სააკაშვილის პოლიტიკური სათამაშოები - რითი აძლიერებს მაჭუტაძე ან ბურჭულაძე გრიგოლ ვაშაძეს

13:28 07-18-2018
517

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

ალბათ პირველად, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდნეტო შოუში სიმბოლოებზე მეტი ფარსი და ილუზია იყო; ალბათ პირველად, რეალური და გავლენიანი ფიგურების ნაცვლად მათ სცენა ილუზიონისტებს დაუთმეს; და ალბათ პირველად, ელექტორატს კითხვები უფრო მეტი გაუჩნდა, ვიდრე პასუხი მიიღო.

ამ ღონისძიების მთელი აკრადაბაკრა მთავარი ილუზიონისტი თაკო ჩარკვიანი იყო. მან ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა და თან მუდმივად იმეორებდა: ის არ არის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ის გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენსო...

„ეს არა არის პარტიული არჩევნები, ეს არის ინდივიდუალური პიროვნების არჩევა. ეს ინსტიტუცია [საუბარია საპრეზიდენტო ინსტიტუტზე] როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიციურმა ძალამ.“

საპრეზიდენტო ინსტიტუტის ხელში ჩასაგდება მან გრიგოლ ვაშაძეს დაავალა. თუმცა, თავის სიტყვაში არ უთქვამს რომ ის ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრიც არის.

_ მე ვაძლევ ხმას უბრწყინვალეს პიროვნებას, უმაღლესი რანგის დიპლომატს, გრიგოლ ვაშაძეს.... პრეზიდენტი უნდა გახდეს გრიგოლ ვაშაძე, სტაბილური პიროვნება, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი...

შემდეგ კი მან დაამატა ფრაზა, რომელიც ჯერ ვერავინ ამოხსნა:

_ თუ რაიმე პრეტენზია მქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს იყო ის, რომ ახალგაზრდულ ასაკს ახლავს სიხისტე, სისასტიკეც და ეს იყო შეცდომა. გრიგოლ ვაშაძეს ზუსტად ის თვისებები აქვს, რის გამოც მე ვეწინააღმდეგებოდი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვღელავდი.

გაუგებარია, ისევე როგორც ილუზიონისტების „ტრიუკებში“ ბევრი რამ...

თუმცა, მთავარი ილუზიური „ტრიუკი“ მაინც ის იყო რომ თითოეული გამომსვლელი გვიმტკიცებდა: ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი აპოლიტიკური ფიგურაა და ის გაერთიანებულმა ოპოზიციამ აირჩიაო...

გაერთიანებულ ოპოზიციაში "ძალა ერთობაშია" შედიან: „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; "ახალი საქართველო" - გიორგი ვაშაძე; "საქართველო ლიდერთა შორის" - მამუკა გამყრელიძე; "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" - პაატა დავითაია.

ისევ და ისევ მთელი აბრადაკაბრა აქ ის არის რომ სინამდვილეში ამ ათში მხოლოდ ერთია პარტია - ნაციონალური მოძრაობა, დანარჩენი სააკაშვილის  პოლიტიკური სათამაშოები არიან, ძირითადად ესეა. რა თქმა, უნდა მათი მთავარი ინტერესი ფინანსებია.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს გაერთიანების მიზანი ან საბაბი მთავარი შეკთხვა მაინც სულ სხვა. საინტერესოა რატომ მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობა რომ ან მურმნ დუმბაძე, ან ბაჩუკი ქარდავა, ან ნიკა მაჭუტაძე რაიმე ძალაა? რაში სჭირდება ეს ფიგურები გრიგოლ ვაშაძეს?

თუმცა, ილუზიონისტის „ტრიუკი“ ხომ გაუგებარი უნდა დარჩეს? მაგრამ, ის მაშინ არის ეფექტური და შედეგიანი, როცა აღგაფრთოვანებს და ემოციაში მოჰყავხარ, როცა გაბნევს, მაშინ შეიძლება, უკურეაქციაც მიიღო. ამ შემთხვევაში კი ელექტორატი დააბნიო.

გაუგებარია, მაგალითად, რატომ უნდა მიიწვიო ასეთი მნიშვნელობის პრეზენტაციაზე პაატა ბურჭულაძე. მის მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს  საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ ფინანსების მითვისება-გაფლანგვის კუთხით; ამის გარდა, დიდი ხმაურით და სკანდალით დასრულდა მისი როგორც პოლიტიკოსის საარჩევნო რინგზე შემორბენაც. შეიძლება ითქვას, რომ ის გირჩებს გაერთიანებაში სოლიდურ თანხებს სძალავდა. ამიტომაც, დაასრულა ეს რინგი სრული კრახით.

სრულიად მოულოდნელი იყო მურმან დუმბაძის გამოჩენაც. სააკაშვლის პრეზიდენტობის დროს ის ამბობდა:

„პრეზიდენტი გვყავს იმ დღეში, "გიჟის ხალათი" უნდა ჩააცვა სასწრაფოდ. მიშა ცალკე პალატაში გვეყოლება. ხომ არიან ფსიქიკურად აშლილი ადამიანები, დიდი პიროვნებები რომ ჰგონიათ თავი-ზოგი ნაპოლეონია, ზოგი-ჰანიბალი. აი, მიშასაც ალექსანდრე მაკედონელისა და იულიუს კეისრის გვერდით პალატაში მივუჩენთ ადგილს, თავი მაინც დავით აღმაშენებელი ჰგონია.“

ახსოვს სხვა ფრაზაც:

„ვინც არჩევნებზე მარჯვენა ხელით ხუთიანს მოხაზავს ბიულეტენში, მას კიბო გაუჩნდება, ვინც მარცხენათი - ხელი გაუხმება“

"იმდენი სისულელე მაქვს გაკეთებული ცხოვრებაში, თქვენ თუ გგონიათ ჭკვიანი ვარ - ძალიან ცდებით“

ამიტომაც, ახლა სააკაშვილის მომხრეებს შორის მისი ლამის ტრიუმფატორული გამოჩენა ნამდვილი შოკი იყო.

არანაკლებია ნიკა მაჭუტაძე, რომელსაც მეგობარმა გოგონამ უჩივლა. საქმე ის გახლავთ, რომ ბატონი მაჭუტაძე თავის მეგობარ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გასაჯაროებით აშანტაჟებდა. ქალბატონმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე უკვე აღიძრა.

აღარაფერს ვამბობ ტრადიციულად მოსიარულე პოლიტიკურ ვაჭრებზე, მაგალთად, ბაჩუკი ქარდავაზე, რომელიც კულისებში პრორუსულ ძალებსაც და პროდასავლურ პარტიებსაც ეკეკლუცება. გამოდის რომ იქ რჩება, სადაც უფრო მიმზიდველად უხდიან? ლოგიკურად ასეა. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესები იმდენად მსხვილ შავ ხვრელებს ტოვებს, რომ ნაციონალები ერთუჯრედიანი პარტიების დაკმაყოფილებას ახერხებენ, ყველა კმაყოფილია.

თუმცა, ილუზიონისტები ამჯერად იმდენად მოიკოჭლებენ, რომ მთავარი ნომერი ვერ შედგა. ხალხი ამ ერთობამ ძალიან დააბნია და გააკვირვა.