მიმართვიანობა ექიმების შეცდომებსა და გადაცდომებზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში, თუმცა ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, კონკრეტულად რა რაოდენობის განცხადება შევიდა სააგენტოში და რა ხარისხის გადაცდომებს მიუთითებდნენ პაციენტები.  ყურადღებას გავამახვილებ ექიმთა მხრიდან გადაცდომის ხარისხზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მედიცინაში არ არსებობს უმნიშვნელო გადაცდომა, რადგან ასეთი გადაცდომაც კი შეიძლება აღმოჩნდეს სარისკო ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის, ამიტომაც უმნიშვნელო გადაცდომაც კი მნიშვნელოვან რეაგირებას უნდა იმსახურებდეს სააგენტოსგან, თუ ამის შესახებ მათთვის კონკრეტულ შემთხვევაზე გახდა ცნობილი. სააგენტო უფლებამოსილია ექიმის გადაცდომაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება – მისცეს ექიმს გაფრთხილება ან შეუჩეროს ლიცენზია. საექიმო შეცდომის ხარისხიდან და მისგან დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, რაშიც, პირველ რიგში, სიცოცხლის მოსპობა იგულისხმება, ექიმს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც.

ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი პირდაპირ დგება იმ შემთხვევაში,  როდესაც სახეზეა ისეთი ტიპის არასწორი დიაგნოზი, როდესაც არ იყო ისეთი რთული ვითარება, რომ დაავადების დადგენა გართულებულიყო. 

  სამი თვეა, რაც 63 წლის გივი  ბუჟღულაშვილი კომურ მდგომარეობაშია, მისი დიაგნოზი მძიმეა – მამაკაცი ტვინის უჯრედების დამბლით მკურნალობას ინფექციურ  საავადმყოფოში გადის. პაციენტის მეუღლე დეა გოგოლაძე ამბობს, რომ  გივი ბუჟღულაშვილი ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზისა და  მკურნალობის მსხვერპლია. „ჩემი მეუღლე კლინიკა „ღია გულში“ 2018 წლის 26 იანვარს მოხვდა. დილის ათი საათი იყო, როცა შევატყვეთ, რომ  გივის საუბრის დროს ენა ებმოდა და საუბარიც შენელებული ჰქონდა, გამოვიძახეთ სასწრაფო სამედიცინო სამსახური. ჩემს მეუღლეს 2 წლის წინათ ინსულტი ჰქონდა გადატანილი, მცირედი გაჟონვა იყო. ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციის  კურსი გაიარა და თავს ძალიან კარგად გრძნობდა. საავადმყოფოში გაუკეთეს ანალიზები,  გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია. კვლევამ აჩვენა ორი წლის წინანდელი ინსულტის კვალი.  ცოტა ხანში წნევა დაურეგულირდა, რამდენიმე საათში პალატაშიც მოათავსეს, თუმცა სუნთქვა მაინც უჭირდა. წყალი მოითხოვა, მაშინ დავინახე, რომ გივის ცარცივით თეთრი ენა ჰქონდა, მაშინ არ მიფიქრია, ეს რისი ნიშანი იყო. წყლის ერთი ყლუპი მოსვა თუ არა, ორ წუთში, რაღაც კრუნჩხვის მსგავსი რეაქცია დაეწყო. გამოვიძახე ექიმები, აღმოჩნდა, წნევა ჰქონდა ძალიან მაღალი – 260, რის შემდეგაც ის ისევ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ზუსტად იმ დროს დახუჭა ჩემმა მეუღლემ  თვალები. ექვსი თვე გავიდა და თვალი აღარ გაუხელია. მე გივის რეანიმაციაში გადაყვანიდან 15 წუთში გამომიცხადეს, რომ კლინიკა დამეტოვებინა, რადგან ჩემი მეუღლის ნახვას ვეღარ შევძლებდი. პირველი პრობლემები „ღია გულის“ ექიმებთან კომუნიკაციის დროს შეგვექმნა. რამდენიმე საათი მეუღლის მდგომარეობის შესახებ არავინ არაფერს გვეუბნებოდა, ოჯახის წევრები ვიდექით კლინიკასთან, რომ როგორმე მისი მდგომარეობის შესახებ რამე  გაგვეგო, მაგრამ ტყუილად. სრულიად უყურადღებოდ ვიყავით დატოვებული, პასუხის გამცემი არავინ იყო.

– არ გქონდათ ინფორმაცია, რა იყო დიაგნოზი და რა მანიპულაციებს უკეთებდნენ?

– წარმოდგენა არ გვქონდა. ჩემმა შვილებმა ჩვენი გასაჭირის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს, რის შემდეგაც გამოგვეხმაურა ნაცნობი ექიმი, რომელიც საავადმყოფოდან ინფორმაციის გამოტანას დაგვპირდა. მისი მეშვეობით გავიგეთ, რომ  გივის მდგომარეობა იყო სტაბილური. მეორე დღეს, როდესაც საავადმყოფოში მივედით, ჩემი მეუღლე რეანიმაციულ განყოფილებაში დამხვდა საწოლზე დაბმული, სასუნთქი აპარატით, ვერც საუბრობდა, ვერც ხედავდა, ხელით მაჩვენებდა, რატომ ვერ გხედავო. ექიმის ნახვა მოვითხოვე, მორიგე ექიმმა მითხრა, რომ გივის ჰქონდა იშემიური ინსულტი, რომელიც კატეს გადაღების დროს არ გამოჩნდა. ექიმმა მითხრა, იშემიური ინსულტი მერე და მერე ავლენს თავის სიმპტომებსო. მე ექიმი არ ვარ და ვერ შევედავებოდი, ფაქტი იყო, რომ ჩემი მეუღლის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. რამდენიმე საათში  გავიგე, რომ საავადმყოფოში მოხვდა ჩემი ქმრის მეგობარიც, ვისთან ერთადაც გივი წინა დღეს სუფრაზე იყო. მათ ერთად მიიღეს დანდური,  ჩემი ქმრის მეგობარსაც იგივე სიმპტომები დაეწყო და წაიყვანეს  საავადმყოფოში. მას გაუგეს, რომ ჰქონდა ბოტულიზმი, დაუსვეს სწორი დიაგნოზი, დაუნიშნეს სწორი  მკურნალობა, რის შემდეგაც ის მდგომარეობიდან იოლად გამოვიდა.  მისთვის ბოტულიზმის დიაგნოზი, ჩემი ქმრისგან განსხვავებით, არ აღმოჩნდა ასე ფატალური – ის ერთ კვირაში გაწერეს საავადმყოფოდან.   

– რაში ადანაშაულებთ კლინიკა „ღია გულის“ პერსონალს?  

– მათ ჩემს ქმარს დაუსვეს არასწორი დიაგნოზი. მას შემდეგ, რაც მე საავადმყოფოში განვაცხადე, რომ შესაძლებელი იყო, ჩემს ქმარსაც ბოტულიზმი ჰქონოდა, დაინტერესდნენ ექიმები, რა ჰქონდა პაციენტს ნაჭამი. ამის შემდეგ დავიწყე ბრძოლა, რომ როგორმე ჩემი ქმარი ინფექციურ საავადმყოფოში გადამეყვანა. პარასკევი დღე იყო, „ღია გულში“ მითხრეს, ორშაბათამდე დატოვეთ, ორშაბათს კონსილიუმს მოვიწვევთ და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებასო. სანამ ჯანდაცვის სამინისტრო და ინფექციური საავადმყოფო არ ჩავრიე, პაციენტს არ მატანდნენ. კვირას, საღამოს, ძლივს წავიყვანეთ პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში. სამწუხაროდ, დაგვიანებული იყო, ბოტულიზმმა ორგანიზმი შეჭამა და მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა –  მეორე დღეს ჩემს მეუღლეს დაემართა კლინიკური სიკვდილი, რასაც მოჰყვა  ინსულტი და პაციენტი კომაში ჩავარდა.  

– თქვენ მიმართეთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რა დასკვნა დაიდო ამ სამსახურის მიერ? გამოიკვეთა თუ არა სამედიცინო პერსონალის ბრალეულობა? 

–  ჯერჯერობით დასკვნა არ დადებულა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ჩაატარა მოკვლევა და როგორც მაქვს ინფორმაცია, უახლოეს პერიოდში დაგვიკავშირდებიან და დასკვნას გაგვაცნობენ. ამ თვეებში ძალიან ბევრ ექიმს ვესაუბრე, არც ისინი არ მალავენ, რომ სახეზეა სამედიცინო შეცდომა.  როდესაც „ღია გულში“ დაინახეს, რომ კატეს კვლევის დროს გამოჩნდა   ძველი ინსულტის კვალი, ჩათვალეს, რომ ადგილი ჰქონდა მის განმეორებას და ჩემს ქმარს უმკურნალეს, როგორც ინსულტიანს. არც კი დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო, პაციენტი მოწამლული ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ენა ჰქონდა თეთრი და სხვა სიმპტომებიც აღენიშნებოდა. არც კი უკითხავთ, რა ჭამა. ექიმებმა შეცდომით დაიწყეს მკურნალობა, რაშიც დაგვაკარგვინეს სამი დღე, ამას  მოჰყვა მძიმე შედეგი. ბოტულიზმი იწვევს დამბლას, მაგრამ, თუ მკურნალობა არის სწორი და დროული, კვალს არ ტოვებს. ჩემი მეუღლის მკურნალობა ბოტულიზმის დიაგნოზით რომ დროულად დაწყებულიყო, ის ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. ეს მოხდა ექიმთა უყურადღებობის, დაბალი კვალიფიკაციის გამო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სხვა ტიპის დარღვევასთან გვქონდეს საქმე. ჩვენ,  ყველას, გაგვიგონია, რა ხდება ზოგიერთ კლინიკაში – ხშირად დღეების განმავლობაში ტოვებენ   პაციენტებს, რომ დაზღვევის თანხა ამოიღონ. ოჯახი ველოდებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნას და თუ ის არ იქნება ადეკვატური, სიმართლის დასადგენად სასამართლოში  წავალთ.   

 

 „პრაიმტაიმი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კლინიკა „ღია გულის“ ადმინისტრაციას დაუკავშირდა.  როგორც კლინიკის  აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მიქელთაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამ ინციდენტთან დაკავშირებით  განმარტებებს მას შემდეგ გააკეთებენ,   რაც ცნობილი გახდება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს  დასკვნა და თუ დადასტურდა საექიმო შეცდომა და გადაცდომა, შესაბამის ზომებს მიიღებენ. 

  სერგო ჩიხლაძე,  ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში: 

–  ბოლო  თვე-ნახევრის განმავლობაში სამი კონკრეტული ისტორია ვიცი, როცა ჩვენს კლინიკაში ადამიანებს დაუსვეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი და სამივე შემთხვევაში, ევროპულ ქვეყნებში ეს დიაგნოზები გაბათილდა, არანაირ სიმსივნეზე არ იყო საუბარი. თავი რომ დავანებოთ სტრესს, რასაც იღებს ადამიანი, როცა მას  სიმსივნის დიაგნოზის შესახებ აცნობებენ, რომ არ ჰქონოდათ ფინანსური რესურსი და არ წასულიყვნენ უცხოეთში, მათ დაუწყებდნენ მკურნალობას,  ქიმიოთერაპიულ კურსს, რასაც შეიძლება უფრო მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. ასეთი შემთხვევა ბევრია. უფრო მეტი, ვიდრე ოფიციალურად აღირიცხება. 

მიზეზი, რის გამოც ჩვენთან საექიმო შეცდომები ხშირია, არის ჯანდაცვის გაუმართავი სისტემა. ექიმი რომ შეცდომებისგან მეტად დაცული იყოს, ჩვენ უნდა გვქონდეს დიაგნოზის გადამოწმების, სხვა ექიმების ჩართულობის, პაციენტის  დიაგნოზისა და დანიშნულების წვდომის, ერთობლივი თანამშრომლობის, ონლაინ კონსულტირების პრაქტიკა. ელექტრონულ ჯანდაცვას ბევრი დადებითი თვისება აქვს, მათ შორის ესეცაა – როდესაც  რეგიონის ექიმს შეუძლია მიიღოს თუნდაც თბილისიდან უფრო გამოცდილი ექიმის ტელეკონსულტაცია, ეს ხომ პირველ რიგში, პაციენტს წაადგება რთულ მდგომარეობაში. ეს არის მექანიზმი, როდესაც სისტემა ეხმარება ექიმს, რაც უცხოეთში აქტიურად არის დანერგილი.   

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთგვარი კომერციული ინტერესებიც, რისი მაგალითებიც არსებობს.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გვაქვს შემთხვევების გაურგენტულება და სხვა გადაცდომები, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღონ კლინიკებმა, რაც პაციენტის ზურგზე მძიმედ გადადის. ერთი წლის წინათ განხორციელებული ცვლილებებით ბევრი ადამიანი მოიხსნა ამ პროგრამიდან, შემოსავლის დონიდან გამომდინარე. თუ ექიმი „გაბერავს“ თანხას გამოკვლევების ან წამლების ხარჯზე, პაციენტი იხდის იმაზე მეტს, რაც უნდა გადაეხადა.  პაციენტების მონათხრობით, არასწორი დიაგნოზები ხშირად ამ ვერსიის მიხედვით ვითარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ექთნების როლი. საქართველოში, ბოლო სტატისტიკით, ერთ ექიმზე ერთი ექთანიც კი არ მოდის, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ევროპულ ქვეყნებში სტანდარტით, ერთ ექიმზე ოთხი ექთანი მაინც უნდა მოდიოდეს. ექიმი ყველაფერს  თვითონ ხომ ვერ გააკეთებს, პაციენტთან ყველაზე დიდ დროს ატარებს ექთანი, რაც ჩვენთან არ ხდება. ექთნების სიმცირე ჩვენი ჯანდაცვის  სერიოზული ჩავარდნაა, რაზეც არავინ ზრუნავს. ჩვენი ექიმები სულ ჰაერში რომ დაფრინავდნენ, თუ მათ კარგი ექთნები არ ეყოლებათ, ხარისხიანი მუშაობა შეუძლებელია.  ჩვენთან ექთანს პაციენტი სანთლით ეძებს, ამიტომაცაა, რომ  დღეს ყველა საშუალო მედპერსონალის  უყურადღებობის შესახებ ჩივის. ეს პრობლემა საკმაოდ მოქმედებს მკურნალობის ხარისხზე. ოპერაცია შესაძლოა, ძალიან კარგად გაკეთდეს, მაგრამ შემდგომ სწორად მოვლა  გახდეს პრობლემა. უყურადღებობის ერთ-ერთი ფაქტორია ექიმების დატვირთულობა. ექიმები დაბალი ხელფასების გამო ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობენ, ან მუშაობენ ერთ კლინიკაში, მაგრამ კონვეიერული წესით. ეს განსაკუთრებით ეხება დიაგნოსტიკურ კვლევას. როცა ექიმმა იცის, რომ ერთი დღის განმავლობაში 55 პაციენტი ჰყავს ჩაწერილი, რა თქმა უნდა, ცდილობს, ძალიან მალე გაუშვას პაციენტი. მარტივ დიაგნოსტიკურ კვლევას თუ ავიღებთ, ექიმს  რვასაათიან სამუშაო დღეში საათში 6-7 პროცედურის ჩატარება უწევს, შესაბამისად, ერთ პაციენტს 7 წუთზე მეტ დროს ვერ  დაუთმობს. ან როგორც პირველ და მეორე პაციენტს მოემსახურება ექიმი, იგივე ხარისხით მიხედავს ორმოცდამეათე პაციენტს? 7 წუთს რომ დაუთმობ პაციენტს, კომუნიკაციაზე აღარ არის საუბარი, იმის დროც არ აქვს, პაციენტმა რამე ჰკითხოს. ეს არის კლინიკების ცუდი მენეჯმენტის შედეგი, რაც ექიმის მუშაობის ხარისხზეც აისახება და, შესაბამისად, დაშვებული შეცდომების ალბათობაზეც.